ცრუპენტელა ადვოკატმა რუსთაველზე მოკლულ ზურა ტარყაშვილს ცილი დასწამა

  23:17:29     01-03-2012

2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის  პროსპექტზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. გამოძიების მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებულები არიან: დავით რუსიშვილი, ირაკლი აგლაძე და ივერი გოგბერაშვილი. 

პოლიციამ, მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავა მკვლელობაში ბრალდებული დავით რუსიშვილი, რომელმაც დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ 23 წლის ზურა ტარყაშვილი, მან, ივერი გოგბერაშვილმა და ირაკლი აგლაძემ წინასწარი შეთანხმებით მოკლეს. 

დანაშაულის აღიარებიდან რამდენიმე თვეში, დავით რუსიშვილის ადვოკატმა, ვინმე თეიმურაზ მაგრაქველიძემ, განაცხადა, რომ რუსიშვილი უდანაშაულოა. 

მეტიც, მან „ობიექტივში“ სტუმრობისას უსინდისოდ იცრუა და გარდაცვლილ ტარყაშვილსა და მის მეგობრებს: დავით და ლევან ჩიჩუებს სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა დააბრალა. 

საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ, გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარ შელაპარაკებას, რომლის დროსაც 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი გარდაიცვალა. 

გამოძიების ოფიციალური მასალების მიხედვით, ტარყაშვილსა და ჩიჩუებს კონფლიქტი მოუვიდათ სანდრო გოგბერაშვილთან (ტარყაშვილმა გოგბერაშვილს თავზე გადაუსვა ხელი, რასაც შელაპარაკება მოჰყვა). ჩხუბის დროს დაიჭრნენ: ზურაბ ტარყაშვილი, დავით და ლევან ჩიჩუები, ხოლო გარდაიცვალა სანდრო გოგბერაშვილი. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარყაშვილი და ძმები ჩიჩუები დაჭრა გარდაცვლილ სანდრო გოგბერაშვილის მეგობარმა, თორნიკე კაჭარავამ, ასევე, კაჭარავამ შემთხვევით (ტარყაშვილისა და ჩიჩუებისათვის განკუთვნილი ტყვია) მოარტყა, თავისივე მეგობარს - გოგბერაშვილს, რის გამოც 21 წლის სანდრო გარდაიცვალა. 

ექსპერტიზით დადგინდა, რომ ტარყაშვილისა და ჩიჩუების სხეულიდან ამოღებული ტყვიები იდენტური იყო სანდრო გოგბერაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვიისა. 

მეტიც, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში, ტარყაშვილისა და ჩიჩუების დაჭრაში ბრალდებულ თორნიკე კაჭარავას ხელი დაადო გარდაცვლილ სანდრო გოგბერაშვილის მეგობარმა, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის შვილმა, რომელმაც ჩვენებაში დეტალურად აღწერა თუ როგორ შევარდა კონფლიქტის ადგილას იარაღმომარჯვებული კაჭარავა და ტარყაშვილისა და ჩიჩუების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. 

კაჭარავა ამჟამად მიმალვაშია. სასამართლომ თორნიკე კაჭარავა სცნო დამნაშავედ სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში, ასევე ზურა ტარყაშვილისა და ძმებ ჩიჩუების დაჭრაში და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ეს ინფორმაცია საჯარო და ოფიციალურია და რა თქმა უნდა ცნობილია მატყუარა ადვოკატისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცრუპენტელა ადვოკატი მაინც ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 

გამოძიებამ ზურაბ ტარყაშვილსა და მის მეგობარს, ლევან ჩიჩუას წაუყენა ხულიგნობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდება, დავით ჩიჩუას მხოლოდ ხულიგნობის ბრალდება. 

თუმცა, დავით რუსიშვილის ცრუპენტელა ადვოკატი „ობიექტივში“ ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად ამტკიცებდა, რომ მათ მკვლელობის ბრალდება ჰქონდათ წაყენებული. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს (ტარყაშვილსა და ძმებ ჩიჩუებს) არასოდეს ჰქონიათ სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის ბრალდება წაყენებული. 

ცრუპენტელა თეიმურაზ მაგრაქველიძის თქმით, ზურა ტარყაშვილსა და ჩიჩუებს თავდაპირველად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, მაშინ, როცა არც ერთ მათგანს არასოდეს ჰქონია მისჯილი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

მაშ შემდეგ, რაც ზურა ტარყაშვილმა და ლევან ჩიჩუამ აღიარა ხულიგნობის ბრალდება, მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ტარყაშვილს მიუსაჯეს 2, ხოლო ლევან ჩიჩუას 4 წელი. საპროცესო შეთანხმებაზე უარი ეთქვა დავით ჩიჩუას და მისი თავდაპირველი განაჩენი (4 წელი) ძალაში დარჩა. 

ზურაბ ტარყაშვილი ციხიდან 12 დღის გამოსული იყო, როდესაც შუა რუსთაველზე სადისტურად მოკლეს. ტარყაშვილის მკვლელობისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  დავით რუსიშვილია დაპატიმრებული. უკრაინაში, კერძოდ კი კიევში დაიჭირეს ამ საზარელი მკვლელობის მთავარი ორგანიზატორი, ადრე ნასამართლევი ივერი გოგბერაშვილიც, რომლის საქართველოში დეპორტაცია რამდენიმე კვირაში მოხდება. 

ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან მესამე ბრალდებული, ირაკლი აგლაძე და კიდევ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც გამოძიების ვერსიით, ტარყაშვილის მკვლელობის ორგანიზატორები და თანამონაწილეები არიან. 

P.S: ზურა ტარყაშვილის მკვლელობის მოტივი ივერი გოგბერაშვილის შურისძიება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილის მკვლელობის ბრალდება თორნიკე კაჭარავას ჰქონდა წაყენებული და იგი ამავე ბრალდებით გაასამართლეს (24 წელი მიუსაჯეს), ივერი გოგბერაშვილი თვლიდა, რომ ყველანი, ვინც გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობას იღებდა უნდა დაეხოცა.