ოკუპაციისა და ანექსიის მსხვერპლნი - მიხეილ ჯავახიშვილი

  13:29:36     25-02-2012

ქართული მწერლობას 1921 წლის 25 თებერვალმა, საქართველოს დაპყრობამ რუსული იმპერიის მიერ და ჩვენს ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამკვიდრებამ, დიდი დარტყმა მიაყენა - მოგვიკლეს დიდი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი.

ტიციანზე, პაოლოზე, ნიკოლო მიწიშვილზე ჩვენ ვისაუბრეთ... მათ სიას სხვებიც დავამატოთ, რადგან ბოლშევიზმის მსხვერპლნი მარტო ისინი არ ყოფილან, ვინც დახვრიტეს... გრიგოლ რობაქიძე აიძულეს სამშობლოდან წასულიყო, ლევან გოთუა დიდი ხნით იყო გადასახლებული, ქართველ მწერლებს და პოეტებს არ ჰქონდათ საშუალება თავისუფალი შემოქმედებისათვის, მათ ცენზურა აკონტროლებდა...

გარდა მწერლობისა, ქართული კულტურის სხვა დარგებსაც დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს გასაბჭოებამ.

როგორც ვწერდით, 1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა კავშირის სასახლეში პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა დიდმა პოეტმა პაოლო იაშვილმა, მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო“.  ეს ამბავი მისულა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ყურამდე... მანამდეც ბოლშევიკები უკმაყოფილო იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილის მოღვაწეობითა და ბიოგრაფიით.

პაოლოს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დაკვეთით, მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“.

მიხეილ ჯავახიშვილი დააპატიმრეს 1937 წლის 14 აგვისტოს. მისი წამება დიდ ხანს გაგრძელდა. 30 სექტემბერს მეოცე საუკუნის ერთი-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი დახვრიტეს. ბოლშევიკებმა გაანადგურეს მისი არქივის დიდი ნაწილი. მერე დაიჭირეს მწერლის ძმაც და ისიც დახვრიტეს. მეუღლე კი გადაასახლეს.

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წლის 8 (ახალი სტილით 20) მოემბერს სოფელ წერაქვში.

დიდი მწერალი წერდა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.

მისი ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე. მომავალი მწერალი სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და,  მამა უბედურებას გადაჰყვა.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა.

ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). 1907 წელს იძულებული გახდა გაცლოდა ცარიზმის რეჟიმს და საფრანგეთში გაემგზავრა. სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტში, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913 წლამდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 წელს კვლავ დაბრუნდა სამშობლოში.

მიხეილ ჯავახიშვილი იყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 1917 წლიდან გახლდათ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922-1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

რა თქმა უნდა, საქართველოსა და კაცობრიობის მტრები, ამგვარ ბიოგრაფიას როგორ აპატიებდნენ დიდებულ მწერალს. ბევრ „პროლეტარ მწერალსაც“ შურდა მისი ბრწყინვალე ტალანტისა...

დღეს გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკის რამდენიმე ჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს, როგორ უარყოფითად აფასებდა დიდი მწერალი საქართველოს გასაბჭოებას. ამ ჩანაწერებში ბევრი რამაა საგულისხმო.

ერთ საინტერესო მოსაზრებასაც ამოიკითხავთ აქვე, რომელიც ეხება „პროლეტარ მწერლებს“ და მისთანებს, თუმცა დღესაც აქტუალურია, რამეთუ რუსეთის იმპერიაზე შეყვარებული ჩვენი თანამედროვე ზოგიერთი „შემოქმედების“  ბუნებასა და ქმედებების მოტივებს ხსნის კარგად. იმ ადამიანებისას, რომლების ახალ სერგო ორჯონიკიძეს - ედუარდ შევარდნაძეს „მოუძღოდნენ“ წინ 1991-1992 წლების გადატრიალებისას და 2008 წლის ამბებში კი ქართულ მხარეს ადანაშაულებენ: „დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს. მხოლოდ ქართულის ფოლადურ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განგვკურნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სულიერ-ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს - „ჩვენ კი - ჩვენ ჩვენ თავს არ ვეყუდნით“ და ამიტომ მოლოდინის მეტი აღარა დაგვრჩენია რა“.

დიდ მწერალ სჯეროდა მომავალი, თავისუფალი საქართველოსი...

