18 წლის ახალგაზრდამ, მკვლელობის შემდეგ, მიმალვისას, კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა

  18:01:07     28-02-2012

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 წლის გიორგი ლაშქარაშვილის საქმეს განიხილავს, რომელსაც ბრალად, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული - მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედება. ლაშქარაშვილმა მიმდინარე წლის 2 იანვარს 17 წლის სანდრო დალაქიშვილი მოკლა. იმავე დღეს მან თანნაქონი დანით ჭრილობა მიაყენა კიდევ ერთ პირს და მიიმალა. სამართალდამცავებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და მკვლელობის მეოთხე დღეს- 6 იანვარს, ლაშქარაშვილი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემზარავი მკვლელობის მიზეზი ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1994 წელს დაბადებულ სანდრო დალაქიშვილს. დალაქიშვილი მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს ლაშქარაშვილმა კიდევ ერთი დანაშაული ჩადიდინა. მას შელაპარაკება მოუვიდა აბაშიძის ქუჩაზე, მისთვის უცნობ პირებთან და დანის გამოყენებით მუცლის არეში დაჭრა არასრულწლოვანი. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ლაშქარაშვილი 2 იანვარს ჩადენილ დანაშაულს ასე იხსენებს: ,,2012 წლის 1 იანვარს, ჩემს მეგობარს და სანდრო დალაქიშვილს მოუვიდათ შელაპარაკება, რის შემდეგაც მოხდა ჩხუბი. მეორე დღეს დამირეკა ვიღაცამ სანდრო დალაქიშვილი გელოდება ,,პოპულისა’’ და ,,იოლის’’ წინო. გადავედი, შევხვდი მაგ ბიჭს. ჩავედით ეზოში, ვილაპარაკეთ. დამარტყა ხელი, დავინახე დანა ეჭირა, ამოვიღე დანა და დავარტყი ერთხელ და გავიქეცი. აბაშიძეზე რომ მივრბოდი 4 ბიჭი იდგა, იგინებოდნენ, შევტრიალდი, მე ხომ არ მაგინებთ მეთქი? მაგის გამო მოგვივიდა შელაპარაკება, ჩავედით ფალიაშვილზე, მაგ ბიჭსაც ერთხელ დავარტყი დანა და გავიქეცი, რის შემდეგაც ვიმალებოდი.’’