მიქელანჯელოს „ხალხის ძნელბედობა“
13:30:19     06-03-2012
1475 წლის 6 მარტს დაიბადა მიქელანჯელო...
რამდენიმე ხნის წინ ჩვენს მკითხველს შევთავაზეთ მოქელანჯელოს რამდენიმე ლექსი ვიქტორია (ვიტორია) კოლონასადმი. დღეს გვინდა მისი კიდევ ერთი ლექსი „ხალხის ძნელბედობა“ შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს, რომელიც თარგმნა აკაკი გელოვანმა.
ლექსს ახლავს მთარგმნელის კომენტარი. აკაკი გელოვანი წერს: „ამ კლასიკურ სატირაში დიდი მხატვარი და პოეტი გულისხმობს პაპსა და მის შვიდ საეკლესიო ორდენს. ბუმბერაზის მეუღლე - პაპის ეკლესია“.
ლექსი საინტერესოა. წარმოგვიდგენს დიდი შემოქმედის დამოკიდებულებას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელისადმი, რომელიც ძალიან დიდ ძალაუფლებასა და გავლენას ფლობდა და რაც მთავარია, როგორც წარმოგვიდგენს მიქელანჯელო, დიდი წარმოდგენისა იყო პაპის ძალაუფლებაზე და შესაძლებლობებზე: ”მის თვალთა მზერა არასოდეს დახრილა დაბლა“. თუმცა, ვითარება თანდათან იცვლებოდა... თვითონ კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებან ბევრი რამისადმი, დიდწილად განსაზღვრა პროტესტანტიზმის წარმოშობა...
მოკლედ გავიხსენოთ მიქელანჯელოს ბიოგრაფია:
დაიბადა ქალაქ კაპრეზში, ფლორენციის მახლობლად. მამამისი ქალაქის თავი ყოფილა. მამას, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა შვილის კარიერასთან დაკავშირებით, თუმცა 13 წლის ასაკში მიქელანჯელომ მუშაობა დაიწყო დომენიკო გირლანდაის სახელოსნოში, ასისტენტად.
სამი წლის მანძილზე სწავლობდა ფრესკის წერის ხელოვნებას. რაც სიყმაწვილეშივე ძალიან კარგად გამოსდიოდა.
გირლანდაოს რეკომენდაციით 1490-1492 წლებში მიქელანჯელო მუშაობდა და თან სწავლობდა ფლორენციის მმართველის ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდში მან შექმნა "კენტავრების ბრძოლა", "მადონა კიბესთან".
ლორენცო მედიჩის გარდაცვალების მერე მიქელანჯელოს მოუწია ვილადან წასვლა. ის ბოლონიაში გადავიდა ალდოვრანდების ოჯახის წარმომადგენელთან და მიიღო რამდენიმე ქანდაკების შეკვეთა, რომლებიც შესანიშნავად შეასრულა. მან ისწავლა ასევე ბერტოლდ დი ჯოვანისთან. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯოტოს, დონატელოსა და სხვების ნამუშევრებმა. განსაკუთრებით ანტიკური ხანის ქანდაკებამ.
ჯერ კიდევ სიყმაწვილიდან მის შემოქმედებაში გამოიკვეთა დიდი ოსტატობა, მონუმენტურობა, პლასტიკა, შინაგანი დაძაბულობა და დრამატიზმი. ის გატაცებულია ადამიანით, სამყაროთი.
ხელოვნება აზროვნების განვითარებისა და ნააზრევის გადმოცემის საშუალებაა. აღორძინების ხანამ უკან ჩამოიტოვა სქემატიზმი, დოგმატიზმი, ჩარჩოები, რომელშიც ვერ დაეტეოდა ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი. ბუნებრიობა, ადამიანურობა, აზროვნება, განვითარება, გარესამყარო. ეს გახდა აღორძინების ხანის მოაზროვნეთა მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი. ოპტიკისა და გეომეტრიის კანონების შესწავლით ხელოვნება კიდევ უფრო წინ წავიდა და სამი განზომილების გადმოცემა შეძლო მხატვრობამ.
