
პუტინზე თავდასხმა, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებამ დაიჯერა
12:59:59     27-02-2012
როგორც რუსეთის „პირველი არხი“ იუწყება რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურებმა ვლადიმერ პუტინზე მოსალოდნელი თავდასხმა აღკვეთეს. ინფორმაციის თანახმად პუტინის ლიკვიდაციას გეგმავდნენ ბანდიტები, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ და რომლებიც უკვე დაკავებულები არიან.
„პირველი არხის“ ინფორმაციით 4 იანვარს ოდესაში, ერთ-ერთ სახლში აფეთქება მოხდა. რის შემდეგაც ადგილზე აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობების დეტალები. „ერთ-ერთი პირი, რომელიც ბინას ქირაობდა, დაიღუპა. კიდევ ერთი, რომელმაც დამწვრობა მიიღო, გადარჩა. ილია პიანზინი დაკითხეს. გაირკვა, რომ ის, დაღუპულ რუსლან მადაევთან ერთად, ოდესაში, დოკუ უმაროვის მიერ მიცემული მკაცრი ინსტრუქციებით თურქეთის გავლით ემირატებიდან ჩაფრინდნენ“ - იუწყება „პირველი არხი.“
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია თავდასხმის მესამე მონაწილეც, რომელიც ხანძრის დროს მიიმალა. გავრცელდა 31 წლის ადამ ოსმაევის ჩვენების დეტალები, რომელშიც ის ამბობს, რომ „საბოლოო მიზანი იყო ჩავსულიყავით მოსკოვში და თავდასხმა განგვეხორციელებინა ვლადიმერ პუტინზე“.
სპეცსამსახურების განცხადებით, პუტინის ლიკვიდაცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა მისი კომენტირებისგან თავი შეკავა.
უკრაინას პირველად არ გადაურჩენია პუტინი. 2000 წელსაც, სწორედ უკრაინული სპეცსამსახურები ფლობდნენ ინფორმაციას პუტინზე მოსალოდნელი თავდასხის შესახებ, რომელიც თითქოსდა, იალტაში დსთ-ის სამიტზე 18-19 აგვისტოს სამიტზე იგეგმებოდა.
პუტინის ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ გავრცელებული ცნობა დამაჯერებელი და შემაშფოთებელი მხოლოდ ხელისუფლებისა და სახელისუფლო მედიისთვის აღმოჩნდა. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კი, ამ „საინფორმაციო პოლიტიკაში,“ საპრეზიდენტო არჩევნების წინ და მას მერეც მოსალოდნელი „დიდი წმენდის“ დასაწყისი დაინახა.