ვაშინგტონი ირანთან ომისათვის შეიარაღებას ამზადებს

  06:54:39     27-02-2012

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ომის დასაწყებად, შეიარაღებას ამზადებს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, პენტაგონი სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში ელექტრონული დეტექტორების განლაგებას აპირებს, რომლის მეშვეობითაც საზღვაო ნაღმების გაუვნებელყოფა იქნება შესაძლებელი.  

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯეიმს მატისმა, შტატების კონგრესი საქმის კურსში უკვე ჩააყენა.

ამავდროულად, მატისის განცხადებით, მოხდება ორმუზის სრუტის მონიტორინგის მნიშვნელოვანი გაზრდა. გენერალმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე, შეიარაღების სისტემები განახლდება და გაძლიერდება, რათა, საჭიროების შემთხვევაში,  უფრო ეფექტურად განხორციელდეს ირანის სწრაფმავალი კატერების შემოტევების მოგერიება. როგორც ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების უკანასკნელმა სწავლებებმა აჩვენა, ამ კატერებზე განლაგებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მოწინააღმდეგისთვის.   

მსგავსი ინფორმაციების პარალელურად, განსხვავებული ცნობებიც ვრცელდება. მაგალითად, რიგი საინფორმაციო პორტალების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს აფრთხილებს, არ მიიტანოს იერიში ირანზე, რადგან ეს კონტრპროდუქტიული იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება. „სი-ენ-ენისათვის“ მიცემულ ინტერვიუში კი, გენერალი მარტინ დემპსი აცხადებს, რომ ამ დროისათვის, ირანზე თავდასხმა არასწორი გადაწყვეტილება გახდება. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ჯერ ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნა გადაწყვიტა. გენერლის თქმით, თეირანის „ჭკუაზე მოსაყვანად“, დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციები სრულიად საკმარისია.