ანა ახმატოვა - გაწამებული პოეტი

  13:29:04     06-03-2012

1966 წლის 5 მარტს გარდაიცვალა დიდი რუსი პოეტი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი და მთარგმნელი ანა ახმატოვა (А́нна Андре́евна Ахма́това). მისი ქალიშვილობის გვარია გორენკო (Го́ренко).

ანა ახმატოვა დედის მხრიდან თავს თვლიდა დიდი ურდოს ყაენის - აჰმადის შთამომავლად. აქედანაა მისი ფსევდონიმიც - ახმატოვა. დიდი ურდო შეიქმნა ოქროს ურდოს დაშლის შედეგად მეთხუთმეტე საუკუნეში.

ანა ახმატოვას რთული ცხოვრება ჰქონდა. მისი ყოფილი მეუღლე, პოეტი, კრიტიკოსი და ოფიცერი ნოკოლოზ გუმილიოვი დახვრიტეს 1921 წელს. სხვათა შორის, ნიკოლოზ გუმილიოვმა ბავშვობის რამდენიმე წელი ტფილისში გაატარა. ის და ანა ახმატოვა დაქორწინებული იყვნენ 1910-1918 წლებში. მეორე მეუღლე ნიკოლოზ პუნინი, 1930-იან წლებში სამჯერ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკების მიერ. გარდაიცვალა 1953 წელს გადასახლებაში. ანა ახმატოვას ერთადერთი ვაჟი ლევ გუმილიოვი არა ერთგზის იყო დაპატიმრებული და გადასახლებული 1930-1950-იან წლებში. მან პატიმრობაში გაატარა 10 წელზე მეტი. ანა ახმატოვას პოემა „რექვიემი“ ამ მოვლენებითაა შთაგონებული.

ის ცხოვრებაშივე რუსული ლიტერატურის კლასიკოსად ითვლებოდა. თუმცა ბოლშევიკები პიორადადაც არ სწყალობდნენ მას და დიდ წნეხს განიცდიდა მათ მხრიდან. 1946 წელს მის შესახებ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმაც კი „იმსჯელა“.

მომავალი პოეტი დაიბადა 1889 წლის 11 (ახალი სტილით 23) ივნისს ოდესაში.

პოეტის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1911 წელს. მისი პირველი ლექსების კრებული „საღამო“ გამოქვეყნდა 1912 წელს. 1914 წელს გამოვიდა მისი წიგნები  „კრიალოსანი" (1914), "თეთრი გუნდი" (1917).

1922 წლიდან, როგორც აღვნიშნეთ, ანა ახმატოვას წიგნები ცენზურის მკაცრი თვალით მოწმდებოდა და ბევრი რამ რა თქმა უნდა, არარ ქვეყნდებოდა. 1964 წლამდე საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში წასვლა ეკრძალებოდა.

მასთან არა ერთ ქართველ ხელოვანს ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა.

* * *  

(თარგმანა ლელა მეტრეველმა)

გული გულზე მიჯაჭვული არ გეგონოს,
შეგიძლია დამტოვო,
ბედნიერი ის იქნება ალბათ მხოლოდ,
ვინც წარსულზე არ გლოვობს.

არა ვჩივი, დამრჩენია მხოლოდ ლოცვა,
ლოცვა სასომიხდილი,
დავიღალე, აღარ მინდა შენი კოცნა,
აწ მაკოცებს სიკვდილი.

შევუწყვილე ზამთრის დღეებს მწარე დარდი,
დარდი, ჩემთვის ჩვეული,
რატომა ხარ, რატომა ხარ უფრო კარგი,
ვიდრე ჩემი რჩეული?.

წარსულს მიამბობს მუხა ბებერი

(თარგმნა ნინო დარბაისელმა)

წარსულს მიამბობს მუხა ბებერი
და მთვარის შუქი გაწვა ნებივრად.
შენს ღვთიურ ბაგეს მე ოცნებებით
ჯერ არასოდეს არ შევხებივარ.

იისფერ ჩადრში – შუბლი ფერმკრთალი.
ისევ ჩემთან ხარ, ჩუმი, სნეული.
ხსოვნა ხელების, ნაზად ნათალის
თითებს მითრთოლებს ანაზდეულად.

დუმილში მძიმე გავლიე წლები.
შეხვედრის ჟინი ვით არ მახსოვდეს
და რახანია პასუხსაც ვხვდები:
ეს, მე მიყვარხარ. შენ – არასოდეს.

* * *

(თარგმნა  ლელა მეტრეველმა)

მოკლე და მკვეთრი მისი სახელი
მესმის. მუხლები მეკვეთებიან,
ხოლო თვალები ღამენათევი,
შეგვიბრალეო, მევედრებიან.

დავხეტიალობ. ბილიკს დავეძებ
მოჭრილ მორებში, მინდვრებზე, ხნულზე,
ნიავს კი ახლავს ის სურნელება,
როგორც სჩვევია მას გაზაფხულზე.

აღარ მიდგება გული საგულეს,
ფიქრით დავყვები შორეულ გზებზე:
ის ცოცხალია, ის მხიარულობს,
ის ბედავს, სულაც არ წუხდეს ჩემზე..

* * *

(თარგმნა   ვასილ გულეურმა)

ვცხოვრობ, საათში როგორც გუგული,
არა მშურს ტყეში ფრინველთ ჟღურტულის.
ვიძახი გუ-გუს - ბედს არა ვყვედრი,
მაგრამ, იცოდე, ასეთი ხვედრი
მსურს იყოს მხოლოდ
ჩემი მტრის ბოლო..

* * *

(თარგმნა   ვასილ გულეურმა)

თუკი მოვუხმობ, როგორც მჩვევია,
ძვირფას მეგობრებს, ბედნიერ წარსულს,
მე ამ უცნაურ გადაძახილში
მხოლოდ სიჩუმე თუ მაძლევს პასუხს.