
მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და უვიზო რეჟიმს სთავაზობს
23:18:52     02-03-2012
მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას სთავაზობს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ცოტა ხნის წინ, რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის კომენტირებისას გააკეთა.
„კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების გამყარებაში. მზად ვართ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენც გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი. ამისათვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები რუსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, რომლებიც საქართველოს ეწვევიან“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა და იქვე დასძინა, რომ მოსკოვი მზადაა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგეს.
ამასთან, განცხადება, რომელიც ლუკაშევიჩმა გააკეთა, შეიცავს იმ ტრადიციულ კრიტიკულ პასაჟებსაც, რომელიც ზოგადად რუს ჩინოვნიკებს საქართველოზე საუბრისას ახასიათებთ ხოლმე. კერძოდ, მოსკოვი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღებული აქვს კურსი რუსეთის მტრის ხატად ქცევისკენ, ქართული სკოლებიდან რუსული ენის განდევნისკენ, დიდი სამამულო ომის გმირთა ძეგლების აღებისკენ, მათი აზრით, ხდება ისტორიის გადაწერა იმ მიზნით, „თითქოსდა, საქართველო, საუკუნეების მანძილზე რუსეთის მიერაა „ოკუპირებული“ - ამბობს ლუკაშევიჩი.
მაგრამ ამ სიტუაციაშიც მოსკოვი ყველაფერზე თანახმაა: „ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ მაქსიმალური, რაც შესაძლებელია: აღდგენილია საჰაერო კავშირი, უპრობლემოდ ფორმდება რუსული ვიზები მათთვის, ვისაც ნათესავების მონახულება სურთ, საუბარი აღარაა გადაუდებელ ჰუმანიტარულ შემთხვევებზე. ხდება კულტურული და სამეცნიერო გაცვლის წახალისება. ამოცანას ვხედავთ იმაში, რომ არ გაწყდეს ტრადიციაული ისტორიული სიახლოვე ჩვენი მოძმე ხალხისა. ასეთ კურსს შევინარჩუნებთ მომავალშიც“.
და კიდევ ერთ-ერთი მთავარი საკითხი. მოსკოვი შიშობს, რომ საქართველოში ჩამოსულ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არიან ნამყოფები, აქ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ემუქრება და მათთვის გარანტიებს ითხოვს.
„სააკაშვილმა, ალბათ იცის, რომ საქართველოში მოქმედებს მის მიერვე შემოღებული კანონები, რომელთა ძალითაც რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში შესვლისთანავე სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება. ეს ეხება ყველას, ვისაც ბოლო პერიოდში ერთხელ მაინც ყოფილა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამასთან დაკავშირებით უნდა გავითვალსწინოთ, რომ საქართველოს მიზეზით დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გამო, ჩვენი შესაძლებლობები რუსეთის მოქალაქეების საკონსულო და იურიდიული დაცვის თვალსაზრისით, უკიდურესად შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ ვიყავით და კვლავაც დაინტერესებულები ვართ საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირების გამყარებაში. მზად ვართ შემოვიღოთ უვოზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის. ამისათვის აუცილებელია, საქართველომ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გთავაზობთ, ასევე, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. ველოდებით თბილისის პასუხს“.
უკვე ცნობილია პირეველი რეაქცია თბილისდან. რადიო თავისუფლებასთან საუბარში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მხარე არ განიხილავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, ვიდრე ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. „ეხო მოსკვის“ ეთერში კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისი შემხვედრ ნაბიჯებზე იმ შემთხვევაში წავა, თუ მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედავს.