ილია ფერაძის (მ. ჩხერიმელისპირელის) „მიბაძვა „რლვ“ ფსალმუნისა“
15:37:48     03-03-2012
ქართველი პოეტი ი. ჩხერიმელისპირელი - ილია ივანეს ძე ფერაძე დაიბადა 1866 წელს. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალიან მცირეა. მდინარე ჩხერიმელი მდინარე ძირულას შენაკადია, იმერეთში. პოეტი წერდა „ნებოძირელის“ ფსევდონიმითაც. ნებოძირი სოფლის სახელია, რომელიც მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს მდებარეობა. მისი ლექსები იბეჭდებოდა „მწყემსში“, „კვალში“, „განათლებაში“, „თეატრსა და ცხოვრებაში“ და სხვა.
პოეტი გარდაიცვალა 1928 წელს.
ჩვენს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ი. ჩხერიმელისპირელის ლექსი „მიბაძვა „რლვ“ ფსალმუნისა“. რლვ ნიშნავს 136, რ - 100, ლ - 30, ვ - 6. საუბარია 136-ე ფსალმუნზე. პოეტმა ლექსი დაწერა 136-ე ფსალმუნის შინაარსიდან გამომდინარე. დავით წინასწარმეტყველის მიერ გამოთქმული არა ერთი ფსალმუნი წინასწარმეტყველურია. ასეა ამ ფსალმუნის შემთხვევაშიც. დავით მეფემ იწინასწარმეტყველა ებრაელთა ტყვეობა ბაბილონში. ებრაელთა გოდება, რომელნიც მიეტრფოდნენ სამშობლოს, იერუსალიმს და მისი ერთულების ფიცით იყვნენ გულანთებულნი. ისინი შესაბამისი გრძნობით იყვნენ გამსჭვალულნი დამპყრობლების მიმართაც. ფსალმუნის ეს სიუჟეტი (თუ შეიძლება ასე ითქვას) და განწყობა საფუძვლად დაედო ილია ფერაძის წინამდებარე ლექსს.
ლექსი დაიწერა 1888 წელს. გავიდა რამდენიმე ათეული წელი და ებრაელები თავისი ერთულების მეშვეობით კვლავ იქცნენ საკუთარი სახელმწიფოს მფლობელნი, რომელსაც დიდი რუდუნებითა და ერთგულებით დღესაც იცავენ. ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს ებრაელთა პოლიტიკის რომელიმე გამოვლინება ან რომელიმე შეთქმულების თეორია, მაგრამ, ებრაელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი თავისი რწმენისა და სამშობლოს ერთგულნი იყვნენ ათასი წლების მანძილზე, შინ და დევნილობაშიც.
ჩვენმა პოეტმა წარმოგვიდგინა ებრაელთა სულიერი განწყობა, სულიერი სიმტკიცე, მათ არ უნდოდათ, როგორც გვამცნობს ფსალმუნი, თავისი გალობებით თუ საკრავთა მელოდიით თუნდაც მცირედი სიამოვნება მიენიჭებინათ მტრისათვის, რომელმაც ისინი დევნილებად აქცია... ეს ლექსიც, ერთგავარად, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, და როგორც ვთქვით, ებრაელები დაბრუნდნენ სამშობლოში, საკუთარი სახელმწიფო შექმნეს...
წინამდებარე ლექსი, ერთგვარად, ეხმიანება ჩვენს ყოფასაც, ჩვენს სინამდვილეს.
ასეული ათასობით ქართველი დევნილია თავისი მიწიდან - სოხუმისა და ცხინვალის რეგიონებიდან (ბევრი ქართველი საზღვარგარეთაა იძულებით გასული საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც).
1991 წლის დეკემბერში რუსეთის იმპერიამ, ახალი დროის ბაბილონმა, მესამე ომი წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ (I – 1800 წელს, II – 1921 წელს, III – 1991 წელს), რომელიც დღესაც მიმდინარეობს, და რომლის ერთ-ერთი აქტიური ფაზაც იყო 2008 წლის აგვისტოში.
რუსეთის იმპერიამ ახალი აღთქმის ღვთის რჩეული ხალხი, ქართველები გააძევა ორი ქართული რეგიონიდან, აფხაზეთიდან და ჩრდილო ქართლიდან. ქართველი დევნილების დიდი ნაწილი, და მთელი ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, ისეთივე ერთგულია თავისი სამშობლოსი - საქართველოსი (რომელსაც ახალი იერუსალიმსაც უწოდებენ), როგორც ადრე ებრაელები, ამ ფსალმუნისა და საერთოდ, ისტორიის მიხედვით.
