
ცოლ–ქმარი, მსხვერპლს, წინასწარ შერჩეულ „კლიენტებთან“ სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა
13:03:33     01-03-2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის - ტრეფიკინგის ფაქტზე, ბრალდებულ თურგაი სელჩუქის მიმართ, რომელსაც ბრალად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ედებოდა. ჯგუფის წევრები, ცოლ–ქმარი – თურგაი სელჩუქი და შახლოხონ ტაჯიბოევა, არარსებული ვალის, 7000 აშშ დოლარის გამომუშავების მოთხოვნით, მამლაკატ მ.-ს ორი თვის განმავლობაში მუქარით აიძულებდნენ, ბათუმში, სხვადასხვა ბარსა და სასტუმროში, წინასწარ შერჩეულ ე.წ. „კლიენტებთან“ სექსუალური მომსახურების გაწევას, რის საფასურსაც მთლიანად შახლოხონ ტაჯიბოევა იღებდა.
ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოსთვის, ისევე, როგორც სხვა ცივილიზებული ქვეყნებისთვის, პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლაში, ნომერ პირველ კალათაში მოხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ოთარ კახიძის განცხადებით, 2003 წელს საქართველო მესამე კალათაში იყო. შემდგომ წლებში, აქტიური ნაბიჯები გადაიდგა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. საქართველომ მოახდინა ე.წ. პალერმოს ოქმის – საერთაშორისო ხელშეკრულების, რატიფიცირება, რომელიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციას ითვალისწინებს. ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში: სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა სპეციალური მუხლები, რომელმაც დაარეგულირა, თუ რა დანაშაულს წარმოადგენს ტრეფიკინგი. ასევე შემუშავდა კანონი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭო ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას სხვადასხვა უწყებებს შორის, ამზადებს ანგარიშებს, მუშაობს კანონმდებლობის დახვეწაზე, მუდმივად ხდება სამოქმედო გეგმის განახლება, რომელიც სწორედ საბჭოს ფარგლებში შემუშავდა. ამის შედეგია, რომ საქართველომ 2007 წელს პირველ კალათაში გადავინაცვლა და მოხვდა ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიცაა: დანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და სხვა განვითარებული დასავლური ქვეყნები.
სწორედ ტრეფიკინგთან აქტიური ბრძოლის შედეგი გახლავთ უზბეკეთის მოქალაქის გათავისუფლება, დამნაშავეების გამოვლენა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით. თურგაი სელჩუქს ბრალად ედებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ე.ი. ექსპლუატაციის მიზნით ადამიანის მოტყუებით გადაბირება და მიღება, ასევე მის მიმართ უკანონო გარიგების განხორცილება.
საქმის მასალების მიხედვით: 2011 წლის 26 ივნისს, თურქეთის მოქალაქე თურგაი სელჩუქმა მეუღლესთან, უზბეკეთის მოქალაქე შახლოხონ ტაჯიბოევასთან ერთად, უზბეკეთიდან მოტყუებით, ჩაის ფაბრიკაში დასაქმებისა და 800 აშშ დოლარის ანაზღაურების პირობით, ქ. ბათუმში ჩამოიყვანა უზბეკეთის მოქალაქე მამლაკატ მ. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სექსუალური ექსპლუატაციის გაწევისა და პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით, მამლაკატ მ.-ს ჩამოართვეს პასპორტი, მობილური ტელეფონი, შეუზღუდეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და ჰყავდათ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. დაზარალებულს არ ჰქონდა ოჯახთან სატელეფონო კავშირის საშუალება, წინააღმდეგობის გაწევისას კი მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ჯგუფის წევრები, არარსებული ვალის 7000 აშშ დოლარის გამომუშავების მოთხოვნით, მამლაკატ მ.-ს ორი თვის განმავლობაში მუქარით აიძულებდნენ, ქ.ბათუმში, სხვადასხვა ბარსა და სასტუმროში, წინასწარ შერჩეულ ე.წ. „კლიენტებთან“ სექსუალური მომსახურების გაწევას, რის საფასურსაც მთლიანად იღებდა შახლოხონ ტაჯიბოევა.
ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მის მიერ ჩადენილი ბრალეული ქმედება დადასტურებულ იქნა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თურგაი სელჩუქი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.