პირველი წინასაოლიმპიადო სკანდალი სოჭში

  11:11:07     25-02-2012

ნორვეგიის მოთხილამურეთა ნაკრებს სოჭის სამართალდამცველებმა პირველი სიურპრიზი მოუმზადეს. ნაკრების წარმომადგენლებს ოლიმპიური ტრასიდან თოვლის სინჯის აღების უფლება არც ოფიციალურად მისცეს, როგორც ეს მთელს მსოფლიოშია მიღებული და მოგვიანებით, ამ ტრასაზე მისვლის შემდეგ დააკავეს კიდეც, აღჭურვილობა კი ჩამოართვეს.

ნორვეგიელებმა, შესაძლოა, ამ ფაქტის გამო სერიოზული სკანდალი ატეხონ. ისინი მომხდარს დისკრიმინაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნებიც უკმაყოფილონი არიან, რადგან სხვადასხვა ტიპის პრობლემები სოჭში მათაც შეუქმნეს.

„ეს ნამდვილი პაროდიაა იმისა, რაც აქ 2 წლის შემდეგ უნდა მოხდეს“ - ამბობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ნორვეგიელი წარმომადგენელი გერხარდ ჰეიბერგი, - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვეცვალა სიტუაცია რუსების დამოკიდებულებისა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი უარს ამბობენ ტრასის ტესტირებაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსები კვლავ აპირებენ „მკაცრი თამაში“ ითამაშონ. სულაც არაა სასაცილო, რომ ჩვენი ჯგუფი დაკავებულია და ჩვენ ვიცით, რომ ასეთი პრობლემები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. ეს დაუშვებელია, რადგან ყველას თანაბარი უფლებები უნდა გვქონდეს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლდებთ - განაცხადა ჰეიბერგმა.

ოფიციალურად უარის თქმის მიზეზად რუსებმა ის დაასახელეს, რომ „ოლიმპიური ტრასები ჯერჯერობით სამშენებლო მოედანია და იქ ყოფნა სარისკოა“, თუმცაღა 23-დან 29 თებერვლამდე ამ „სარისკო“ ტერიტორიაზე რუსეთის თასზე სათხილამურო შეჯიბრი ტარდება.

ნორვეგიელები განცვიფრებულები არიან: რუსებს ტრასის თავისთვის შენახვა სურთ. ჩვენ, უბრაოდ, თოვლის სინჯის აღება გვინდოდა, რასაც სხვა ქვეყნებიც აუცილებლად მოისურვებენ.

ნორვეგიული გაზეთი Adresseavisen კი წერს, რომ ნაკრების მწრთვნელები წინასწარვე მოელოდნენ, რომ რუსეთი, როგორც ოლიმპიადის მასპინძელი, არ მოისურვებდა სხვებთან თანაბარ პირობებში ჩადგომას, რაც პატიოსანი შეჯიბრის პირობებს არღვევს.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა მწრთვნელმა ვიდარ ლოფხუსმა განუცხადა, ოლიმპიური მშენებლობის მთავარი საფრთხე ამ რაიონში ვლადიმერ პუტინისა და დიმირეი მედვედევისთვის სახლების მშენებლობაა და ალბათ, სწორედ ამიტომაც რუსეთის კულტურის სამინისტრომ ნორვეგიის ნაკრებს დახმარება ვერაფრით გაუწია, რადგან ლოფხუსის თქმით, „ეს პოლიტიკური საქმეა“.