კრემლი „მისტრალის“ გადაკეთებას აპირებს და საომარ ბაქიბუქს განაგრძობს
13:40:04     25-02-2012
რუსეთი არ აპირებს ისეთი „უწყინარი“„მისტრალები“ ჰყავდეს, როგორც ეს საფრანგეთშია.
მოსკოვს არ სჭირდება უიარაღო მისტრალი, ისეთი, როგორსაც საფრანგეთი აგებს - აცხადებენ რუსეთის გენშტაბში. სამხედრო უწყების განმარტებით „ასეთი „მისტრალები“ თავისი არსით, გიგანტური მცურავი საშუალებაა მართვითი სისტემებით, ნავიგაციით, დაზვერვისა და კავშირის საშუალებებით, ერთგვარი საკომანდო პუნქტი, რომელიც უნდა დაიცვა ზღვიდან, ჰაერიდან და სხვა საბრძოლო გემებითა და ავიაციით.
რუსეთს სჭირდება „მისტრალი,“ რომელმაც არა მარტო სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების ცალკეული ძალები უნდა მართოს და ადგილზე მიიყვანოს საზღვაო ფეხოსნები და ჯავშანტექნიკა, „არამედ თავადაც უნდა ჰქონდეს საკმარისი საცეცხლე და შეტევითი ძალა, რათა იყოს სრულფასოვნად დაცული და მრავალფუნქციონალური საბრძოლო ხომალდი ამ დაჯგუფებაში“ - აცხადებენ გენშტაბში.
ამის გამო რუსები „მისტრალების“ ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების გამშვები სისტემებით აღჭურვას გეგმავენ. ასევე, თითოეულ ხომალდეზე, ოთხ გემზე, რომლებიც საფრანგეთში იგება და ორზეც, რომელიც რუსეთში აიგება, დამონტაჟდება ანტირაკეტების კომპლექსები, „მისტრალები“ მიღებენ მოიერიშე ვერტმფრენებს, არტილერიას, სადესანტო საშუალებებს, კატერებს, ჯავშანმანქანებს და სხვა ტექნიკასა და იარაღს.
ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალმა ვლადიმერ ვისოცკიმ განაცხადა, რომ ვერტმფრენმზიდები შეიძლება აღიჭურვოს რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტებით: „ჩვენ ვაპირებთ დავდგათ სარაკეტო კომპლექსები თავდაცვისათვის, რომ ავამაღლოთ ანტისაჰაერო საშუალებებისა დაცულობა. ვერტმფრენმზიდის გამოყენებით გავაძლიერებთ სხვადასხვა ამოცანებს“ - განაცხადა ვისოცკიმ, თუმცა, ექსპერტები ვერ აკონკრეტებენ, ამ ყველაფერს რითი აპირებს ბოლო დროს პერმანენტული ბაქიბუქის ხასიათზე დამდგარი კრემლი, რომელსაც ქვეყნის შიგნით სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები აქვს.