
მედვედევი კმაყოფილია, რომ რუსული არმია ფანტასტიკურ ფილმში მაინც არის უძლეველი…
15:43:29     24-02-2012
დიმიტრი მედვედევს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებული ფილმი, „აგვისტოს რვა“ უჩვენეს. რუსეთის დე-იურე პრეზიდენტი აღფრთოვანებულია, ყველაზე მეტად კი იმით, რომ რეჟისორმა ჯანიკ ფაიზიევმა, მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების „სიძლიერე რეალურად ასახა“.
როგორც ცნობილია, რუსეთის არმია ახლა მოსკოვის ყველაზე „სუსტი წერტილია“, ამიტომ მედვედევს მოეწონა ის სუპერ-რობოტები, რომლებიც ფილმში რუსული შეიარაღებული ძალების ყოვლისშემძლეობის ეფექტს ქმნიან. თუმცაღა, სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ეს ჰოლივუდური ტექნოლოგიები, „აგვისტოს რვა“-ს უფრო ფანტასტიკური ბოევიკის ელფერს აძლევს.
თავისთვის სასარგებლო დაინახეს ფილმში იმ სამხედროებმაც, რომლებიც აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ და ფაიზიევის ნამუშევარი მედვედევთან ერთად ნახეს:
„ჩვენი ცოლები, როგორც იქნა, გაიგებენ, თუ რით ვართ დაკავებულები“ - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომელსაც როგორც ჩანს, სახლში არ უჯერებენ, რომ „კეთილ საქმეს“ ემსახურება.
მედვედევის თქმით, რუსეთმა ხშირად უნდა გადაიღოს ასეთი ფილმები, რომლებიც არმიის სულისკვეთებას აამაღლებს და თანაც, რუსეთის „შესაძლებლობების დემონსტრირებას“ მოახდენს. ფილმის ნახვის შემდეგ კი, პუტინის „მეწყვილემ“, კვლავ მუქარისშემცველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა:
„მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ იმყოფებიან ცალკეული სახელმწიფოების საჭეებთან, ესმოდეთ, რომ თუ ამას კიდევ გააკეთებენ, პასუხი იქნება ისეთივე. რამდენიც არ უნდა იტეხონ თავი, მათ ნებისმიერ შემთხვევაში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, მათ თავისი მთავარი მარცხი ცხოვრებაში უკვე განიცადეს“ - განაცხადა მედვედევმა.
კრემლის დაკვეთითა და დაფინანსებით შექმნილმა „აგვისტოს რვა“-მ საბოლოოდ დამკვეთის დადებითი შეფასება დაიმსახურა. მედვედევს მოეწონა, რომ ფილმში „სიმართლე“ აისახა, რომ რუსეთის არმია „მხსნელად“ მოევლინა ცხინვალს, ქართველი ჯარისკაცები კი ხოცავდნენ ოს ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. „აუცილებელია მეხსიერებაში შენარჩუნდეს ეს მოვლენები. კინემატოგრაფში ასახვაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ აღიქვამს ამ მოვლენებს შთამომავლობა“ - აღნიშნა მედვედევმა.
გაზეთმა „კომერსანტმა“, მაგალითად, ფაიზიევის ფილმთან დაკავშირებული ერთ-ერთი პუბლიკაცია ასე დაასათაურა: „იძულება ბლოკბასტერისათვის - ომი, როგორც კომპიუტერული თამაში აგვისტოში“. ანალოგიური შთაბეჭდილბებები რიგით რუს მაყურებელსაც შეექმნა:
„ფილმში დიდი ნაწილი უკავია პიროტექნიკისა და გრაფიკის სასწაულებს, ზოგიერთი მომენტის არარეალურობაც აშკარაა. ბავშვისთვის ასეთი ფილმის ყურება დაუშვებელია, მასში ბევრი ძალადობაა, როგორც რიგით ბოევიკში. განსაკუთრებული პატრიოტული მიმართულება კი ეს ისაა, რაც შეიძლება, ყველაზე მეტად არ მოეწონოს მაყურებელს“.
„დანგრეული ცხინვალის ფონზე, ფილმში კომპიუტერული რობოტის შემოყვანა დანაშაულია საღი აზრის წინაშე“.
„ნაჩვენებია საომარი მოქმედებები ბავშვის თვალით, რომელიც მუდმივად გამოგონილ სამყაროში გაურბის რეალობას“.
„ბევრი არარეალურობა და სპეცეფექტია“ - ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა თავად რუსულ ფორუმებზე მედვედევის შეფასებით აგვისტოს ომის „აბსოლუტურად რეალურად“ ამსახველ ფილმს. ერთადერთი, რაშიც მაყურებელი თანხმდება, არის ის, რომ ფილმი ძალიან წააგავს ჰოლივუდურ ბლოკბასტერს და მასში ბევრია „ამერიკული სცენების“ წამბაძველი ეპიზოდები, რაც რუსული კინემატოგრაფიისთვის „დიდი მიღწევაა“.