
„დიპლომატიური ურთიერთობები მანამდე ვერ აღდგება, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარს საქართველოდან“
13:50:48     03-03-2012
მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მზადყოფნა გამოაცხადა, მოწოდებები რუსეთის სახელმწიფო დუმიდანაც გაისმა.
ძნელი სათქმელია, თავად მოსკოვს რამდენად სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ახირებას შეასრულებს და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გააუქმებს, მაგრამ დუმის დეპუტატები სწორედ ამას ითხოვენ და თავის პირობას აყენებენ, რომ თუ საქართველო ამ კანონს გააუქმებს, მაშინ თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელი იქნება.
მთელი სერიოზულობით ამ თემას გუშინდელი დღის შემდეგ „არასკრუტკებს“ დუმის დსთ-ისა და თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი: „ჩვენ ამ ანტიდემოკრატიულ ნორმას შევეჯახეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხაზითაც, როცა ჩვენი ყოფილი კოლეგა სერგეი მარკოვი, რომელიც მაშინ საპარლამენტო ხელშეუხებლობით სარგებლობდა, უბრალოდ არ შეუშვეს სხდომაზე თბილისში. და რას უნდა ელოდნენ უბრალო მოქალაქეები?“ - ამბობს ის და კანონის გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს თბილისის ციხეებით ემუქრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის „შემოთავაზებებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა. თბილისი მხოლოდ ერთ პირობას ასახელებს, ეს რუსეთის მხრიდან დეოკუპაციის პროცესის დაწყება და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანაა.
თუმცა მოსკოვში ფიქრობენ, რომ თავად უფრო ჭკვიანები არიან და თუკი, მათი აზრით, „კარგ ხასიათზე“ დამდგარ სააკაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონსაც „გამოსტყუებენ“, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში სათითაოდ დასვამენ ელჩებს და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაც „მოიხსენება“.
როგორც „ჯეონიუსს“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განუცხადა სწორედ ამიტომაა მოსკოვის წინადადება მიუღებელი საქართველოსათვის, რადგან ის გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს 3 ელჩი ჰყავდეს.
„როგორც ჩანს, რუსეთში შეცდომით აღიქვეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ. პუტინმა და მედვედევმა უკვე გადაწყვიტეს, რომ საქართველო აღიარებს რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობას და მზად არის წავიდეს ნებისმიერ დათმობაზე", განაცხადა სოსო ცინცაძემ.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას თქმით კი, საქართველო რუსეთთან დიალოგის დასაწყებად მზად არის, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება მანამდე, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს საკუთარ ჯარს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, - იუწყება The New York Times ბოკერიამ აღნიშნა, რომ „მათ სურთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთან მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვთ და, რაც ყველაზე მთავარია, პატივს არ სცემენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს გაუგებარია“.
საქართველოში გამოთქმული პოზიციების შემდეგ, მოსკოვში ამ თემაზე, ჯერჯერობით, განცხადება არ გაკეთებულა.