თამაზ ჭილაძის დაბადების დღე
12:05:14     05-03-2012
1931 წლის 5 მარტს ქალაქ სიღნაღში დაიბადა ცნობილი პოეტი, მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე.
სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ ასპირანტურაში.
პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა. მისი პირველი კრებული „ლექსები“ გამოიცა 1956 წელს. შემდეგ გამოვიდა მისი პოეტური კრებულები: “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”. „შუადღე” (1963), “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე” (რომანი, 1965), “თეთრი კვამლი” (1967), “აჰა, მიიწურა ზამთარი” (რომანი, 1967), “მდგმურები” (1971), “აუზი” (1972), ”წერო”, “პოსეიდონის სასახლე”, “კაქტუსის ბაღი”, “ბრეიგელის მთვარე’’; პიესები: ”სურათები საოჯახო ალბომიდან”, ‘’თავფარავნელის ბალადა”, “ბუდე მეცხრე სართულზე”, “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის’’, “არაბეთის სურნელოვანი ბალახები”, “ნადირობის სეზონი’”, “მშვიდობით ლომერა”, ‘’ნახვის დღე’’, ‘’ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”; ესეები და ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის ‘’შუშანიკის წამება’”, ‘’რუსთაველი,’’ “წინასწარმეტყველი” (ილია), “აკაკი წერეთლის პოეზია”,’ნიკოლოზ ბარათაშვილი”, ‘’ვაჟა-ფშაველა’’, ‘’გიორგი ლეონიძე”, “გალაკტიონ ტაბიძე“,”რობერტ სტურუა’’, „დავით კაკაბაძე”, “ნიკო ფიროსმანაშვილი“, “მესამე ზარი”…
თამაზ ჭილაძე მუშაობდა ჟურნალ "ცისკარში" განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის სახელმწიფო პრემიების კომიტეტში პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" - მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში მოღვაწეობდა გამგეობის მდივნად (1981-1987); 1991 წლიდან გახდა პროფესორი საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში; 1997 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორი.
თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის, სახელმწიფო, ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. დაჯილდოვებულია “ივანე ჯავახიშვილის მედლით უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის.” 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის "სამოთხის კვარტეტი.
1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტად დაასახელა. 1982 წლიდან თამაზ ჭილაძის სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში, აგრეთვე ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში (ბელგია).
თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბიულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად. მისი პიესები იდგმება თეატრებში, როგორც ჩვენში, აგრეთვე საზღვარგარეთ.
ვულოცავთ ბატონ თამაზს დაბადების დღეს, ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეs, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!
* * *
ათი წელი გაილია, გაქრა,
ათი - ავდრის ღრუბელივით წელი,
მესიზმრება ბიჭვინთა და გაგრა,
მტკივა, როგორც მოკვეთილი ხელი.
თითქოს მათი კვნესა მესმის შორით,
თითქოს მათი სუნთქვა მოაქვს ნიავს
და ზღვის პირას, ჩემი სულის სწორი,
ფრთაშეჭრილი ანგელოზი გდია....
თუმცა ისევ ძგერს..
თუმცა ისევ ძგერს, მაგრამ მკერდში აღარ ეტევა
გული -
ამქვეყნად აღარაფრის რომ აღარ სჯერა
და ჰგავს წინასწარ განწირული რაზმის შეტევას
მისი ამაო გაბრძოლება, იმედი, რწმენა.
გაქცევას ცდილობს _
ვინ ეძახის, ვისი აჩრდილი,
ან ვინ უღვიძებს მინავლებულ ცეცხლსა თუ ვნებას?
ვით მეომარი, ვერაგულად ზურგში დაჭრილი,
გაწბილებული,
ნირწამხდარი,
ღიმილით კვდება...
იღება თოვლის საკანი.
იღება თოვლის საკანი,
ისევ წყალობით ღმერთის
და ჰა, აპრილის აკვარელს
ცვლის საღებავი ზეთის,
ზაფხული დარდის ნაკვალევს
ამსგავსებს მრავალწერტილს...
ისე თავდება ცხოვრება,
ვერ მოიცალე ჩემთვის...
* * *
ახატავენ ვარსკვლავები
ცის კრიალა ტიხარს
შემოჯარულს ირგვლივ
ათასნაირ ნიღაბს,
საქორწილო გვირგვინს,
საწამლავის ჭიქას,
აყვავებულ აკაციას -
თეთრპერანგა მხედარს...
სარკმელთან დგას დედა
და ყველაფერს ხედავ,
ვინა ხარ და რა კაცი ხარ...
ცაზე ყვავის აკაცია...
* * *
დე, ნუ შეგაკრთობთ ჩემი წერილი,
ცოცხალ ტკივილით მწარედ მბორგავი,
ხან ვით ხანჯალი, ყელს მობჯენილი,
ხან ეკლიანი ცრემლის გორგალი.
დე, ნუ შეგაკრთობთ ჩემი წერილი,
ლექსი - სისხლის ჯვრით გადასერილი,
დე, ნუ იქნებით მკაცრი მსაჯული,
თქვენ წინაშეა თქვენგან ტანჯული,
მსხვერპლი, სიკვდილით გადარჩენილი.
არ დამცდენია არც ერთი სიტყვა,
არც სინანულის, არც სამდურავის
და თუკი ღმერთი ჩემს ამბავს გკითხავთ,
ნუ გაამტყუნებთ ღმერთთან ნურავის...