ექსპერტი თავხელიძე, საპარლამენტო ოპოზიციას, „პოპულისტს“ უწოდებს

  10:35:24     29-02-2012

პოლიტოლოგი და ექსპერტი მიხეილ თავხელიძე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ბოლო წლიურ მოხსენებას აფასებს. პოლიტოლოგის აზრით,  პრეზიდენტის ინიციატივა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ, ძალიან კარგი იდეაა.

„მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, რადგან მანამდეც, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივებული იყო. თუმცა, ეს დამატებითი სტიმული და წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის ერთგვარი პასუხი იმათთვის, ვინც მოგვიწოდებს, რომ კრემლთან ან პუტინთან ურთიერთობები დავალაგოთ. ერთადერთი საშუალება, „დავალაგოთ“ რუსეთთან ურთიერთობები არის ის, რომ ვაჩვენოთ რუსებს საქართველოს დემოკრატიულობა და ლიბერალურობა“.

 ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან, ამ ფაქტთან დაკავშირებით, უაზრო განცხადებები იქნება გაკეთებული. „რეალურად, რუსი მოქალაქეებისთვის ეს იქნება სიგნალი, რომ საქართველოს კარი არის მათთვის ღია და მათ შეუძლიათ აქ გააკეთონ ბიზნესი“.  რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტის ერთსაათიან მოხსენებას, თავხელიძის თქმით, საინტერესო იყო პრეზიდენტის გამოსვლა იმ კუხით, რომ დავინახეთ რეფორმების გაგრძელების სურვილი.   საზოგადოებამ დაინახა მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რათა არ შეჩერდეს აღებული კურსი და მიყვანილი იყოს ყველა რეფორმა ბოლომდე.

„ბუნებრივია, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებში, ჯანდაცვის სფეროში, სადაზღვევო სისტემაში არის პრობლემები. ეს თავად პრეზიდენტმაც განაცხადა, თუმცა იქვე დასახული იყო გეგმები და წარმოდგენილი პროგრამები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება. ასევე გახმოვანდა სტრატეგიული ხედვები იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს  საქართველო უახლოეს რამდენიმე წელიწადში. ჩემთვის პირადად, მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ველოდი ზუსტად ახალი პროგრამების გახმოვანებას“– აღნიშნავს ექსპერტი.

რაც შეეხება ოპოზიციის გამოსვლას და „პოლიტიკურ დებატებს“. თავხელიძე ამბობს, რომ ოპოზიციისგან ელოდა სტრატეგიულ ხედვებს  პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებთ და არა „ძველი ცოდვების“ ერთმანეთისთვის გახსენებას.  

„საინტერესო იქნებოდა კამათი პრეზიდენტთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა მომავალში. რას აპირებს ოპიზიცია არჩევნებისთვის და რა პროგრამები შეიძლება შესთავაზონ საზოგადოებას. მე ამას ველოდი. თუმცა, ჩემი აზრით, იყო პოპულისტური გამოსვლები, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ საქმეებს. ამის განხილვის ადგილი პარლამენტი არ  იყო, როდესაც პრეზიდენტი საპროგრამო სიტყვით გამოდიოდა პარლამენტში“.