
რატომ გაუჩინარდნენ ივანიშვილის გარემოცვიდან რატი ამაღლობელი და ბასა ჯანიკაშვილი?
16:57:16     29-02-2012
ბიძინა ივანიშვილის სახელდახელოდ შექმნილი გუნდი ნელ–ნელა იშლება. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რატი ამაღლობელმა ოლიგარქის გარემოცვა დატოვა და პოლიტიკური პროცესებისგან შორს დადგა.
ასევე აღარ ჩანს ოლიგარქის გარემოცვაში გია გაჩეჩილძის (უცნობის) მეგობარი, ბასა ჯანიკაშვილი. ზუსტი მიზეზი, თუ რატომ გაუჩინარდნენ პოეტი და სცენარისტი ივანიშვილის გარემოცვის რიგებიდან უცნობია
„პრესა.ჯი“ შეეცადა მათთან დაკავშირებას, თუმცა ორივეს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. რატი ამაღლობელი პრესისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ მისი საქმე პოლიტიკა არაა და ურჩევნია ის საქმე აკეთოს, რასაც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე აკეთებდა. „მე იდეურად ვეთანხმები „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას, თუმცა პოლიტიკა ჩემი საქმე არაა“.
რაც შეეხება ამაღლობელის საბოლოოდ წამოსვლას „ქართული ოცნების“ რიგებიდან. პოეტი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ის მხოლოდ ზოგადი საუბრით შემოიფარგლება. „პრესა.ჯი“ დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერს მაია ფანჯიკიძეს და ამ საკითხის გარკვევას მასთან შეეცადა.
ფანჯიკიძე ჩვენთან საუბრისას, ამაღლობელისა და ბასა ჯანიკაშვილის „გაუჩინარებას“ მოუცლელობით ხსნის. „თავის საქმეებით არიან დაკავებული და ამიტომ ვერ ახერხებენ გამოჩენას საზოგადოებაში“.
ჩვენ შეკითხვაზე, რატომ არ გამოჩნდნენ ამაღლობელი და ჯანიკაშვილი საინიციატივო ჯგუფის, ან პოლიტიკური საბჭოს პრეზენტაციაზე, სადაც ოლიგარქის მხარდამჭერები იყვნენ, ალასანიას ცოლისდამ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ იყო. „გამოჩნდებიან მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვს. ახლა არ სცალიათ“– განაცხადა მან.
კულუარული ინფორმაციით კი, რატი ამაღლობელსა და ბასა ჯანიკაშვილს სურვილი აქვთ პოლიტიკური პროცესებიდან შორს იყვნენ, რაც ავტომატურად გულისხმობს „ქართული ოცნების“ რიგებიდან შორს ყოფნას. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ბასა ჯანიკაშვილმა ივანიშვილს ფული რადიო „უცნობისთვის“ უკვე „აახია“ და მაშინ გამოჩნდება, როცა რადიოსთვის თანხა შემოაკლდება.