
ზურაბ ბიგვავა: მე, სმა ეხლა კი არ დავიწყე, ბავშვობიდან ვსვამ და ლოთი ვარ
14:27:23     05-03-2012
ვის დაკრულზე დადის ბიძინა ივანიშვილი? დილას „რესპუბლიკელების“, შუადღეს -ალასანიას და საღამოს - „ჩემი ეკასი“. ფაქტია, რომ ივანიშვილიც ზუსტად იმავე ახლობლურ-ნათესაური პრინციპებით ხელმძღვანელობს პოსტებზე დანიშვნის დროს, რასაც თავად უწუნებს სხვას. ივანიშვილის გარემოცვაში კი „პერეტრუბაციებს“ ალასანია ლობირებს. ჯერ იყო და მისი ცოლისდა დაინიშნა „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურის უფროსად, ახლა კი „მეცხრე არხის“ საიფნორმაციო სამსახურის უფროსად ალასანიას პარტიის პრეს-სამსახურის უფროსს ვაკო ავალიანს ნიშნავენ.
როგორ აფასებენ ივანიშვილის კარზე ალასანიას გარემოცვის გაძლიერებას და ბიზნესმენის აკვიატებულ უნდობლობას გარემოცვისადმი, ბიძინასგან „ამოკვიატებულთაგან“ ერთ-ერთს, ზურაბ ბიგვავას დავუკავშირდით:
- ბატონო ზურაბ, ,,მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ვაკო ავალიანი ინიშნება. ჯერ იყო და ალასანიას ცოლისდა ,,ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურის უფროსად მოგევლინათ... ახლა - ავალიანი. მოგწონთ თქვენ ეს ნეპოტიზმი და თანამდებობებზე დანიშვნა ახლობლურ-ნათესაური ნიშნით?
- რატო ნეპოტიზმის ნიშნით? ავალიანი ხო ნათესავი არაა, სპეციალისტია, რომელიც კარგად ერკვევა ამ საკითხებში. მე არ ვიცი, დანიშნეს თუ არა, მაგრამ თუ დანიშნეს, ძალიან კარგი უქნიათ. ვაკო თავიანი, ძალიან ისეთია, ნიჭიერი და მცოდნე ბიჭია.
- კი, მაგრამ მხოლოდ ალასანიას გარემოცვა ყველა საკვანძო პოსტებზე... სამაგიეროდ, სხვები ჩააჩოჩეს, თქვენ აღარ ჩანხართ, სმაც კი დაგიწყიათ ამის გამო, რომ ჩაგაჩოჩეს..
- მე, სმა ეხლა კი არ დავიწყე, ბავშვობიდან ვსვამ და ლოთი ვარ... ეგ არ იცოდით თქვენ?
- არა, ლოთი თუ იყავით არ ვიცოდით...
- შეგიძლიათ დაწეროთ, ბავშვობიდან ვსვამ.
- ბატონო ზურაბ, არ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს აკვიატებული შიშები გარემოცვასთან დაკავშირებით და მასზე გავლენას ახდენენ კონკრეტული ადამიანები?
- რა გითხრათ ახლა? მსგავსი ნეპოტიზმის ნიშნები და აკვიატებული, როგორც თქვენ თქვით, შიშები ნამდვილად არაა აქ... თქვენ საიდან იცით ეგეთი ტერმინები ფსიქოლოგი ხართ თუ ფსიქიატრი?
- არც ივანიშვილია ფსიქოანალიტიკოსი, მაგრამ პირდაპირ ეთერში საათნახევარი ფროიდს არჩევდა...
- ძალიან კარგია მერე ეს, ჩემზე კარგად ერკვევა მაგ საკითხებში, ჩემზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული, არ შეიძლება კარგად იცოდეს? ეგ ძალიან კარგია და სასიკეთოა. გასაგებია, თქვენი პათოსი, მადლობა რომ დამირეკეთ, ნახვამდის.