რუსეთი, საქართველოსთან ახლოს, შეიარაღებას აძლიერებს
11:50:22     01-03-2012
რუსეთი, საქართველოს სიახლოვეს თავის სამხედრო პოტენციალს ისევ აძლიერებს და ამტკიცებს, რომ „საქართველოდან მოსალოდნელი საფრთხე“ ისევ აქტუალურია.
საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების „დასაფრთხობად“ მოსკოვი ვერტმფრენების პოლკს შექმნის და სამხრეთიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მას ნოვოსიბირსკში განათავსებს.
„საქართველოსთან ურთიერთობის სიმწავავის“ მატებაზე, ამჯერად, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ შამანოვი საუბრობს და აცხადებს, რომ ამის საპასუხოდ, მოსკოვი საჰაერო-სადესანტო ჯარების პირველ პოლკს ნოვოროსიისკში განათავსებს. ამ პოლკების შექმნის გეგმა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბთან ერთად უკვე მუშავდება.
ნოვოროსიისკში პოლკის განთავსებას სწორედ საქართველოსთან სიახლოვე უდევს საფუძვლად, რომელიც, შამანოვის თქმით ისევ რჩება რუსეთის პრობლემად.
„მის პრაქტიკულ გამოყენებას, სავარაუდოდ, სამხრეთის სამხედრო ოლქში დავგეგმავთ - მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიისათვის. იქ, ნოვოსიბირსკში ამისათვის ყველა პირობა არსებობს: განვითარებულია აეროდრომების ქსელი და შესაძლებელია საბრძოლო მომზადების რიგი ღონისძიებების ჩატარება.“
შამანოვის „გაფრთხილება“ მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ვერტმფრენების პოლკი სიტუაციის გართულების შემთხვევაში „რეაგირებას“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც მოახდენს, სადაც ბოლო პერიოდში მოსკოვისათვის აშკარად მიუღებელი სცენარები ვითარდება: „იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხშირად რთულდება, ხოლო საქართველოსთან ურთიერთობების სიმწვავე მატულობს, ასევე არის პრობლემები ჩვენს ჩრდილოეთ კავკასიაში, სწორედ აქ დავიწყებთ ჩვენი ვერტმფრენების პრაქტიკულ გამოყენებას სამხედრო მომზადების დროს... რათა მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, მათ შეძლონ ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრა“ - განაცხადა შამანოვმა.
ვერტმფრენების პოლკი სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნება სამხედრო წრთვნების „კავკაზ 2012“-ის დროსაც, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი. აღნიშნული სწავლება, რუსულმა მედიამ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ ჩატარებულ „კავკაზ 2008“-ს უკვე შეადარა, ხოლო „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სექტემბერში დაგეგმილ წრთვნას „განსაკუთრებული სამხედრო მანევრი“ უწოდა.
შამანოვმა კი აღიარა, რომ რუსულ არმიაში რეფორმის დაწყებისა და ცვლილებების ათვლის წერტილი 2008 წლის აგვისტოს ომია, როცა „სრულად გამოვლინდა“ რუსეთის ჯარების ნაკლოვანებები.