
პუტინი: ვიღაცას მოკლავენ
09:43:12     01-03-2012
პუტინმა აღიარა, რომ ვიღაცას მოკლავენ. ის ირწმუნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რუსეთში ვინმე ცნობილ ოპოზიციურ ლიდერს სიცოცხლეს გამოასალმებენ. ამას კი იმიტომ გააკეთებენ, რომ მკვლელობა ხელისუფლებას დაბრალდეს.
პრეზიდენტობის „ჩეკისტი“ კანდიდატი ამტკიცებს, რომ ასეთ სცენარს უკვე ათი წელია ამზადებენ ისინი, ვინც „საზღვარგარეთ სხედან… ეძებენ კიდეც ე.წ. საკრალურ მსხვერპლს“ - განაცხადა რუსეთის პრემიერმა და დასძინა, რომ „ძალიან კარგად იცნობს ამ მეთოდიკასა და ტაქტიკას“.
პუტინმა ისიც იცის, თუ რა ვითარებაში მოხდება მკვლელობა, - ოპოზიციის მიტინგზე. მან სცენარის მონახაზიც გააჟღერა: პროვოკატორები „საკრალურ მსხვერპლს“ ქუჩის აქციის დროს დაესხმებიან თავს. ამიტომ, პუტინის ლოგიკით, მიტინგებზე სიარულიც საშიშია:
„იქ ისეთი ხალხია, ყველაფერზე წამსვლელები არიან, გადაჭარბების გარეშე გეუბნებით… ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეთ“ - გააფრთხილა პუტინმა საზოგადოება.
ეს განცხადება ოპოზიციისთვის საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ისინი მიიჩნევენ, რომ პუტინის განცხადება ღია მუქარაა.
„მომეჩვენა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციის ლიდერებს ემუქრება. თუ მისთვის ცნობილია, რომ რომელიმე ლიდერზე თავდასხმა იგეგმება, რა აზრის არიან იმაზე, რომ გახსნან ეს საქმე? თუ ჩვენში არჩევნების წინ მხოლოდ პუტინზე თავდასხმის მცდელობებს ხსნიან?“ „ თავად პუტინმა უკვე გასცა ბრძანება“ - ასეთია შეფასებები პუტინის განცხადებაზე.
ექსპერტები კი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სიტუაციის გართულების შემთხვევაში კრემლი ყველაზე მკაცრი სცენარისთვის ემზადება. მათი თქმით, ცუდია, როცა ასეთი სისხლიანი სცენარის შესახებ მშვიდად საუბრობენ, ხოლო ორმაგად უფრო საშიშია, როცა ამის შესახებ სახელმწიფოს ფაქტიური ხელმძღვანელი ლაპარაკობს. და ეს ყველაფერი იმ მიტინგების ფონზე ხდება, რომელიც ოპოზიციას აქვს დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, 5 მარტიდან არა უკვე აქციები, არამედ „საპროტესტო კარვების“ გაშლა პირდაპირ კრემლის კედლებთან, წითელ მოედანზე იგეგმება. გუშინ ამ აქციის ორგანიზატორებმა ვერ მოახერხეს კარვების დარიგება, რადგან მათ წინააღმდეგ „ნაშისტები“ აამოქმედეს, მსურველებისათვის დასარიგებელი კარვების ნაწილი კი პოლიციამ დააპატიმრა. თუმცა კრემლის მისადგომებთან „მეორე მაიდანის“ მოწყობასა და კარვების ქალაქის ორგანიზების იდეაზე უარის თქმას, მისი ინიციატორები არ აპირებენ.