იოსებ გრიშაშვილის „რა კარგი ხარ, რა კარგი!“
07:20:18     27-02-2012
XX საუკუნის დასაწყისი - საფუძველი ეყრება უახლეს ქართულ პოეზიას. ასპარეზზე გამოდიან ახალგაზრდა პოეტები.
ერთ-ერთი მათგანია იოსებ გრიშაშვილი (მამულაშვილი). უბრალო წრიდან გამოსული პოეტი, კალატოზის შვილი. მისი ტრიოლეტები ტფილისურია, სონეტებიც ქართულია და მაღალმხატვრული... მისი ლექსები უაღრესად ლირიკულია და პატრიოტული. მისი რითმა დახვეწილი, სახეები ორიგინალური და პოეტური ძალიან...
იოსებ გრიშაშვილი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმატორი ქართული ლექსისა. აშუღურ პოეზიაზე აღზრდილი და ევროპული მიმდინარეობების შესანიშნავი მცოდნე, დიდი ტალანტის შემოქმედი, ბრწყინვალე სინთეზს ახდენს. მისი შესანიშნავი პოეზია ტფილისურია, ქართულია, კავკასიურია, აზიური და ევროპულია, ევრაზიულია - განუმეორებელია.
იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილი დაიბადა 1889 წლის 12 (ახალის სტილით 24) აპრილს ტფილისში.
მამა ხარფუხელი კალატოზი იყო. პოეტი ჭაბუკობიდანვე გატაცებული იყო თეატრით. იყო სუფლიორი, მსახიობი.
იგი იყო არჩეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ჰქონდა მინიჭებული საქართველოს სახალხო პოეტისა და სომხეთის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, არა მარტო როგორც დიდ პოეტს, არამედ როგორც მემატიანეს ქართული პოეზიისა. მან შემოგვინახა არა ერთი პოეტის სახელი, რომელნიც ფსევდონიმებით აქვეყნებდნენ თავის ლექსებს. დიდ პოეტს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა" (1914-1918); "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926-1927). ასევე მას აქვს ნაშრომები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. იოსებ გრიშაშვილმა თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები.
გავიხსენოთ იოსებ გრიშაშვილის ბრწყინვალე ლექსი „რა კარგი ხარ, რა კარგი!“. დიდ პოეტზე საუბარი კვლავ გვექნება.
რა კარგი ხარ, რა კარგი!
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება
თმებზე ღამე გიცინის,პირზე - დღის ბრწყინვალება.
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე!
როცა მოვკვდე, გენაცვალე, ძეგლად გადამეფარე.
სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს, ის ბინა
და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბიბინა;
სპილომ ძვლები დაიფშვნა რამდენიმე წვრილ კბილად
და მარჯნებში ჩაგება მარმარილოს ბორკილად
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე....
როცა მოვკვდე, გეთაყვა ძეგლად გადამეფარე.
სუნთქავ და მაგ სუნთქვისგან, რომ მიბრძანო შენს მწერალს,
ფსალმუნს დავწერ, ღვთის ფსალმუნს, საგალობელ-სამღერალს.
მზე შიშობს, რომ მასზე წინ იას არ შეეყარო,
შენს სიარულს აჯავრებს დარხეული მთის წყარო.
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე,
როცა მოვკვდე, ლამაზო, ძეგლად გადამეფარე!
…თუმც ქალის სიყვარული მთის წყალივით ჩანჩქარა,
ისე სწრაფად გაირბენს, ისე სწრაფად და ჩქარა:
ვით სარკეზე ნაორთქლი, ვით სრიალი ტყის გველის,
ან ვით თითი კლავიშზე რომელიმე დამკვრელის.
ვის არ ვხედავ შენს გვერდით, შენსა გარეშემოსა,
ეგ სიტურფე მითხარი, ქვებით ვინ არ შემოსა.
ვის არ უნდა შენს გვერდით ადგილი დაიჩემოს,
ვის არ უნდა მითხარი, შენი ტრფობა იგემოს?
მე კი რით გაგაკვირვო, რომელ ქათინაურით,
მე ჩუმი ვარ გენაცვა, ვერ მოგხიბლავ ხმაურით.
ვერ მოგხიბლავ სიტყვებით, ვერ მოგხიბლავ... და მგონი,
სიტყვა ჯერ არ არსებობს, შენთვის გამონაგონი!
და მიტომაც მე მინდა, რომ ეგ სახე ლამაზო,
ჩემის ფრჩხილით დავკაწრო, ჩემის კალმით დავხაზო,
ლოყებზე დაგიბღაჯნო, რაღაც უცნაურება,
რომ სარკეშიც შეგზარდეს, შენი სახის ყურება, -
მაშინ ბრბო მყის დაგტოვებს, ბრბო წუთით ანათრთოლი,
გაგეცლება, როგორც ხეს შემოდგომის ფოთოლი.
და დამრჩები მხოლოდ მე, ვით სიცოცხლეს საწუთრო
და შევიძლებ რომ ერთმა ერთი დაგისაკუთრო.
მხოლოდ ჩემთვის იცოცხლებ, მხოლოდ, მხოლოდ და მხოლოდ
და გახდები მგოსნისთვის გამოუცნობ სიმბოლოდ!
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება!
თმებზე ღამე გიცინის, პირზე დღის ბრწყინვალება,
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე,
როცა მოვკვდე განაცვა, ძეგლად გადამეფარე!
1914