
„ომეგას კომპლექსით“ შეპყრობილი პუტინი და რუსი ქალების სიზმრები არჩევნების წინ
21:24:27     29-02-2012
საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთში ათასგვარ კვლევას ატარებენ, რათა ვლადიმერ პუტინის „უალტერნატივობა“ დაამტკიცონ. ძნელი სათქმელია, პოზიტიური მომენტია თუ არა ის, რომ, თურმე, ბოლო პერიოდში რუს ქალებს ხშირად ესიზმრებათ პუტინი, მაგრამ პრემიერის მშობლიური ქალაქის ტელეკომპანიამ Piter.tv-მ ამ თემას სიუჟეტი მიუძღვნა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალაქის ქალების უმრავლესობას აბეზარი სიზმრები ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით სულ უფრო და უფრო ხშირად ესიზმრება. სიზმრების სცენარები შორსაა ეროტიზმისგან, მაგრამ არც უამისობაა - იუწყება Piter.tv.
მაგალითად:
„პუტინი იჯდა დარბაზში და საუბრობდა. მე იქ ვიყავი, მაგრამ რატომღაც ძალიან მრცხვენოდა“;
„ვიჯექი მის წინაშე და… მინდოდა რაღაც მისთვის სასიამოვნო მეთქვა“;
„მესიზმრა, თითქოს მამამ მითხრა - საქმრო შეგირჩიე. შევდივარ ოთახში და ვხედავ პუტინს. ვიფიქრე, ღმერთო, რა კარგი ქმარია“.
ვლადიმერ პუტინის სიზმრებში გამოჩენაზე პირველად 2000 წელს მწერალი ლინორ გორალიკი ალაპარაკდა.
„ჩემი ნაცნობი ქალები ხშირად ხედავენ სიზმარში პუტინს, ის მათ უაღრესად დადებითი გმირის როლში ევლინება, რომანტიზმის ელემენტებით. ხან სასიამოვნო თემებზე ესაუბრება ქალებს, ხანაც ქორწინდება მათზე“… - წერდა გორალიკი.
ექსპერტების აზრით, არჩევნების წინ ვლადიმერ პუტინის სიზმრებში გააქტიურება შემთხვევითი არ არის და ამის მიზეზი პუტინით გადატვირთული საინფორმაციო სივრცეა.
ზოგიერთი ქალის ფანტაზია უფრო შორსაც მიდის. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი თავის ბლოგზე წერს, რომ ესიზმრა პუტინი და დაუვიწყარი სექსი მასთან:
„თითქოს, მის ცხოვრებაში ერთჯერადი გამოყენების ქალი ვიყავი, ვიცოდი, რომ მას ჰყავდა ცოლი, მაგრამ არანაირი ილუზია არ მქონია. მან მკითხა: როგორ იცხოვრებ ამის შემდეგ? მე ვუპასუხე, რომ ვიცხოვრებ მოგონებებით… ის შეუდარებელი იყო, მისი ენა კი, ოოო… მეწყინა, რომ ეს ერთხელ მოხდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ის კი ერთია. ატირებულს გამეღვიძა, ყველაზე მეტად კი იმაზე გავბრაზდი, რატომ მაინცდამაინც პუტინი?“
რუსეთში არა მარტო ქალების სიზმრებს, არამედ მასთან ცხადში სექსის მსურველებზეც წერენ. „რაზე ოცნებობენ რუსი ქალები?“ ამ კითხვაზე პასუხი „პუტინთან ველური სექსია“. ასეთი შედეგის მისაღწევად კი, როგორც წესი, კრემლის „პიარშიკები“ იღწვიან ხოლმე: აქვეყნებენ პუტინის ცხოვრების უცნობ დეტალებს, რაც „ობიექტს“ მეტად მიმზიდველ მამაკაცად წარმოაჩენს.
პრობლემის შესწავლა ერთ-ერთ ეტაპზე რუსმა ფსიქტოთერაპევტმა ვლადიმერ ლევიმ გადაწყვიტა და სტატიაც გამოაქვეყნა - „ამორალურობა ანუ ფსიქიატრთან მისვლის დროა“.
„…ქუთუთოებსა და ღაწვებს ბოტოქსით ივსებს, დარდიმანდულად ზის აუდიტორიის წინაშე, სადაც ბევრი ახალგაზრდა ქალია, ფართოდ შლის ბარძაყებს და ხელს ერთი ადგილის სიახლოვეს ირტყამს: ნახეთ, რა კაცი ვარ“…
ფსიქოთერაპევტი ასკვნის, რომ ეს „ომეგას კომპლექსია“. ის დაბალტანიანი ბავშვი იყო, მორცხვი, მშიშარა, მაგრამ არცთუ სუსტი ტვინით, ძლიერი ნებისყოფით და ბოღმიანი. ახლა სურს ყველას დაუმტკიცოს, რა ყოვლისშემძლეა…
„ამორალურია… ხელისუფლება პათოგენურია, ფსიქოპათოლოგიური, კატასტროფული. სასწრაფოდ ფსიქიატრთან და არ მხოლოდ ის ერთი“ - ასკვნის სპეციალისტი.