
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, თებერვალში, მეოთხე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
13:37:52     29-02-2012
2012 წლის 29 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საბითუმო ბაზრის ტერიტორიაზე, ა.ს-ს კუთვნილი მაღაზიიდან ტომრით შაქარი დაიკარგა. საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ამოღებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, შაქარი ბრალდებულებმა ზაზა ქუცურუამ და გიგა ჯიქიამ თვითნებურად აიღეს.
როგორც სასამართლო გამოძიების მასალებით გაირკვა, ბრალდებულები სასურსათო პროდუქტის დისტრიბუციას ეწევიან. ამ მიზნით ჩხოროწყუდან ქუთაისში ,,ფორდ-ტრანზიტის’’ მოდელის მიკროავტობუსით ჩავიდნენ, ა.ს.-ს კუთვნილი საბითუმო სასურსათო მაღაზიიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტი იყიდეს და მხოლოდ ერთი ტომარა შაქრის ღირებულება არ გადაუხდიათ. ზაზა ქუცურუამ და გიგა ჯიქიამ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ არ სცნეს. ბრალდებულების განმარტებით, გაუგებრობა მოხდა. კერძოდ, მათ მაღაზიაში შესვლისას გამყიდველს ჰკითხეს შაქრის ფასი. შემდეგ შეიძინეს სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, მასთან ერთად შაქარიც ავტომანქანაში მოათავსეს და წავიდნენ.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულებს ქურდობის პირდაპირი განზრახვა არ ჰქონიათ. მათ მხედველობიდან გამორჩათ შეძენილი შაქრის საფასურის გადახდა. შესაბამისად, ზაზა ქუცურუასა და გიგა ჯიქიას მიერ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი არ დადასტურდა. მათვე მაღაზიის მფლობელს მიყენებული ზიანი შემთხვევიდან მეორე დღესვე აუნაზღაურეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თავისი განაჩენით ქუცურუასა და ჯიქიას წაყენებული ბრალი მოუხსნა და გაამართლა.
2012 წლის თებერვალში, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ქუთაისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულს სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებს.
2012 წლის 23 თებერვლის განაჩენით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა. დათუნა ხვედელიძეს ბრალი მცირეწლოვანი ბავშვისათვის გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მიყენებაში ედებოდა. შემთხვევა წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში მოხდა. 2005 წელს დაბადებულმა თენგიზ ჩხობაძემ მეზობლის ეზოში თამაშისას თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა საკუთარი სახლისთვის შეიძინა რკინის ორფრთიანი კარები ჩარჩოთი, რომელიც თავისივე აივნის ბოძზე მიაყუდა. სწორედ ამ რკინის კარის დაცემის შედეგად მიიღო მცირეწლოვანმა თენგიზ ჩხობაძემ ჯანმრთელობის დაზიანება. ბავშვი უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლო გაეცნო მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. სასამართლო განხილვის დროს არ დადასტურდა დათუნა ხვედელიძის მხრიდან თენგიზ ჩხობაძისათვის გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი. შესაბამისად,ბრალდებულს წაყენებული ბრალი მოეხსნა და იგი გამართლდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული დათა მარღანიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა 2012 წლის 17 თებერვალს. ბრალდების მხარე მას ლ. ბ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის ქურდობას ედავებოდა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, დათა მარღანიამ დაზარალებულად ცნობილი პირი წყალტუბოს რაიონის ტერიტორიაზე გაიცნო და იქვე მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ბრალდებულმა ლ.ბ. კონფლიქტის ადგილზე მიატოვა, მისი მობილური ტელეფონი კი დათა მარღანიას მანქანაში დარჩა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები და დაადგინა, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია. მარღანიამ გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა ლ.ბ-ს მობილური ტელეფონი. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სხვისი ნივთის ფარულ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, რის გამოც სასამართლომ დათა მარღანია მისდამი შერაცხულ ბრალში უდანაშაულოდ ცნო.
22 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული დავა მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყვიტა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით, მოსარჩელე სასამართლოსაგან აკაკი სანიკიძის მიმართ ფინანსური პასუხისმგებლობის სახით 31 387 ლარის დაკისრებას ითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა მხოლოდ სანივთე დავალიანების ღირებულება 195 აშშ დოლარის ოდენობით. დავის განხილვის პროცესში სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოპასუხის შეგებებული სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 16 აპრილის №1140 ბრძანება კონტრაქტის პირობების დარღვევის მოტივით აკაკი სანიკიძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ამ მიმართებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №3742 ბრძანებით მოპასუხე აკაკი სანიკიძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია მხარეთა შეთანხმება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნაზე პირისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის სახით 31 387 ლარის დაკისრების შესახებ დაადგინა, რომ მოპასუხე აკაკი სანიკიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების არაჯეროვან და არაკეთილსინდისიერ შესრულებას. შესაბამისად, მოპასუხისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.