ილო მოსაშვილის „არიფს - გალაკტიონს“
12:54:11     29-02-2012
პრესა.გე აგრძელებს იმ ქართველი და უცხოელი შემოქმედების გახსენებას, რომლებიც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ვითარების გამო, მივიწყებულნი არიან და მათ შემოქმედებას, ან თუნდაც ცნობებს მათ შესახებ, ძნელად მოიპოვებს თანამედროვე მკითხველი, მით უმეტეს ახალგაზრდა და მით უმეტეს, ინტერნეტ სივრცეში.
დღეს გავიხსენოთ ილო ონისიმეს ძე მოსაშვილი, პოეტი, მწერალი და დრამატურგი.
ილო მოსაშვილი დაიბადა 1896 წლის 7 იანვარს სოფელ ჩარგალში, გლეხის ოჯახში. სწავლობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში. 1914-1917 წლებში სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნერვოლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა ხარკოვის იურიდიულ ფაკულტეტზე.
ილო მოსაშვილის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1911 წელს გაზეთ „სინათლეში“. აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს, პიესებს. მის რამდენიმე ლექსზე დაწერილია სიმღერა. სცენარის ავტორია ფილმების: “ის კიდევ დაბრუნდება” (1943), „სადარაჯო ჯიხური“ (1941),
„ქალიშვილი გაღმიდან“ (1940), „ორი მეგობარი“ (1937), „მდინარის გაღმა“ (1935), „არშაულა“ (1935). პიესებიდან აღსანიშნავია „სადგურის უფროსი“, „ჩაძირული ქვები“, „მისი ვარსკვლავი“. წერდა ნაწარმოებებს ბავშვებისთვისაც. მან თარგმნა შევჩენკოს, ფრანკოს, მაიაკოვსკის, ესენინისა და სხვების ნაწარმოებები. 1926-1932 წლებში იყო ჟურნალ „შოლტის“ პასუხისმგებელი მდივანი და გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი. 1937-1940 წლებში მუშაობდა საქართველოს ლიტერატურული ფონდის დირექტორად. იყო მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი.
მისი პიესა „ჩაძირული ქვები“, რომელიც დაიწერა 1949 წელს, ეხება თურქეთის მიერ 1921 წელს დაპყრობილ მესხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ბრძოლას თავისუფლებისათვის. მკითხველს მოეხსენება, რომ დიდი მესხეთისა და ლაზეთის ტერიტორიაზე 1945-1953 წლებში პრეტენზიას აცხადებდა სტალინი. ქართველი ისტორიკოსები და შემოქმედნი დიდი სიხარულით ჩაებნენ ამ საქმეში და არა ერთი სამეცნიერო ნაშრომი და ლიტერატურული ნაწარმოები შეიქმნა აღნიშნულ თემაზე. სწორედ ამ პიესის გამო მიანიჭეს ილო მოსაშვილს სტალინის სახელობის სახელმწიფო პრემია 1951 წელს.
ილო მოსაშვილი გარდაიცვალა 1954 წლის 4 აგვისტოს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გავიხსენოთ ილო მოსაშვილის ლექსები „არიფს - გალაკტიონს“ (არიფი, ჰარიფი ნიშნავს გამოუცდელს, გულუბრყვილოს, აქ, ალბათ უმანკოს) და „ლეკის ქალი“.
არიფს - გალაკტიონს
ძმაო, მგოსნობა რის მაქნისია,
ლუკმის ძებნაში დღე იკარგება.
ზოგი ასაღებს ლექსებს ნისიად
და ზოგი ჰყიდის შაქრის პარკებად.
ბედი-ღარიბი ჩვენი ხვედრია,
ბევრჯელ ქოხიც კი არ გვეგულება,
და იმას როგორ დაგვაყვედრიან,
რომ პოეზია დაგვაქვს გულებად.
მე გულახდილი მაინც ვიქნები,
ვინ არ პოეტობს ეხლა მითხარი?..
ამ აბედივით გამშრალ წიგნებით
ლამის თვალები გამოვითხარე.
ამდენ ცოდვილებს რით მოვუაროთ,
ძმაო, წაიღეს სმენა ტრაბახით.
უნდა შაირებს ვუთხრა უარი
და კიტრი ვყიდო თავზე თაბახით.
და თუ ვიგრძენი სიტყვა ძალიან,
ან თუ ავენთე ლექსის ხსენებით,
ეს, გალაკტიონ, შენი ბრალია,
და შენი გიჟი „ლურჯა ცხენების“.
და როცა ღამეს მხრებზე ისხამენ
მთაწმინდის გასწვრივ მწვანე სერები,
მე მელოდება დილა სისხამი, -
შენი ლოცვებით და სიმღერებით...
ჩვენ არიფებში უნდა გვერიოს
შენი სახელი შეუწყვეტავი...
ნეტავ ეგ მადლი არ დაგელიოს,
და დიდხანს გვყვანდე, ძმაო, ნეტავი!
1927
ლეკის ქალი
ძვლები დამიფშვნა, დამკრა ციებამ,
ბუხართან ქალი ნაწნავებს ნასკვავს.
ქალს სიცხიანი თვალი მიება,
როგორც დაღესტნის კრიალა ვარსკვლავს.
მას ქმარი ჰყავდა, ტიალ ბორანთან,
ალაზნის პირას, მოჰკლეს თუშებმა,
საცაა იგი ჩონგურს მომართავს
და ძველი სევდა მოეშუშება.
ფანჯრებში მთვარე შემოპარულა,
ქალს ად დახსნია დარდი ორგული:
- ისევ ქმარს სტირი? - ვკითხე ფარულად.
- სიყვარულს ვტირი! - ამბობს ჩონგური.
1933