
4 მარტს, მოსკოვს კადიროვის მებრძოლები და პუტინისტი ახალგაზრდები დაიკავებენ
10:08:59     02-03-2012
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთში ვითარება იძაბება. ხელისუფლება ზომებს იღებს და მოსკოვს ძალოვნებით „ამაგრებს.“ სახელმწიფო დუმის დეპუტატი ილია პონომარიოვი ამბობს, რომ სანდო წყაროებიდან აქვს ინფორმაცია იმ პოლკების შესახებ, რომლებიც ქალაქშია მობილიზებული. მისი თქმით, ესენი არიან კადიროვისა და „ნეფტიანოი“-ს მებრძოლები. პონომარიოვმა უკვე გაგზავნა ოფიციალური შეკითხვა კრემლსა და შსს-ში, - რისთვის სჭირდებათ და ვისი ინიციატივით შეიყვანეს მოსკოვში დაახლოებით 800 პოლიციელი ჩეჩნეთიდან. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კი, ეს დაჯგუფებები დედაქალაქში მასობრივი მიტინგების დაწყების დღიდან იმყოფებიან. პონომარიოვი ამას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს შენაერთები მოსკოვში დეკემბრის თვიდან იმყოფებიან და სასტუმრო „რიცში“ არიან განთავსებულები.
ამ საკითხზე, 16 თებერვალს, კომენტარი რამზან კადიროვმაც გააკეთა და განაცხადა, რომ არანაირი ჩეჩნური პოლიცია დედაქალაქში არ გადაუსვრიათ, თუმცა არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში ასეთი ძალები შეიძლება მართლაც გაიგზავნოს მოსკოვში. „თუ იქნება ბრძანება, რა თქმა უნდა, პოლიცია შევა. ისინი პირდაპირ რუსეთის შსს-ს ექვემდებარებიან და ვალდებულნი არიან შეასრულონ ბრძანება. ისინი წარმატებულად შეასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას“ - თქვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლება მოსკოვში ძალოვნების მობილიზაციას ახდენს, 4 მარტს, არჩევნების დღეს, კრემლი შეეცდება მთელი ქალაქიც თავად დაიკავოს.
სწორედ ამ დღეს პუტინის მომხრეები უპრეცედენტო აქციებისთვის ემზადებიან. მიტინგების ორგანიზატორები, ძირითადად ,ახალგაზრდული მოძრაობები არიან, რომლებსაც უკვე განაცხადები აქვთ შეტანილი მერიაში და მოსკოვის ცენტრალური ქუჩებიც უკვე „დაჯავშნილი“ აქვთ. ყველაზე მასშტაბური შეკრება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მანეჟნაიას მოედანზე იგეგმება, აქცია სავარაუდოდ, სადღეღამისო იქნება, რომელზეც არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინიც მივა. ეს სტრატეგია გათვლილია იმაზე, რომ ოპოზიციას, რაც შეიძლება, ვიწრო სამოქმედო არეალი ჰქონდეს და პროკრემლისტებმა მაქსიმალურად მოახერხონ იმავე ხელისუფლების მიერ „დაანონსებული“ პროვოკაციების კონტროლი.
კანონით, არჩევნების შედეგების შესახებ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა საარჩევნო უბნები რუსეთის ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე დაიხურება. ბოლოს დაიხურება უბანი კალინინგრადში, - როცა მოსკოვში საღამოს 9 საათი იქნება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ დროისთვის დათვლილი იქნება მხოლოდ შორეული აღმოსავლეთის მონაცემები. მაშ, რისთვის უნდა ჩატარდეს მიტინგები, თუ ხმები ჯერ დათვლილი არ იქნება?
მაგრამ მთავარია, რომ მობილიზებული იქნება არმია პროკრემლისტებისა: „როსსია მოლოდაია“, „პატრიოტი როსსიი“, პუტინის საარჩევნო შტაბის „პოლიტიკური ძალები“, „მოლოდაია გვარდია“ და რაღა თქმა უნდა „ედინაია როსსია“, რომელმაც შეხვედრის ადგილი უკვე დათქვა კარლ მარქსის ძეგლთან და დუმის დეპუტატებსა და მათ თანაშემწეებს უკლებლივ გამოცხადება უბრძანა. თანაშემწეებმა ეს იმპერატივი უკვე გააპროტესტეს „თუ ასე გაგრძელდება, ჩვენი სამუშაო დროის დიდ ნაწილს ქალაქის ქუჩებში გავატარებთ და არა სამუშაო ადგილზე“.
საბოლოო ჯამში გამოდის, რომ პუტინისტები დაიკავებენ მანეჟნაიას, თეატრალურ მოედანს, რევოლუციის მოედანს, სკვერს მარქსის ძეგლთან. მთლიანობაში 4 მარტს მოსკოვის ქუჩებში 13 აქცია გაიმართება - მთავარი ლოზუნგით: „ხალხი. პუტინი. გამარჯვება. პუტინი - ჩვენი პრეზიდენტი“.
5 მარტსაც იგივე ადგილები პუტინისტებს აქვთ დაკავებული, მაგრამ ამავე დღეს მიტინგს უკვე ოპოზიციაც გეგმავს. მათ ადგილი პუშკინის მოედანზე გამოუყვეს.სხვადასხვა წყაროების ცნობით კი, სახელმწიფო დუმის ლიფტებში, დერეფნებსა და ბუფეტებში შეშინებული ქალები და კაცები კითხულობენ, რა მოხდება, თუ პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდება? ადამიანები განიხილავენ, თუ როგორ მოიქცევიან, თუ შეხლა-შემოხლის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, რადგან ამბობენ, რომ როცა ომონი მოვა, არავინ იკითხავს, პუტინის მხარეზე ვართ თუ არა, ზედ ხომ არ გვაწერია.