დიდი მოაზროვნეების დამსახურებას არ ჩამოუვარდება მიქელანჯელოს, ლეონადრო და ვინჩისა და ალბრეხტ დიურერის ნაწარმოებები. მათში წარმოდგენილი სამყაროსა და ადამიანის ცოდნა კი დიდი სამეცნიერო მიღწევების ტოლფასია.
ხალხის ძნელბედობა
(თარგმნა აკაკი გელოვანმა)
არის მაღალი ბუმბერაზი ერთი რამ დიდი,
მის თვალთა მზერა არასოდეს დახრილა დაბლა.
დაბა-ქალაქებს ანგრევს, თუ ჰკრა უბრალოდ თითი...
ქვეყნიერება მის ფერხთა ქვეშ განრთხმულა მდაბლად,
და მზეს უსწორებს ციხე-კოშკებს, ამაყი, მშვიდი,
ცა ქუდათ ჰხურავს, დედამიწა ეშლება ტაბლად,
მაგრამ მზის სხივებს ვერა ხედავს, - ბუმბერაზია,
ცალი თვალი აქვს და ჯაგარი ტანზე ასხია.
დედამიწაზე სუფევს მისთვის მხოლოდ წარსული
და აუღია ვარსკვლავეთსი თავი ზვიადი,
ორ დღის სავალზე ტლანქი კანით შემოგარსული
ჩანს ორი დიდი ფეხი, მძიმე, ვითა წყვდიადი.
მასთან ვერ აღწევს საუკუნე, ვერა სავსებით -
ვერც ზაფხულისა და ვერც ზამთრის ძალუმი ტალღა;
და როს გარშემო ეხვევიან მისი მსგავსები,
მთას ფეხის დაკვრით ვაკედ აქცევს, სინათლეს - თალხად.
მიდის დევკაცი, მიაბიჯებს მწვერვალთა თავზე,
მთა იძვრის, ვითა ფერხთა ქვეშე მარცვალი ქვიშის,
და არის მისი სქელი კანი მხეცებით სავსე,
უცხო ცხოველთა საარაკო სამყაროს გვიშლის:
იქ ბუზისტოლა ჩანს ვეშაპი... და მიდის ასე,
შემდეგ ღონდება, ზღვა უდგება თვალებში ნისლის,
წვალობს, ნამსხვრევებს აყრის სახეს სასტიკი ქარი,
მტვერსა და კვამლში გადმოსკდება ცრემლების ღვარი.
ჰყავს ერთი ზანტი ბუმბერაზი, ბებერი ქალი,
აწოვებს ძუძუს, ანებივრებს ამ ურჩხულს მარად,
კვებავს, ამხნევებს, აძლიერებს, გლისპი და მყრალი,
მის აღვირახსნილ მძვინვარებას უდგება ფარად,
მერე შორდება, კლდოვან მთებში ბრუნდება მწყრალი,
ვიწრო მღვიმეში ბინავდება, დაღლილი ბარად.
და ის დევკაცი თავს აფარებს საზარელ ღამეს,
ხალხი მშიერი ფუჭი ფიქრით ვერ გაახარეს.
ფერწასულს, ყვითელს, ორსულ დიაცს მუცელზე მარად
თავის ბატონის ნიშანი აქვს ამოკვეთილი.
სხვათ წამება მათ უხდებათ, სიამე ჰზარავთ,
შთანთქა იმ ქალმა ყოველივე სათნო, კეთილი.
აღვირახსნილის გზაზე სისხლი იქცევა ღვარად.
სძულს თვითონ თავი, ქვეყანაში გამოწყვეტილი.
ქვის გული აქვს და რკინის ხელი, მოსწონს ბნელეთი.
მისმა სტომაქმა მოინელა მთელი ხმელეთი.
შვიდი შვილი ჰყავს, დავლა უყვართ ნადავლიანებს
და პოლუსიდან პოლუსამდე დაძრწიან ხარბად,
ჭამენ, დევნიან, ყველგან კეთილ ადამიანებს,
სხვისთვის სამსალას ამზადებენ, თავისთვის შარბათს.
თვით ჯოჯოხეთი ფარავს ხროვას, არ ახმიანებს,
აღებს და ხურავს მისთვის კარებს, დაბურულთ შავად,
და ჩვენ გვახრჩობენ ნაწილ-ნაწილ მათი სახსრები,
როგორც ფათალო ფარავს კედლის ლოდებს სავსებით.