"საქართველო აღარ დაბრუნდება შევარდნაძის პოლიტიკური გვამების ხელში”

  00:59:39     29-02-2012

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატები გაიმართა. დებატები „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ გახსნა. დეპუტატმა განსახილველად რამდენიმე საკითხი წამოწია. ისაუბრა ხელისუფლების ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, პროექტებზე, ეკონომიკურ საკითხებზე და ასე შემდეგ.

კრიტიკის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციონერ პარლამენტარს საქართველოს ახლო წარსული შეახსენა, როცა მასწავლებლებს ჰქონდათ ძალიან დაბალი ხელფასი, სკოლებში არ იყო გათბობა და ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გეგმებია, მაგალითად, ლაზიკის აშენება და სურს თავად მიიღოს ამაში მონაწილეობა. „არავის ჩემ აზრს თავზე არ ვახვევ, ეს არის კოლექტიური შრომა, იდეალისტურად განწყობილი ადამიანების“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  „თუკი წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში 120 ათასი ტურისტი შემოდიოდა, შარშანწინ 2 მილიონი, შარშან 3 მილიონი, წელს კი 4 მილიონი შემოვიდა. მათ ჩემი სახლის უკანა საკუჭნაოში არ ვმალავ. ისინი სიღნაღში, ბათუმში, თბილისში დადიან და ანაკლიაში, ლაზიკაში ჩავლენ. ესაა სრულიად კონკრეტული რეალობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"როცა ბათუმს თქვენ და თქვენი მეგობრები მართავდით, ეს იყო შავ ფერებში გადაწყვეტილი უგზოო, ყველაზე გაუნათებელი ქალაქი, რომელიც მინახია მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე განადგურებული ინფრასტრუქტურით", - მიმართა პრეზიდენტმა გიორგი თარგამაძეს.

"ჩემი გეგმებია რომ ვიცხოვრო ისეთ განათებულ საქართველოში, რომელსაც ვერავინ ჩააქრობს და ჩააბნელებს და ამასაც უახლოეს წლებში მივაღწევთ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა: "ჩვენ რომ თქვენთვის დაგვეჯერებინა ჩვენ აუცილებლად ეხლა ვიქნებოდით, როგორც ქვეყანა ხელგაწვდილი, დამცირებული, ბოლომდე არ გვექნებოდა არანაირი ჩვენი ენერგეტიკით მომარაგების წყარო".

"რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ისტორიაზე, ღვთის ნებაზე და კოსმოსურ ძალებზე, მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ - ქართველი ხალხი", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

"საქართველო აღარ დაბრუნდება შევარდნაძის ჩაშმორებული, მუმიფიცირებული, პოლიტიკური გვამების ხელში. ჩვენი შემცვლელები იქნებიან არა ჯონდები და მათი პატრონები, არამედ საქართველოს მომავალი თაობა, რომელიც ახლა მოდის პოლიტიკაში.

ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ იმას, რომ ხელისუფლებაში დაჭაობება არ მოხდეს და ჩემი მთავარი სიამაყე, რის გამოც საქართველო წინ მიდის – არაკორუმპირებულობა, არ დასრულდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დებატებმში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: პეტრე ცისკარიშვილმა, გიორგი ახვლედიანმა, გია ცაგარეიშვილმა, ნუგზარ წიკლაურმა, აკაკი მინაშვილმა და სხვებმა. დებატები ფრაქციების თავმჯდომარეობის გამოსვლებით დასრულდა.

შემაჯამებელი სიტყვა კი საქართველოს პრეზიდენტმა წარმოთქვა, რომელმაც განაცხადა, რომ "მიუხედავად უღირსი გამოსვლებისა, ოპოზიციის და უმრავლესობის დებატებით კმაყოფილია, რადგან პოლიტიკური კულტურა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მთავარია ქართველი ხალხი დარჩეს გამარჯვებული, ჩვენ ვართ დროებითი და ყველა ჩვენგანი როცა იქნება ჩანაცვლდება, ერთადერთი ვინც არ ჩანაცვლდება, ეს მრავალეთნიკური ქართველი ერია" - აღნიშნა პრეზიდენტმა.