
ალან ჩოჩიევი: რუსეთის პროვოკაციის მიზანი, ოსების გენოციდი იყო
14:05:22     01-03-2012
ცხინვალიდან, რამდენიმე წლის წინ, გერმანიაში გაქცეული პოლიტიკური დევნილი, ოსების გენოციდში რუსეთს ადანაშაულებს. „სამხრეთ ოსეთის“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე ალაჩ ჩოჩიევი ამბობს, რომ აგვისტოს 5-დღიანი ომი მოსკოვის მიერ დაგეგმილი „პროვოკაცია“ იყო, რომელსაც რამდენიმე მიზანი ჰქონდა: ოსების გენოციდი, სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთზე მიერთება. „პატარა, გამარჯვების მომტანი გენოციდი“ - ასეთი სათაურით დაიბეჭდა ჩოჩიევის ინტერვიუ ერთ-ერთ ოპოზიციურ ოსურ გამოცემაში.
თუმცა, რუსეთის არაკეთილმოსურნეობაზე საუბარს ჩოჩიევი ალა ჯიოევას თემით იწყებს, რომელიც მისი აზრით, საკვირველია, რომ აქამდე ცოცხალია.
„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი მივიდოდა იქამდე, რომ მას მოსკოვში ან ვლადიკავკაზში გაგზავნიდნენ, სადაც რაღაც მოუვიდოდა. იმიტომ, რომ ამის გაკეთება კვალის გარეშე და მისი მოკვლა, თავად სამხრეთ ოსეთში შეუძლებელი იყო“ - ამბობს ჩოჩიევი და რუსეთის „გრანდიოზული პროვოკაციების“ თემას, 2008 წლის აგვისტოთი იწყებს.
„პირველი, რაც გავიგე, იყო ის, რომ 8-ში დილით, როცა ქართული „გრადები“ უტევდნენ ცხინვალს, რუსეთის 58-ე არმია იდგა ჯავაში, მისი მოწინავე სატანკო ნაწილი კი - გუფთში, ცხინვალიდან 18 კილომეტრში. ამ დროს კი, ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიდიოდა… და როცა მე ხალხი გამოვკითხე, მივხვდი, რომ რუსული არმია 2 დღე და ღამე იმას ელოდებოდა, თუ როდის დახოცავდნენ ქართველები მშვიდობიან მოსახლეობას, რომ მერე მათთვის გენოციდი დაებრალებინათ“ - ამბობს ჩოჩიევი, მაგრამ იქვე განმარტავს, რომ მოსკოვის მიერ დაგეგმილი „გენოციდი ქართველების მხრიდან“ არ შედგა, რადგან რუსმა გამომძიებლებმა და ექპერტებმა ყველაზე დიდი, 160 ცხედარი აღმოაჩინეს, მშვიდობიანი მოსახლეობა კი ქართველებს არ დაუხოციათ.
ჩოჩიევის თქმით, ადგილობრივმა „კგბ“-მ შტურმის შესახებ შეტევამდე 4 საათით ადრე იცოდა. ნახევარი საათით ადრე კი, ედუარდ კოკოითმა სამხედროები შეკრიბა და უბრძანა მათ სახლებში წასულიყვნენ. თავად კი, ჯავაში გაემართა, სადაც 58-ე არმია იდგა…
თანაც, კრემლის მიერ დაგეგმილ გენოციდზე მეტყველებს პუტინისა და მედვედევის წინმსწრები შეფასებები: „ვიდრე ცხინვალში რუსი გამომძიებლები და ექსპერტები ჩამოვიდოდნენ, პუტინმა და მედვედევმა ორ-ორჯერ თქვეს, რომ სამხრეთ ოსეთში მოხდა გენოციდი. როგორც ჩანს, მათ ერთი სული ჰქონდათ ეს ფორმულირება „ორბიტაზე გაეშვათ“. ისინი აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ასეც არის. და მე მაქვს კითხვა: რატომ იყვნენ ასე დარწმუნებულები? მხოლოდ იმიტომ, რომ „გრადები“ უტევდნენ ქალაქს?“ - კითხულობს ჩოჩიევი.
მისივე თქმით „„გრადებს“ შეუძლია დაანგრიოს სახლები, მაგრამ არა სარდაფები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმალებოდა. ასეთი რაოდენობა მსხვერპლისა კი ლაპარაკობს იმაზე, რომ ქართული ჯარი არ ყრიდა სარდაფებში ბომბებს, როგორც ამას მათ აბრალებენ. არცერთი შემთხვევა ასეთი დაფიქსირებული არ არის. ანუ, რეალურად, სააკაშვილი არანაირ გენოციდს არ გეგმავდა, რაც არ უნდა ილაპარაკონ ეხლა. ამასთან, „გრადები“ უტევდნენ ქალაქის ცენტრს, ადმინისტრაციულ შენობებს, სადაც მოსახლეობა მინიმალურია“.
რა ხდება ამ დროს პოლიტიკურ ველზე: რუსეთი გენოციდზე ლაპარაკობს, მაგრამ ცხინვალში ჩამოსული გამომძიებლები, რომლებიც ამის დამადასტურებელ მასალას ეძებენ, გვამებს ვერ პოულობენ. „მე აბსოლუტურად ზუსტად შემიძლია გითხრათ, რა პროექტი იყო ეს: ტანკებით გარშემორტყმულიყვნენ თბილისზე და განეცხადებინათ დასავლეთისათვის, რომ ცხინვალში მოხდა გენოციდი და მოეთხოვათ, სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაეცათ“ - ამბობს ჩოჩიევი. ამას კი იმით ადასტურებს, რომ პუტინმა თავისი მიზნები თავადვე გააჟღერა, როცა „აგვისტოს კონფლიქტის დროს, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ ჩამოეკიდა საქართველოს პრეზიდენტი. მას პირდაპირ ეთერშიც ჰკითხეს: მართალია, რომ აპირებდით სააკაშვილი ერთი ადგილით დაგეკიდათ? მან პაუზის შემდეგ უპასუხა: რატომ მხოლოდ ერთით? და მერე პუტინი იწყებს შედარებას: სადამი ხომ ჩამოაღრჩეს, რა, ამის უფლება ჰქონდათ?“- იხსენებს ჩოჩიევი.
მაგრამ მისი თქმით, რუსულ ტანკებს თბილისიდან 30 კილომეტრში შეჩერების ბრძანება სწორედ იმიტომ მისცეს, რომ ცხინვალში მყოფმა ექსპერტებმა და გამომძიებლებმა მოხსენებები დადეს: „160 გვამი გენოციდზე ვერანაირად ვერ „ქაჩავს“... ჩოჩიევი ამბობს, რომ „ქართველების მიერ მოწყობილი გენოციდი“, მოსკოვს „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთისთვის მიერთებაში მთავარ სამსახურს გაუწევდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „გენოციდის გეგმა“ არ შედგა, ვერც „მიერთების გეგმა“ აამოქმედეს და კრემლი იძულებული გახდა რეგიონის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. თუმცა რეალური დამოუკიდებლობის მოთხოვნა „სამხრეთ ოსეთში“, ჩოჩიევის თქმით, ალა ჯიოევას მსგავსად, ყველას ძვირად დაუჯდება.