დღეს, ქართველთათვის სოხუმი და ცხინცვალი იერუსალიმია, ჩვენი წმინდა ქალაქები, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.
სწორედ ამგვარი სულისკვეთებაა ჩვენი მომავალი სიძლიერისა და ჩვენის სამშობლოს გაერთიანების საფუძველი.
ვინც დაივიწყებს ცხუმ-აფხაზეთისა და ნიქოზის ეპარქიებს, არ ჩაითვლება იგი ქართველად. მართალია,
მართალია, ზოგიერთი წარმოშობით ქართველი კი უმღერის ბაბილონის „იმპერატორს“, მაგრამ, საბედნიეროდ, ქართველი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი დამპყრობლებისადმი შესაბამისი გრძნობითა და სამშობლოს დიდი სიყვარულით იზრდება...
არავინ დაგივიწყებთ სოხუმო და ცხინვალო...
სანამ ილია ფერაძის ლექსს წავიკითხავთ, გავიხსენოთ 136 ფსალმუნი...
ფსალმუნი 136 (რლვ)
ხელითა იერემიაისაჲთა გადამოწერილი ჰებრაელთაგან, წმინდათა ხმაჲ, რომელნი იყვნეს ტყუეობასა
ფსალმუნი დავითისი, იერემიასგან
1. მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.
2. ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,
3. რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა.
4. ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?
5. რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი.
6. აექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიჴსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალჱმი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა.
7. მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!
8. ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!
9. ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდებაჲ.
ილია ფერაძის - ი. ჩხერიმელისპირელის შესახებ საუბარი სხვა დროსაც გვექნება. დღეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გავიხსენოთ მისი ლექსი „მიბაძვა „რლვ“ ფსალმუნისა“.
მიბაძვა „რლვ“ ფსალმუნისა
ბაბილონშია დატყვევებულნი
მდინარეების ნაპირს ვისხედით
და ტყვეობითა გულ-დადაგულნი
ჩვენსა სამშობლოს მოვიგონებდით.
ბედით შავებმა ძეწნებზე ვკიდეთ
ჩვენი საკრავი იარაღები.
- რისთვისა ტირით? რატომ არ გალობთ? -
გვეკითხებოდნენ დამტყვევებლები.
მაგრამ, საწყლებმა, როგორ ვიმღეროთ
უცხო მხარეში საღმრთო გალობა
და მით მოსისხლე მტრებსა დავუტკბოთ
და გავუხაროთ გული და გრძნობა.
იერუსალიმ, იერუსალიმ!
არ დაგივიწყებ აროდეს შენა,
თუ დაგივიწყო, ღმერთმა გამაქროს
და მსწრაფლ შემახმეს მარჯვენა ზედა.
პოი, სიონო! ჩემო დიდებავ!
როგორ გიხილო ნეტავი შენა!
თუ დაგივიწყო, ღმერთმა დამწყევლოს,
და სასაზედა მიმეკრას ენა.
ღმერთო, ძლიერო! მიეცი რისხვა
ჩვენს დამტყვევებლებს, ედომელებსა,
რადგანაც იმათ ძლიერი ტანჯვა
მოგვაყენეს ჩვენ, ებრაელებსა.
მტრები იძახდნენ: „მოჰკალთ, დახოცეთ,
დიდს და პატარას დასჭერთ თავები,
მათი ტაძარი სულ დაანგრიეთ
და ცეცხლით დასწვით მათი სახლები“.
მაშინ აოხრდა ჩვენი სამშობლო,
დაინგრა ჩვენი სამღვთო ტაძარი,
ჩვენსა სიხარულს მოეღო ბოლო,
თვალთ გადმოგვდინდა ცრემლების ღვარი.
ჰოი, ასულო ბაბილონისავ!
ნეტავ მას, ბედი ვინც გაგიმწაროს
და შხამით სავსე შენ ბოროტს გულსა
მწყლელი ლახვარი მწარედ უგმიროს.
ნეტავ მას, ვინაც გაგლიჯოს თმები,
ბევრი გაწვალოს, გცემოს, გათრიოს
და ნეტავი მას, ვინც შენი ყრმები
მრისხანებიტა კლდეს შეახეთქოს.
ბაბილონშია დატყვევებულნი
მდინარეების ნაპირს ვისხედით
და ტყვეობითა გულ-დადაგულნი
ჩვენსა სამშობლოს მოვიგონებდით.
(„მწყემსი“, 1888 წ., # 23-24)