
ადიკო ივანიშვილი ბიძინას პარტიის წევრებს აგინებს
11:47:30     02-03-2012
ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ალბათ ერთადერთი პოლიტიკოს-ოლიგარქ-მეოცნებეა, რომელმაც პოლიტიკაში მთელი ოჯახი ჩართო. მეუღლესა და შვილებს ახლა მისი ძმა - ადიკო ივანიშვილიც დამატებია და ისიც აქტიურად გასცემს ბრძანებებს. ცნობილია, რომ ადიკო ივანიშვილი ხისტი ხასიათით გამოირჩევა და თავისი აგრესიულობით ძმის თანაგუნდელებს უკვე შეუქმნა პრობლემები.
ადიკო ივანიშვილს ამოუთვალწუნებია ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელსაც ოლიგარქმა ჯერ რეგიონული განვითარებისა და თემატური ჯგუფის კოორდინატორობა ჩააბარა, შემდეგ კი ჩამოალაბორანტა.
სხვათაშორის, არეშიძის ივანიშვილის გუნდიდან წასვლის შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია და ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებსაც არაერთხელ მოუხდათ არეშიძესა და ივანიშვილს შორის უთანხმოების უარყოფა.
თუმცა მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, როგორც ჩანს, დიდი დღე არ უწერია, ის უკვე მერამდენედ გაებუტა ოლიგარქს. თანაც, როგორც ამბობენ, უკვე ღიად საუბრობს პარტიის წევრებთან: თუ ადიკო ივანიშვილი პარტიის საქმეებში ჩარევას და პარტიის წევრებისთვის შეურაცხყოფების მიყენებას არ მოეშვება, ბიძინას მალე აღარავინ დარჩებაო.
,,პრესა.ჯი’’ ცდილობდა მამუკა არეშიძესთან დაკავშირებას, თუმცა მას რამდენიმე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს, ოჯახში კი გვირჩიეს, შეტყობინება გაგვეგზავნა, დროდადრო ტელეფონს რთავს და შეტყობინებებს ამოწმებსო.
ადიკო ივანიშვილის აქტივობა ივანიშვილის საქმეებში ახლა არ დაწყებულა. ის ადამიანები, ვისაც შეხება ჰქონდათ მის ბიზნესთან, სწორედ ადიკო ივანიშვილთან კონტაქტობდნენ. ქეთევან მელაძე, რომელსაც ორსართულიანი სახლი წყნეთის ხევში ბიძინა ივანიშვილმა დაუნგრია და მისი კუთვნილი მიწა მიითვისა, სიტუაციის გასარკვევად სწორედ ადიკო ივანიშვილს აკითხავდა.
ბიძინა ივანიშვილის ძმასთან კონფლიქტის გამო მიუსია ,,ქართუ ბანკის’’ საკრედიტო ოფიცრები ოლიგარქმა ღენტორ გაფრინდაშვილს, რომელსაც საერთო ბიზნესი ჰქონდა ადიკო ივანიშვილის ცოლის ბიძაშვილთან.
გაფრინდაშვილის განცხადებით, მას ფაქტობრივად ადიკო ივანიშვილი აკონტროლებდა. ღენტორ ღარიბაშვილს ადიკო ივანიშვილის თავგასულობა ყელში რომ ამოუვიდა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მეტისმეტად ძვირად დაუჯდა. ბიძინა ივანიშვილმა, ამის საპასუხოდ, სასწრაფოდ აამოქმედა სანქციები ,,ქართუ ბანკში’’, საიდანაც გაფრინდაშვილს ექვსი წლის წინ ჰქონდა აღებული კრედიტი.
ადიკო ივანიშვილს ეკონტაქტებოდა მარინე იაკობიშვილიც, რომლის მეუღლესაც ბიძინა ივანიშვილმა სოლოლაკში სასაუზმე წაართვა. სწორედ ამ ამბავს შეეწირა მისი სიცოცხლე. შესაბამისად, მეუღლის კუთვნილ სასაუზმეზე დავა იაკობიშვილმა განაგრძო, მართალია ამაოდ, მაგრამ ისიც ადიკოს საშუალებით აწვდენდა ხმას ბიძინა ივანიშვილს.
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილთან ერთად პოლიტიკაში ადიკო ივანიშვილმაც გადაინაცვლა და ამჟამად თანაპარტიელების შეუარცხყოფის მიყენებითა და განკარგულებების გაცემით არის დაკავებული, რაც ივანიშვილის ისედაც დასაშლელად განწირულ გუნდს, კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.
მეტიც, დროდადრო ადიკო ივანიშვილი ბიძინას პარტიის წევრებს აგინებს კიდეც და „ცხრასართულიანების“ პარალელურად აძლევს დავალებებს.
,,პრესა.ჯი’’ კომენტარისთვის ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერს დაუკავშირდა, მაია ფანჯიკიძემ ადიკო ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა ზერელედ უარყო და განაცხადა, რომ იგი თვალითაც არ უნახავს. თუმცა დაგვიდასტურა, რომ სამი დღის წინაც მოუწია განმარტებების გაკეთება ადიკო ივანიშვილისგან პარტიის წევრების, მათ შორის მამუკა არეშიძის შევიწროების შესახებ.