მწერლის უბის წიგნაკიდან

1924-1935

***25/II ( 25 თებერვალი, საქართველოს ნაძალადევი გასაბჭოების დღე. - გ. მ) - უქმე პატივახდილი დედაკაცის უქმეა, რომელიც სწორედ 25/II იხმარეს ძალით.

***დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღეჯილს, დაშინებულ და კბილებშელესილ მგელს (განვითარდეს).

***იმ ხანებში სიყვარული მოკვდა და იმის მაგივრად მეძავობა და მრუშობა გამეფდა.

***V. არ. ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და სულში ხანძარი მოედოთ.

***ბაზალეთის ტბის ძირიდან განგებამ ოქროს აკვანი ამოიღო. იმავე განგებამ სამი წლის შემდეგ წითელ ხიშტით უკანვე ჩააგდო.

***ორი მეგობარი: ბოლ. და მენ. 1920 წ. შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენმა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლიეს სახელმწიფო. 1924 წ. ბოლშევიკმა შეიტყუა მენშევიკი და დააპატიმრა.

იმისა და ახალი ქვეყნის შუა 25 თებერვალი ისე აიყუდა, როგორც გარდაუვალი მყინვარი.

*** ლიბრეტოსაც კი მოსკოვი ამტკიცებს. ცენტრ-ზმი კარგია ერთი მთლიანი ერით დასახლებულ ქვეყანაში, რუსეთში კი ამას სხვანაირი ხასიათი აქვს.

*** რუსეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს, ზედმეტი ინტელიგენცია გვყავს (განვითარდეს).

*** დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს. მხოლოდ ქართულის ფოლადურ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განგვკურნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სულიერ-ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს - „ჩვენ კი - ჩვენ ჩვენ თავს არ ვეყუდნით“ და ამიტომ მოლოდინის მეტი აღარა დაგვრჩენიარა.

*** თ. ხევისთავი რუსეთში იყო გაზრდილი.

*** საქართველო გაიტენა ქვრივებით, ობლებით, ცრემლით და ვაებით.

***2/VI-25 წ. მუხრანში ვიყავი. ილია ჭავჭავაძის მკვლელი მაჩვენეს. არ დავიჯერე. ლევან მეტრეველმა დამიდასტურა. შუ ტანის ჩასხმული მხეცი. ხშირი ულვაში. გრუზა. გმირად არის ჩათვლილი. ეხლა ყოველივე ცხადიაა. მაგონდება: 1909 ან 10 წელს სამიოდე იმის ამხანაგს სიკვდილი გადაუწყვიტეს. საზოგადოებამ პატიება სთხოვა. ოლღასაც მიაწერინეს წერილი. აპატიეს. მაგრამ ისტორია გვაპატიებს? დიდად მნშვნელოვანი ფაქტია. დაწვრილებით განვითარდეს. ეს კაცი მერე ხვრეტდა იმ ხალხს, რომელთაც ის გადაარჩინეს.

*** ილია ჭავჭავაძის მკვლელი ბერბიჭაშვილი - აღმ-ის თავ. მუხრანში.

*** „შავრაზმელი რუსი მირჩევნიან გარუსებულ წითელ ქართველს“- ამბობს ერთი.

*** დედა-მდინარევ სამი ათასი წელიწადია, რაც სწითლდები. დღეს რაც წითელი ქსოვილი მოიძებნებოდა, შენს ნაპირებს გადააფარეს, მაგრამ მაინც ვერ გაწითლდი. წითელი კი ხარ სისხლით.

*** 1925 დეკ. ყრილობაზე მარიამ ორახ-მა განაცხადა: სხვა ენები მოვსპოთ და რუსულის სწავლა გავაძლიეროთ, რათა ჩვენებს შეეძლოთ რუსეთში სამსახურიო. მეფის მოხელეებს ამაზე მეტი არაფერი უთქვამთ.

*** ბერბიჭაშვილი - ილიას მკვლელი 1925/XII აირჩიეს ც.საკ. კომ. წევრად!!!

***ბოლშევიზმი უმწიკვლო და უზადო სარკეა რუსის ხალხის. იგი მისი შვილიც არის, დედაც, შობილიც, მშობელიც. ორივ ერთია, განუყრელია. ვინც ეს ჭეშმარიტება გაიგო, მან ყოველივე გაიგო. დროა გათავდეს უუყალბესი ზღაპარი, ვითომ ხალხი სხვა იყოს, ბოლშევიზმი კი - რაღაც განაწყენებული, ციდან ჩამოვარდნილი რისხვა. ვინც ასე მსჯელობს, თავს ვერ დააღწევს სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას.