30 ვერცხლი, თოკი და საპონი პუტინისათვის

  08:22:45     27-02-2012

მოღალატეები ყოველთვის სძულდათ „ჩეკაში“, ასე შეაფასეს გუშინ მოსკოვში გამართულ მიტინგზე „ფსბ“-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ალექსანდრე გუსაკის საქციელი.

გუსაკმა, როგორც ქვეყნისა და სამხედრო ფიცის მოღალატეს, ვლადიმერ პუტინს თოკი, საპონი და 30 მონეტა უსახსოვრა. ეს საბჭოთა არმიის თეატრის გვერდით, სუვოროვის ძეგლთან გამართულ მიტინგზე მოხდა, რომელიც საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს ეძღვნებოდა. თავისი პროტესტი ამ შეკრებაზე მხოლოდ გუსაკს არ გამოუხატავს. აქციაზე მისულმა ოფიცრებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში მიღებული მედლები და ჯილდოები ერთად მოაგროვეს და დევიზით „ატარე, ვოვა“ ვლადიმერ პუტინისათვის გადასაცემად გაამზადეს.

გუსაკს თავისი მედლები არ მოუხსნია:

„ჩვენი ოფიცრები დღეს პუტინს თავის ჯილდოებს გადასცემენ… მე არ გავაკეთებ ამას - ეს ჯილდოები ჩემთვის მას არ მოუცია. მისი გულისთვის არ ვეომებოდი მე ნაძირლებს, როცა ჩემს რუს ხალხს ვიცავდი.საბჭოთა ოფიცრების სახელით, პირადად მე, ვლადიმერ პუტინს ღალატისათვის 30 ვერცხლს, თოკსა და საპონს გადავცემ“ - განაცხადა „ეფესბელმა“ პოლკოვნიკმა, რომლის საქციელსაც, როგორც მოგვიანებით „დამკვირვებლებმა“ შენიშნეს, რუსეთში, თავისი შორსმიმავალი შედეგები ექნება.

ვლადიმერ პუტინისა და კრემლში მჯდარ ხელისფალთა მმართველობით არა მარტო ყოფილი და თადარიგში მყოფი სამხედროები არიან უკმაყოფილონი. ცოტა ხნის წინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს დავალებით ძალოვან სტრუქტურებში ჩატარებულმა გამოკითხვამ დამკვეთი შოკში ჩააგდო. როგორც გაირკვა, ძალოვნების 90% ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს. თანაც, საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ პრობლემის მოგვარებას ვერც ხელფასებისა და სხვა ფინანსური დანამატების გაზრდა შველის. აღნიშნულ კვლევას გრიფი „სამსახურეობრივი სარგებლობისთვის“ ადევს, თუმცა მისი ზოგადი არსი ექსპერტებისთვის მაინც გახდა ცნობილი.

ანალოგიური კვლევა სახელმწიფო დუმის არჩევნებამდეც ჩაატარეს, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ „ედინაია როსიასთვის“ ხმის მისაცემად, ძალოვნების მხოლოდ 3,8% ემზადებოდა.

ექსპერტები, გარდა იმისა, რომ თავისთავად, კრემლისთვის არასასურველ შედეგებზე მიუთითებენ, აცხადებენ, რომ გაცილებით უარესია, როცა პოლიციელებს, სამხედროებსა და სპეცსამსახურების თანამშრომლებს საკუთარი პროტესტის დამალვა აღარ სურთ.