რაჟდენ გვეტაძის „ჩოჩორი“

  12:40:09     01-03-2012

პოეტი, პროზაიკოსი რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე დაიბადა 1897 წლის 28 ივლისს (ახალი სტილით 9 აგვისტოს) სოფელ ციხიაში, იმერეთში. დაასრულა სამკლასიანი სასწავლებელი. უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.  ქუთაისში მუშაობდა სტამბაში. ტფილისში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ იყო მსმენელი შალვა ნუცუბიძის კურსებისა.

რაჟდენ გვეტაძის პირველი ლექსი დაიბაჭდა 1913 წელს. 1916 წელს ახალგაზრდა მწერლებმა (პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე,ლევან მეუნარგია, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი)  ქუთაისში დაარსეს ლიტერატურული გაერთიანება „ცისფერი ყანწები“. რაჟდენ გვეტაძის ლექსების პირველი წიგნი „მთვარის ზღაპარი“ გამოვიდა 1916 წელს. შემდეგ გამოსცა წიგნები: „თეთრი წიგნი“, „დაბინდული ქარები“. „ღამეები“, „ვირების მესია“.

რაჟდენ გვეტაძე ძირითადად მუშაობდა პროზაში. იგი ავტორია რომანებისა: „თეო“, „ჭიაკოკონა“, „ლაშაური საღამოები“ და ნოველათა კრებულებისა. თარგმნა ინდური ეპოსი „რამაიანა“, ძველფრანგული ეპოსი „სიმღერა როლანდზე“ (გრიგოლ აბაშიძესთან და ხარიტონ ვარდოშვილთან ერთად), დიმიტრი გულიას „კაჭიმაჭი“, სომხური ეპოსი „დავით სასუნცი“, რუსი და უკრაინელი პოეტების ლექსები.

რაჟდენ გვეტაძე გარდაიცვალა 1952 წლის 1 დეკემბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალტა და საზოგადო მოღვაწეტა პანთეონში.

გავიხსენოთ რაჟდენ გვეტაძის ლექსი „ჩოჩორი“, რომელიც ტიციან ტაბიძეს უძღვნა.

გრიგოლ რობაქიძე ერთგან წერდა:

„რაჟდენ გვეტაძე ”ვირებით” დაუბრუნდა მიწას. აქ არის გულწრფელობა და გაბედულობა.

”ვირის” თემა არ არის ახალი (გაიხსენეთ თუგინდ ფრანსის ჟამმ). ცხოველში არის რაღაც მისტიკს. პირველი ვაინინგერი იყო, რომელმაც მიაქცია ამას ყურადღება. ძაღლი, ცხენი: რაღაცას ამბობენ თავის ყოფით. მთელი ყოფა ერანის მე მაგალითად აქლემით წარმომიდგა ცხენის გალენჩებაში არის მზის ნირვანა (”მისტერია მზის”). ვირი: საბრალო, საცოდავი, სათუთი, სათამაშო. ტყუილად კი არ უყვართ იგი ბავშვებს. რაჟდენ გვეტაძემ სწორედ ამ ხაზებში გაიყვანა თავისი თემა. საქართველოში ბევრია გიტარა სმერდიაკოვისათვის, – ცხადია ადვილი არ არის რაღაც ”ვირზე” – ლაპარაკი. მე პირდაპირ ვხედავ ამ წამს სმერდიაკოვს და მესმის სიტყვები: Ну, что-же-с, ослы-с хорошая тема-с в поэзии-с можно воспеть-с их любовь-с…

 … მაგრამ რაჟდენ გვეტაძე გაუძლებს იმ ყოფას. საცა ყველაფერია თითქმის გამასხარავებული. მისი “ჩოჩორი” პირდაპირ შედევრებია”

“პარასკევს ყაფანზე გაჰყიდეს ჩოჩორი,
 ატირდა საბრალო თაფლისფერ თვალებით.
 ახალმა პატრონმა მოპარსა ქოჩორი
 და ჭიშკრის სვეტები მოჭედა ნალებით.
 ბავშვებმა ბეღელქვეშ ანახვეს საწოლი.
 კოცნიან ახრჩობენ რძიანი ბალახით.
 ორშაბათს აკიდეს ხურჯინით მაწონი:
 პატარა ფეხები ეტკინა ტალახით.”

როგორც შეამჩნევს მკითხველი, გრიგოლ რობაქიძეს აღნიშნული ლექსის მეოთხე სტრიქონი ასე აქვს გადმოცემული: „და ჭიშკრის სვეტები მოჭედა ნალებით“. ამ ლექსის მეოთხე სტრიქონი ქართული პოეზიის 14-ე ტომში ასეა წარმოდგენილი: „და თოთო ტერფებზე დააკრა ნალები“. შესაძლოა, გრიგოლ რობაქიძის მიერ გამოქვეყნებული ვარიანტი პირველი რედაქცია იყოს და მერე შეცვალა პოეტმა... ასეა თუ ისე, ლექსი მართლაც შესანიშნავია, როგორც ამას აღნიშნავს დიდი მწერალი, კრიტიკოსი და ესეისტი გრიგოლ რობაქიძე.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გვაქვს გრიგოლ რობაქიძის მიერ ზემოთ მოხსენიებული ფრანსის ჟამის ლექსი: „ლოცვა, რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე“ (გივი გეგეჩკორის მიერ თარგმნილი).

ჩოჩორი

ვუძღვნი ტიციან ტაბიძეს

პარასკევს ყაფანზე გაყიდეს ჩოჩორი,
ატირდა საბრალო თაფლისფერ თვალებით.
ახალმა პატრონმა მოპარსა ქოჩორი
და თოთო ტერფებზე დააკრა ნალები.

ბავშვებმა ბეღელს ქვეშ ანახვეს საწოლი,
კოცნიან, ახრჩობენ რძიანი ბალახით.
ორშაბათს ხურჯინით აჰკიდეს მაწონი:
პატარა ფეხები ეტკინა ტალახით.

ქალაქში უცინის ძველების მკერავი,
ნაცნობებს შეხვდება, უეცრად ქრებიან.
სურს დედის ალერსი, ვერ ხედავს ვერავის,
მხოლოდ ხარს უცქერის საყანწე რქებიანს.

სოფლისკენ გაბრუნდნენ დაღლილი ვირები.
ჩოჩორიც მიჰყვება ბედს გადანაბირებს.
ამბობენ: ბაზარში არ იყო სიძვირე,
ღამდება და ქარი ამოსვლას აპირებს.