ბერეზოვსკი: პუტინი ბანდიტია და ხელები სისხლში აქვს გასვრილი

  15:41:33     03-03-2012

ვლადიმერ პუტინი არ დათმობს ძალაუფლებას, როგორც ეს თავის დროზე ლეონიდ კუჩმამ გააკეთა. კუჩმასაგან განსხვავებით პუტინი „სუფთა ბანდიტია“ - ამბობს ბერეზოვსკი. “პუტინი პასუხისმგებელია 1999 წელს სახლების აფეთქებაზე, ჩეჩნეთის მეორე ომზე, ბესლანზე, „ნორდ-ოსტზე“, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, „ფსბ“-ს ექს-პოლკოვნკის ლიტვინენკოს მკვლელობაზე და იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი იძულებულია დატოვოს ქვეყანა“ - ამბობს ბერეზოვსკი და ძალოვნების მისამართით გამოთქვამს იმედს, რომ ისინი გონიერებას გამოიჩენენ:

„განა რამდენნი არიან ისინი, ვინც მის მხარეს იბრძოლებს? ვინ შეასრულებს მის ბრძანებას, რომ საკუთარ ხალხს ესროლოს?“ - კითხულობს ოლიგარქი.

ბერეზოვსკიმ ადრეც შესთავაზა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს ხელი შეეშალათ ვლადიმერ პუტინისათვის „მათი დახმარებით ჩაედინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - ხელისუფლების უზურპაცია“ და რჩევაც მისცა, როგორ ჩაეშალათ 4 მარტის არჩევნები.

ოლიგარქი იმედს არ კარგავს, რომ პუტინის რეჟიმი მალე დაემხობა, რადგან ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს უკვე დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება, ის მხარს უჭერს სირიელი დიქტატორის ბაშარ ასადის რეჟიმს, თუმცა „ვფიქრობ, რომ შეშინდა, როცა ტელევიზორში უყურა კადაფის სიკვდილს“ - იმედოვნებს ბერეზოვსკი.

მისი აზრით, მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი კრემლმა უკვე თავად შეარჩია. ეს 4 მარტის არჩევნებში პუტინის გამარჯვებაა. ამიტომ რუსეთში ამ რეჟიმის შეცვლის ერთადერთი გზა მხოლოდ მისი ძალით ჩამოგდებაა, თუმცაღა ოლიგარქმა „ვალოდა პუტინს“ ერთხელ მშვიდობიანი წასვლაც შესთავაზა, - უსაფრთხოების გარანტიებით, „ვიდრე ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია“ - ასე შეუთვალა მაშინ ბერეზოვსკიმ პუტინს.

4 მარტსა და მის შემდეგ „მძაფრსიუჟეტიანი“ სცენებისთვის კი ხელისუფლება თავად ემზადება. გრანი რუ“-ს კორესპონდენტი ოქტომბრის ქუჩაზე გუშინ უჩვეულო ვითარებას წააწყდა: იღებდნენ ქუჩის არეულობის სცენებს მთელი თავისი ატრიბუტიკით. ახალგაზრდების ჯგუფი პლაკატებით „46% მოსკოვში - თქვენ ამის გჯერათ?“ არეულობას განასახიერებდნენ. „მასოვკაში“ დაახლოებით 30 ადამიანი მოანაწილეობდა. „პროტესტანტებს“ მკაცრად და უხეშად „აკავებდნენ“ პოლიციელები. გადაიღეს, ასევე, ეპიზოდი, თუ როგორ გაარღვია ჯგუფმა პოლიციის ჯაჭვი.

ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა კორესპონდენტს აუხსნეს, რომ „ფეხბურთის ფანებზე იღებდნენ რაღაცას“, თუმცა როცა ამ ინფორმაციამ ინტერნეტში სკანდალი გამოიწვია, მის ჩასახშობად სხვა ვერსია გააჟღერეს - რომ  იღებდნენ მხატვრულ ფილმს „მიტინგს“. რუსეთის შსს-მ კი უკვე დააანონსა „მოსალოდნელი პროვოკაციები“ და გამოაცხადა, რომ მათი „მკაცრად აღკვეთის“ მეთოდებიც უკვე შემუშავებული აქვს.

ოფიციალური მონაცემებით, 4 მარტის არჩევნებს, მთელი რუსეთის მასშტაბით, 440 ათასი ადამიანი გააკონტროლებს - 380 ათასი სამართალდამცველი და 30 ათასი მოხალისე.

გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი სასაზღვრო სამსახურები. 130-მდე მოხალისე ჩაერთვება ინგუშეთში, საქართველოსთან საზღვრის 35-კილომეტრიანი მონაკვეთის დაცვაშიც. ინგუშეთის  სასაზღვრო განყოფილებაში შექმნილი ეს სპეციალური ჯგუფი 90 კაზაკისგან და საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები 40-მდე ადამიანისგან შედგება. ისინი საზღვრისპირა მოსახლეობას ამ „განსაკუთრებულ ტერიტორიაზე“ ქცევის წესებს განუმარტავენ.