
ბიძინას შიშები „მეცხრე არხთან“ დაკავშირებით...
12:59:37     05-03-2012
ამ წუთებში „პრესა.ჯი“–სთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ტელევიზიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური იქნება. კახა ბექაური ჟურნალისტ ეკა ბერიძის მეუღლეა. მანამდე, ის ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი იყო.
ბექაურის გენერალურ დირექტორობაზე ინფორმაცია „პრესა.ჯი“–ს უკვე დაუდასტურა ივანიშვილის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძეს ჩვენთან საუბარში არც „პრესა.ჯი“–ს ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი დაუფარავს.
ოლიგარქის გარემოცვისთვის რომ „პრესა.ჯი“ თავისტკივილია, ეს არავისთვის არის ახალი, მაგრამ დიპლომატი ფანჯიკიძისგან ასეთი შინაარსის ტექსტი ჩვენთვის მაინც მოულოდნელობა იყო.
„მე არ ვარ მეცხრე არხის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი. ამიტომ, რა ხდება ტელევიზიაში ვერ გეტყვით. ერთი ვიცი, რომ არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური იქნება. ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაა „ინტერპრესნიუსის“ ოფისში და დიდ იმედს ვიტოვებ, იქ შეგიშვებენ“ – ბრძანა ირონიით დიპლომატმა ფანჯიკიძემ.
„მეცხრე არხის“ დირექტორი ლაშა შონია იყო. თუმცა ორი კვირაა ის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. დირექტორს, არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ხუნდაძეც მიაყოლეს. ხუნდაძის ადგილს კი, ირაკლი ალასანიას პრეს-სპიკერი და ყოფილი ჟურნალისტი ვაკო ავალიანი დაიკავებს.
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას, რომ ეჭვის თვალით უყურებს, ეს არავისთვის არის სიახლე. ოლიგარქს მის გარშემო ყველა „დავერბოვკებული“ და შეგზავნილი ჰგონია. ამის გამო, არ არის გამორიცხული, ის მარტო დარჩეს.
ოლიგარქი, თავის ყველა სიტყვაში ხასზ უსვამს იმას, რომ ადამიანების გამოცნობა შეუძლია. თუმცა ეს რომ ასე იყოს, აღარ ექნებოდა ის თავსატეხი, რაც მის შუშის სასახლესა და ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ ხდება.
ოლიგარქი, მეუღლესთან შეთანხმებით, პირადად აკონტროლებს ტელევიზიაში კადრებს. „მეცხრე არხში“ მწვანე შუქი აქვთ მათ, ვისაც კოალიციის პარტიის ლიდერები და ირაკლი ტრიპოლსკი ლობირებენ.
კიდევ ერთი ინტრიგა, „მეცხრე არხში“ ჟურნალისტები წამყვანობისთვის ერთმანეთს „სჭამენ“. ამ დროისთვის გარკვეულია, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ნუგზარ ხავთასი და ნათია ლაზაშვილი წაიყვანენ, თუმცა მათი ადგილის დაკავებას სხვა ჟურნალისტებიც ცდილობენ.
ჟურნალისტურ წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვახო სანაია, რომელიც ასევე აპირებს „მეცხრე არხთან“ თანამშრომლობას საავტორო გადაცემას წაიყვანს. გოგი ახალკაცი კი, თოქ შოუს გააკეთებს. ტელევიზიის შიდა ეთერი რამდენიმე დღეში უნდა ჩაირთოს, მაუწყებლობა კი მიმდინარე თვის ბოლოსთვის იგეგმება.
თუმცა, შესაძლოა ამ თარიღმა კვლავ გადაიწიოს. მართალია ბიზნესმენის პრესსამდივნო, ეთერში გასვლის დაგვიანებას, აპარატურის დაზიანებას მიაწერს, მაგრამ რეალობა ასეთია. „მეცხრე არხში“ ჟურნალისტები და ხელმძღვანელი პირები ადგილებს ვერ იყოფენ, ოლიგარქს კი ყველა „დავერბოვკებული“ ეჩვენება და მათ დაკვირვებაში დროს კარგავს.