
ბრიტანული გაზეთის სტატიას, საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა
11:24:22     03-03-2012
ბრიტანული გაზეთი „Times“ სტატიას აქვეყნებს, სადაც საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი, მიუხედავად სირიის დღევანდელი რეჟიმისადმი დაკავებული მკვეთრი პოზიციისა, ასადის ხელისუფლებას იარაღით ამარაგებს. როგორც ცნობილია, ევროკავშირი, სირიასთან მიმართებაში, სანქციების გამკაცრების საკითხს განიხილავს. ამ დროს კი ვრცელდება ცნობა, რომ იარაღი ჩინეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან, თურქეთის გავლით, სირიაში ხვდება.
გავლენიანი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულმა ცნობამ, საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. როგორც გამოცემას შესაბამისმა წყარომ განუცხადა, ანკარის მაღალჩინოსნები დიდი ხანია საქმის კურსში არიან, მაგრამ ამ ფაქტებზე თვალს ხუჭავენ. ამას გარდა, იგივე წყარო ირწმუნება, რომ სამი თურქული კომპანია თანამშრომლობს სირიის ხელისუფლების პატრონაჟის ქვეშ მყოფ „სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან“, რომლის საშუალებითაც, სირიის არმიისა და პოლიციისათვის, იარაღის და საბრძოლო მასალების მიყიდვა ხორციელდება. ამ ინსტიტუტის მიმართ, უკვე მოქმედებს ევროპული და ამერიკული სანქციები.
საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ბრიტანულ გაზეთს ხელში ჩაუვარდა, ეს ცენტრი, სირიის უსაფრთხოების ძალებს, ასევე, იარაღის წარმოებაში ეხმარება, რომელსაც შემდეგ დემონსტრაციების დასარბევად და რიგი სამხედრო დანაშაულების ჩადენისას იყენებენ. დოკუმენტში ორი თურქული კომპანიაა დასახელებული. რაც შეეხება მესამე კომპანიას, ის ჩინური სამხედრო აღჭურვილობის შემოტანაზე მუშაობს, რომელიც, შესაძლოა, რაკეტების დასამზადებლად იქნას გამოყენებული. მიუხედავად არსებული ფაქტებისა, სამივე კომპანია სირიასთან ფარულ გარიგებებში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.