ბოლნისის სიონი (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)
07:11:53     27-02-2012
ბოლნისის სიონის ტაძარი მდებარეობს ბოლნისიდან 8 კმ-ზე, მდინარე ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე.
სიონის სახელწოდება საქართველოში პალესტინიდან შემოვიდა და რამდენიმე ადგილას გვხვდება. ბოლნისის სიონი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში. იგი აშენებულია 478 - 493 წლებში.
მცირე სამლოცველო, რომელიც ტაძარზე აღმოსავლეთიდან არის მიშენებული, VIII საუკუნისაა. ბოლნისის სიონის ფასადები მარტივია: ფართო კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, მომწვანო-ფირუზისფერი ტუფით.
შუა საუკუნეების დასაწყისის ხუროთმოძღვრებაში ფასადს ნაკლები ყურადღება ექცევა, მთავარია შიგა სივრცის გადაწყვეტა. ბოლნისის ინტერიერი დახვეწილი პროპორციებით, მორთულობის გააზრებული განაწილებით დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
სიონის ტაძრის კედლებზე შემონახული წარწერები უძველეს ქართულ წერილობით ძეგლს წარმოადგენენ. პირველი წარწერიანი ქვა, რომელიც მოთავსებული იყო ტაძრის ჩრდილოეთის მარცხენა შესასვლელის თავზე, ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მეორე წარწერაში, აღმოსავლეთ ფასადზე, მოხსენებულია ტაძრის ამშენებელი - დავით ეპისკოპოსი. მესამე წარწერა ჩრდილოეთის მარჯვენა შესასვლელის თავზეა.
დროთა განმავლობაში ძეგლი დაზიანდა. 1634 წ. სპარსელების შემოსევის დროს დაზიანდა კამარები და დასავლეთის კედელი. XVII საუკუნეში როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. XVII საუკუნის ბოლოს გიორგი XI -ის ბრძანებით ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და გვერდით სამრეკლოც მიუშენა.
XVIII საუკუნის მანძილზე ბოლნისი არაერთხელ დაარბიეს ლეკებმა. ძარცვა-განადგურება მას არც XIX საუკუნეში მოკლებია.
Monument.ge