შალვა ნათელაშვილი: ბიძინას ვერ ავაკრავ პირზე ლეიკოპლასტს. ჭყავის და იჭყავლოს

  15:42:57     27-02-2012

„ლეიბორისტული პარტია“ არჩევნების მოგებას, არჩევნებამდე აპირებს. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არჩევნები ოქტომბრამდე უნდა მოუგონ. 

„ვაგრძელებთ აქციებს. ჩვენ არ გავჩერებულვართ არც პრეზიდენტის დაბადების დღეზე, არც ჩემს დაბადების დღეზე. 29 მარტი იქნება გაგრძელება იმ ბრძოლისა, რომელიც დაგვირგვინდება გამარჯვებით“.     

შალვა ნათელაშვილმა იმ პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციის ლიდერთა განცხადებაზეც ისაუბრა, ვინც პირველი ლეიბორისტის  მიერ დაგეგმილ აქციებში, ხელისუფლების ინტერესებს ხედავს. „ადამიანებს, რომელიც აცხადებენ, რომ ქუჩის აქციები არის ხელისუფლების ინტერესებში, ავიწყდებათ გუშინდელი დღე, როდესაც ეროვნულმა მოძრაობამ და ზვიად გამსახურდიამ, მაშინდელი არჩევნები მოუგო არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე“.  ნათელაშვილის თქმით, ყველა ვინც ამბობს, რომ მიტინგების ჩატარება ემსახურება  ხელისუფლების ინტერესებს,  არის ხელისუფლებაზე უარესი დამნაშავე და კრიმინალი საკუთარი ქვეყნის წინაშე. 

ბიძინა ივანიშვილის წამოცდენებსა და მისი თანაგუნდელების ალოგიკურ განცხადებებზე „ლეიბორისტების“ ლიდერმა „პრესა.ჯი“–სთან ისაუბრა. 

– ბიძინა ივანიშვილი  გიწოდებთ ხელისუფლების სატელიტ ოპოზიციურ პარტიას, თქვენც ანალოგიური ბრალდებები გაქვთ ოლიგარქთან დაკავშირებით.

რა არგუმენტები გაქვთ თქვენი პოზიციის დასამტკიცებლად? 

– ამ ადამიანის დაბალი ინტელექტის მიუხედავად, მას კარგად შეუსწავლია ძველი ვერაგული, ისტორიული ფორმულა „დააბრალე მოწინააღმდეგეს ის, რის წინააღმდეგაც ოპონენტი მთელი ცხოვრება იბრძვის“. ეს კარგად შეუსწავლია მას და რა ვქნა ახლა მე? ვერ ავაკრავ პირზე ლეიკოპლასტს. ჭყავის და იჭყავლოს. სამწუხაროდ ეს ჭყავილი, არა მხოლოდ მისთვის მოიტანს ცუდ შედეგს, არამედ  ჩვენი საქართველო ისევ დაიჩოქებს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. 

– ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მატერიალური მხარე მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ის პოლიტიკაში მოვიდეს და ხალხს ემსახუროსო, როგორ აფასებთ მის ამ მიდგომას პოლიტიკურ სუბიქტებთან მიმართებაში? 

–   არც ვიცი, ვინ არის არჩილ კბილაშვილი... 

– ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი და მისი პირადი ადვოკატი... 

– პირადი ექიმიც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? რაც შეეხება ამ მილიარდერს პიროვნებას. საერთოდ, ეს არის მდიდრების დაავადება. არ გვთვლიან ჩვენ ადამიანებად. ჩვეულებრივ რიგით ადამიანს მდიდარი უყურებს, როგორც საექსპერიმენტო კურდღელს. ივანიშვილს წამოსცდა კიდევაც, რომ მე ჩემს გარემოცვას ფროიდისეულად, ფსიქოლოგიურად ვაკვირდებიო. ისინი გვაკვირდებიან როგორც ინსტიქტების მატარებელ ცოცხალ ორგანიზმებს და თუ არ ხარ მათთვის მისაღები და მათი რიგების პოტენციური წევრი, არც დაგისიძევდებიან, არც დაგირძლევდებიან და არც თანასწორად ჩაგთვლიან. უბრალოდ, დროებით მიგიღებენ იმისთვის, რომ ხმები წაგტყუონ. 

– ბიძინა ივანიშვილმა გურამ ოდიშარიას საინიციატივო ჯგუფის წევრად წარდგენისას, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენია, თქვენი აზრით ეს მისი მხრიდან წამოცდენა იყო თუ პოზიცია? 

–  არაფერი წამოცდენილი არ არის. ის საუბრობს იმას, რასაც ფიქრობენ მისი პატრონები, მაგრამ ვერ ამბობენ.   მან უარესი რამეც თქვა. სამხრეთ ოსეთის  ერთ–ერთი რეგიონი იყო სამაჩაბლოო. მასე ახალგორი სამხრეთ ოსეთია?  თუ მთიულეთია? გამოდის, რომ მარტო სამაჩაბლო იყო ქართული რეგიონი სამხრეთ ოსეთში და დანარჩენი იყო ოსების კუთვნილი ტერიტორია, რომელზეც კანონიერად განაცხადეს პრეტენზიები. ეს არის მისი ოცნება. 

– მისი კოალიცია უკვე  ჩამოყალიბდა...  ბიძინა ივანივილის პოლიტიკაში მოსვლისა და მისი განცხადებების შემდეგ, ელოდით რომ მას ეს გუნდი ეყოლებოდა? 

– მათი საქმეა. ჩვენ არავის მივდგომივართ, არავისთან  გავერთიანებულვართ. რომც არ მომხდარიყო ეს დაპირისპირება ჩვენსა და ივანიშვილს შორის, მასთან არ გავერთიანდებოდით. 

– ეს ხომ კოალიციაა, რომელიც  არჩევნებისთვის შეიქმნა? 

– არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც პარტია ერთიანდება კოალიციაში, ჯობია ლიკვიდაცია გამოაცხადოს და შეუერთდეს უფრო დიდ პარტიას, რათა სირაქლემასავით არ დამალოს თავი ქვიშაში. ერთ არჩევნებზე სხვა სახელით არ წარსდგეს, მეორეზე სხვა პატრონთან, მესამე არჩევნებზე სხვა ბლოკში და ა.შ. ასე, ერთი და იგივე სახით, ეს ძიძიგური შემოგვაბერდა და შემოგვაბერდა. სამტრედიაში რომ რკინიგზა გადაკეტა, იმის შემდეგ სულ დარბის და დარბის. ეს არსერიოზულობაა.