
„ნაშისტების“ სკანდალური მიმოწერა და „ჩეკისტური“ რეკომენდაციები ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის
17:44:02     02-03-2012
„ნოვაია გაზეტას“ ხელში ჩაუვარდა პროპუტინისტური მოძრაობა „ნაშის“ აქტივისტების სკნდალური მიმოწერა-ანგარიშები უკვე გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
როგორ მუშაობენ ახალგაზრდა პუტინისტები თავისი „ბოსისთვის“ საპრეზიდენტო სავარძლის უზრუნველსაყოფად? როგორც ჩანს, პუტინმა მათ რამდენიმე „ჩეკისტური“ გაკვეთილი ჩაუტარა.
რეკომენდაციები:
უნდა ჩავუშვათ სატყუარა, რომ კრემლზე სხვა ოპოზიციონერებიც მუშაობენ. მათ რიგებში უნდობლობა უნდა დავთესოთ. მივუთითოთ იმაზე, რომ დასავლეთის მთავრობები ცდილობენ სირიასთან მიმართებაში რუსეთის პოზიცია ოპოზიციური მიტინგების საშუალებით შეცვალონ.
გავრცელდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციონერებს არ შეუძლიათ შეკრიბონ 30 ათასი ადამიანი აქციისათვის და გამოითქვას ვარაუდი, აქციის, როგორც ორგანიზაციული, ისე ხალხის რაოდენობის მხრივ ჩავარდნის შესახებ. მოხდეს პროვოკაციული სატელეფონო ზარების ორგანიზება ტელეკომპანია „დოჟდ“-ის ეთერში.
საჭიროა შევქმნათ ისტერია პოკლონნაია გორაზე მიტინგის შესახებ. გამოითქვას ვარაუდები, რომ მოსკოვში პუტინისტები უფრო მეტნი არიან.
აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ოპოზიციონერების მიერ წარმოებულ გამოკითხვებში. ეფექტურად შევთავაზოთ პასუხების აბსურდული ვარიანტები. გამახვილდეს ყურადღება იმაზე, რომ ჩირიკოვა ღიად იწყებს აშშ-ის საგარეო გეგმების განხორციელებას, ეწინააღმდეგება რა სახელმწიფოს პოზიციას სირიის საკითხში. სირიის თემაზე გამართულ ოპოზიციურ აქციებზე იერიში მიიტანონ პატრიოტულად განწყობილმა მოქალაქეებმა.
„დრუგაია როსსიას“ რადიკალური აქციები გამოყენებული უნდა იყოს მათსავე შესაშინებლად - სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს პროტესტმა. ჩირიკოვაზე უნდა შევუშვათ თემა, რომ ის, როგორც ხოდორკოვსკი და კასიანოვი, ცდილობს დასავლეთს იაფად მისცეს ნავთობი. აქტიურად ვამხილოთ ოპოზიციის არაკომპეტენტურობა. მაგალითად, თუ არ იციან, არის თუ არა 26 თებერვალი სამუშაო დღე, მაშ, როგორღა შეძლებენ სახელმწიფო საქმეებში გარკვევას?
აუცილებელია გავაძლიეროთ ეჭვები ოპოზიციის შიგნით. უფრო მეტი ინტერნეტ-პოსტი იმაზე, რომ მათ მიტინგს სადოვოე კოლცოზე ომონი და „პუტინის ბოევიკები“ დაესხმებიან. უნდა ვაჩვენოთ, რომ ოპოზიციონერები იმეორებენ საბჭოთა კავშირის დამანგრევლების, ბალტიისპირელი სეპარატისტების მოქმედებებს.
უნდა დაიწეროს, რატომ იკრიბებიან ლიბერალები ლუბიანკაზე არჩევნების შემდეგ. რომ მათ 90-იანი წლების ანალოგიური არეულობების პროვოცირება სურთ.
სავარაუდოდ, ასეთივე გეგმა-რეკომენდაცია „ნაშისტებს“ აქვთ 5 მარტისთვისაც, როცა ოპოზიცია მოსკოვში აქციის ჩატარებას გეგმავს, თუმცა, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ ახალგაზრდებს ასპარეზი უფროსი თაობის „ჩეკისტებმა“ ჩამოართვან და საპროტესტო აქციების პროვოცირებაც უფრო პროფესიონალურად დაიგეგმოს.