
მედვედევმა „ფეისბუქზე“ ქართველები დაბლოკა
12:54:43     24-02-2012
რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პირები საინფორმაციო ომს არ წყვეტენ. ამჯერად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდი ქართველებისთვის დაბლოკა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველმა ბლოგერებმა მედვედევის გვერდზე საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს და რუსეთში წითელი არმიის დღეს, საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნის შემცველი კომენტარები დაწერეს.
მას შემდეგ, რაც კომენტარებმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა, მედვედევის facebook– ის გვერდიდან მათი წაშლა დაიწყეს. თუმცა, კომენტარების სიმრავლის გამო, სრულად წაშლა ვერ მოხერხდა. ამიტომ, გუშინ საღამოს მედვედევის გვერდი საქართველოს ინტერნეტმომხმარებელთათვის დაბლოკეს.
ბლოგერი გიორგი გიორგაშვილი ამბობს, რომ გუშინ, სოხუმის ბლოგის ორგანიზებით, ერთობლივად განხორციელდა კომენტარების დადება დიმიტრი მედვედევის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. ამის შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტის გვერდის ადმინისტრაციამ საერთოდ დახურა, შესვლა საქართველოდან.
„ეს დაახლოებით მოხდა შუადღეს. ეს იყო ქართველების მიზანმიმართული აქცია, 23 თებერვალთან დაკავშირებით. იქ არცერთ ქართველ მომხმარებელს უცენზურო არაფერი დაუწერია. ქართველები მოითხოვდნენ იმას, რასაც ყველა ჩვენგანი ითხოვს, რომ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია“ – ამბობს „პრესა.ჯი“–სთან საუბრისას ბლოგერი.
გუშინვე, დიმიტრი მედვედევმა, კომენტარი გააკეთა რუსულ პროპაგანდისტულ ფილმზე, რომელიც რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომს ეხება. ქართველებმა, მისი ეს განცხადება გააკრიტიკეს, რასაც კომენტარების წაშლა მოჰყვა.
ბლოგერი გოჩა გაბოძე ამბობს, რომ დიმიტრი მედვედევის სოციალური ქსელების „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ ადმინისტრაცია, მსგავსი შინაარსის კომენტარებს ხშირად ბლოკავს.
„რამდენიმე მომხმარებელმა, მედვედევის პირად გვერდზე დადეს თავიანთი სახლების ფოტოები სამაჩაბლოსა და სოხუმში. ამის შემდეგ, ადმინისტრაციამ ქართველი მომხმარებლები დაბლოკა და საერთოდ შეწყდა საქართველოდან რაიმე სახის ინფორმაციის დადება მის გვერდზე“.
ამ დროისთვის უცნობია, როდის აიხსნება „ბლოკი“ ქართველი მომხმარებლებისთვის მედვედევის „ფეისბუქის“ გვერდზე, თუმცა ქართველების მოსაზრება კომენტარების სახით იმდენად ბევრი იყო, რომ ბოლომდე მათი წაშლა მაინც ვერ მოახერხეს.