ვიქტორ გაბისკირიას „გახიზნულნი“, „ვეფხისტყაოსნის გადარჩენა“, „ორნი“
13:12:25     28-02-2012
პოეტი, მთარგმნელი და დრამატურგი ვიქტორ იპატის ძე გაბისკირია დაიბადა 1903 წლის 29 იანვარს ფოთში, მოსამსახურის ოჯახში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1922 წელს გაზეთ „ბახტრიონში“. რედაქტორობდა ფოთის გაზეთ „პონტოს“ და ბათუმის ჟურნალ „ისპირს“. მისი პირველი წიგნი გამოვიდა 1929 წელს. დაწერილი აქვს პოემები: „ქეთევან წამებული“, „შემთხვევა პიონერთა ბანაკში“, „ნონია მესხი“, ცნობილია მისი პიესები: „ლაქაშებს შორის“, „მათი ამბავი“, „უფსკრულთან“, „გურიის მთები დაუთოვია“ და სხვა... წერდა ლიტერატურულ წერილებს და ნარკვევებს. თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, მიცკევიჩის ნაწარმოებები.
ვიქტორ გაბისკირია გარდაიცვალა 1964 წლის 27 აგვისტოს. დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გთავაზობთ მის სამ ლექსს. ეს ლექსები გვიჩვენებს პოეტის პატრიოტულ ბუნებას, ქართველების გმირული წარსულით აღფრთოვანებას და იმედს.
გახიზნულნი
მთას შეეხიზნენ ქართველები, ამოჰყვათ მათ თან
დროშები, დარდი სამშობლოზე და იარები,
დახვდათ აქ ქარი სუსხიანი და ჯანღი მთათა
დადიან მთებში სევდიანნი, მგლოვიარენი.
ნუთუ მტერს შურის საძიებლად კვლავ ვერ დაესხან?
ნუთუ მამული სამუდამოდ გამოიგლოვეს?
არა! იმედად მთებში ისევ მოსულა ეს ხმა:
„ბატონიშვილი ჯარებს აგროვებს!“
„ვეფხისტყაოსნის“ გადარჩენა
გიზგიზებს ცეცხლი, დგას სურნელი ფოთლების, მიწის,
ცეცხლი რუხ კედლებს ხეთა ტოტებს და რისხვას ახლის.
გარს მოხვევია ირანელთა ჯარი და იწვის
ჩუქურთმიანი, სევდიანი ქართული სახლი.
იწვის მიდამო, ითელება მწვანე ჯეჯილი,
ვაზი, რომელსაც არ მოუსხამს ჯერაც მტევანი,
დამარცხებული და ქულაჯა შემოგლეჯილი,
მოყმეთა შორის, იქვე მთაზე, დგას ნოშრევანი.
უცებ დაეშვა იმ მხარისკენ, სად ცეცხლი ბოლავს,
მისი ხმა რუხად განათებული სიჩუმეს კვეთდა,
დასირმულ ტანმა და ხანჯალმა თან გაიყოლა
ჩამავალი მზის სხივები და ცეცხლს შეუერთა.
მტრის ლაშქარში თქვეს, - „ალბათ დარჩა იქ ოქრო-ვერცხლი,
ნივთები და მათ გადარჩენას შეიძლებს განა?!“
მაგრამ ხედავენ: უვნებელი მოდის ცეცხლიდან
და ფერფლწაყრილი ერთი წიგნი გამოიტანა.
როს გაატარეს წიგნით ხელში, ვერაფერი თქვეს,
ყველას ხიბლავდა ეს შემთხვევა ჯერ არნახული,
მაგრამ თქვა ერთმა: „მოვტყუვდითო, რადგანაც ქართველთ
თვალმარგალიტი ჰქონდათ, ალბათ, იქ შენახული“.
ორნი
ეწადათ ვაჟკაცთ მოსულ მტერთან ბრძოლა ქებული,
ახლა კი რა ქნან! არ ასვენებთ ფიქრი და იჭვი,
სხედან გზის პირად ნაღვლიანნი, ჩაფიქრებულნი
მახლობელ სოფლის გლეხნი - ვეფხო და დედას ბიჭი.
შემუსრა მტერმა მათი რაზმი, გადარჩნენ მხოლოდ
ორნი და მტრები იქნებ უკვე მამულში ქრიან,
ვისთან გამოჩნდნენ, სატანჯველი ვის გაუმხილონ,
ღმერთმა იცოდეს, გადარჩენა არ უფიქრიათ.
უცებ ყიჟინა შემზარავი მოესმათ შორით,
უახლოვდება მტერი, რისხვით მთას გადმოსული,
გამოეთხოვნენ ერთმანეთს და ეკვეთნენ ორნივ
მტრებს და ბრძოლაში ვაჟკაცურად დალიეს სული.
მინდორზე წვანან, ყვავილებით უბე ევსებათ
უთანასწორო ომში გასულ სოფლის ფალავნებს,
მინდვრის ბალახი და ნიავი ეალერსება
იმათ ხუჭუჭ თმებს და ქართულად შეკრულ ქალამნებს.