
დეპუტატები დებატებს აფასებენ
17:33:54     29-02-2012
პარლამენტში გამართული ოთხსაათიანი დებატების შემდეგ, კანონმდებელთა ნაწილი დებატებით აღფრთოვანებული ჩანდა, ნაწილი კი, გულდაწყვეტილი.
როგორც „პრესა.ჯი“-ს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, დებატები შედგა, მაგრამ მთავარია, ამ დებატების დროს, ვის რა მოტივაცია ჰქონდა.
„დებატების დროს, მთავარი იცით, რა იყო? ვის რა მოტივაცია ჰქონდა. გესაუბრა - საქართველოს მომავალზე თუ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც თავისი პოლიტიკური მომავალი ჯერ წარმოდგენილი არ აქვთ და ამით, თავის დამკვიდრება სცადეს. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის მკაფიო გზავნილი გაკეთდა. კერძოდ, ამ ქვეყანაში, პრობლემები როგორ მოგვარდება და სამუშაო ადგილები, სად შეიქმნება. მთავარია, რომ დებატები საინტერესო იყო და ის სკეპტიციზმი, რომელიც დებატების მიმართ იყო, არ გამართლდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ვიცე-სპიკერის მსგავსად, მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი პავლე კუბლაშვილიც დებატებს საინტერესოდ აფასებს, მაგრამ ამის პარალელურად, ოპოზიციას აკრიტიკებს.
„იმედი მქონდა, რომ ჩვენი ოპონენტების არგუმენტები და შინაარსი უფრო კონკრეტული იქნებოდა და დებატები, უფრო მეტად საგნობრივი გამოვიდოდა. ჩვენი ოპონენტების ერთმა ნაწილმა, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ სოციალურ სფეროში, სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვაში არსებული რეალობა არ გაითვალისწინეს და ისე ისაუბრეს, რაც შეცდომა იყო. ოპონენტების მეორე ნაწილმა კი, გადაწყვიტა, რომ ტყუილების გზით ევლო. შესაბამისად, სხდომაზე დადასტურდა, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს კუბლაშვილმა.
დებატების შეფასებისას, ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ დებატებზე, ის გამოჩნდა, რომ ხელისუფლება საზოგადოებაზე ზრუნავს.
„დებატები ისეთი შედეგით შედგა, როგორსაც უმრავლესობის წევრები მოველოდით. ძალიან ამაყი ვარ და ეს მარტო ჩემი შთაბეჭდილება არ არის, არამედ იმ უცხოელების, რომლებიც დებატებს ესწრებოდნენ, რადგან საზოგადოებაზე ზრუნვა კიდევ ერთხელ გამოჩნდა“, - დასძინა კერვალიშვილმა.
პოლიტიკური დებატებით კმაყოფილი ჩანდა, მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი გიორგი ასანიძეც. როგორც „პრესა.ჯი“-ს ასანიძემ განუცხადა, საქართველოში პოლიტიკური კულტურა, რომ გაიზარდა, ეს ამ დებატებმაც, აჩვენა. მისი შეფასებით, პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას, ძალიან გახსნილი იყო.
„მნიშვნელოვანი წინადადებები გაჟღერდა, მკვეთრი განცხადებები გაკეთდა, მაგრამ ოპოზიციამ იმ ჩვეული მეთოდებით ისაუბრა, რომელიც „წყლის ნაყვაზე“ იყო დაფუძნებული, ხოლო უმრავლესობამ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. მთავარია, რომ ერთ ადგილზე, არ ვჩერდებით და უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის ვმუშაობთ“ - დასძინა ასანიძემ.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, დებატებით ბოლომდე კმაყოფილი ოპოზიცია არ ჩანდა. როგორც „პრესა.ჯი“-ს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა: „მოვისმინეთ ინიციატივები, რომელიც სინამდვილეში ახალი არ იყო“.
28 თებერვლის პოლიტიკური დღე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემაც შეაფასა.
სპიკერის განცხადებით, იგი დებატებით დ კმაყოფილია, რადგან დებატები დემოკრატიის ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა. „ამ დებატებზე, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, საკუთარი თავი და პოლიტიკური ღირებულებები ძალიან კარგად გამოავლინა, კერძოდ, ვინ რა აზრზეა და ქართულ პოლიტიკაში, რა ღირებულებებით არსებობს“ - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, პოლიტიკური დებატები გუშინ, პარლამენტში გაიმართა.