"სესიაშვილო, გამოეთრიე და ბოდიში მოიხადე, ჯარისკაცების სისხლით როგორ ვაჭრობ არაკაცო“

  12:33:52     24-02-2012

ბიძინა ივანიშვილის აგონია მის გარშემომყოფებსაც გადაედოთ. მათი საუბარი სექსუალურ ფანტაზიებს გასცდა და საშიში ხასიათი შეიძინა. საქართველოს ხელისუფლებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში, 21 თებერვალს, სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო. 

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველების მამაცობასა და პროფესიონალიზმს და გარდაცვლილთა ოჯახებს შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მიუსამძიმრა. 

საქართველოში კი, ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელმა - სამხედრო ექსპერტად წოდებულმა დილეტანტმა, ირაკლი სესიაშვილმა ურცხვად სცადა ქართველი გმირების ტრაგიკული სიკვდილი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს ისინი ავღანეთში პრეზიდენტის ვიზიტისას საჩვენებელ ოპერაციას შეეწირნენ.

თურმე ამ ინფორმაციას მხოლოდ სესიაშვილი ფლობს (ამერიკელები არა) ოღონდ დეტალები არ იცის. „ქართული ოცნების“ მიუნჰაუზენმა ავღანური ტყუილები იმ გაზეთში გადმოაფრქვია, რომლის რედაქტორის მოადგილე, ხაჭაპურის გამოცხობის სპეციალისტი, ელისო ჩაფიძე ბიძინას „ოცნებებს“ შეუერთდა. 

სესიაშვილის ამ განცხადებას ქართული საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბევრმა მიუნჰაუზენ სესიაშვილის ტყუილებში, ივანიშვილის ფულის ძალა იგრძნო.

„პოლიტიკურ ქულებს იწერენ დაღუპული სამხედროების ხარჯზე",

"სესიაშვილი ნაგავია", 

„ამხელა სისულელე ჯერ მართლა არ მსმენია, არ მიკვირს არშემდგარი ექსპერტი რომ ასეთ სისულელეებს თხზავს“,

„ავღანეთშიც სააკაშვილი ყოფილა მთავარსარდალი. ამერიკელები შირმაა უბრალოდ“, 

,,ირაკლი სესიაშვილო - შენ ხარ ჩვეულებრივი გარეწარი და უნამუსო ადამიანი, რომელიც საკუთარი პიარისთვის ყველაფერზე მიდის. ან დაადასტურე შენს მიერ ნათქვამი ეს სიტყვები რეალური მტკიცებულებებით ან გამოდი და საზოგადოებას ბოდიში მოუხადე“, 

„ბატონო ბ.ი. მართლა თვლი რომ სამხედრო ექსპერტი არის სესიაშვილი? ადამიანი რომელმაც პრეზიდენტის ახირებას დააბრალა სამი ბიჭის დაღუპვა? ადამიანი რომელსაც ჰგონია რომ ჩვენი პრეზიდენტი მართავს ავღანეთში ოპერაციებს თავისი პიარისათვის?“,

„ეგ სესიაშვილი ერთი ჩვეულებრივი ცრუპენტელა ყოფილა, მაგრამ ძალიან საშიში ადამიანიც, კაცი, რომელიც ქართველი სამხედროების დაღუპვის ფაქტს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს, უნამუსოა",

"ასეთ დეგენერატებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ", 

"ბატონო ბიძინა, სესიაშვილისნაირი ცრუ ადამიანები თქვენს გვერდით არ უნდა იყვნენ. იქნებ მიხვდეთ იმას, თუ როგორ გასულელებენ ამხელა კაცს. როგორ გმართავენ მარიონეტი თოჯინასავით, როგორ წამოგასხდნენ კისერზე ხიდაშელი, უსუფა, ეს სესიაშვილი და სხვები. ნუთუ ამას ვერ ხედავთ? ვიმედოვნებ რომ არ გსურთ მათი სათამაშო იყოთ... ვერ ხვდებით რომ თქვენი მიზნები და იდეეები, მათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ იმისთვის არიან თქვენთან რომ კარგად მოგწველონ?"

„ირაკლი სესიაშვილო, გამოეთრიე და ბოდიში მოიხადე, ქართველი ჯარისკაცების სისხლით როგორ ვაჭრობ შე არაკაცო?“, - წერდნენ ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებში სესიაშვილის განცხადებით აღშფოთებული მოქალაქეები.  

სოციალურ ქსელ ფეისბუქში კი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდნენ ბიძინა ივანიშვილის გვერდების ცენზორები, რომ არასასურველ კომენტარებს გამკლავებოდნენ.

როგორც ჩანს, სწორედ საზოგადოების აღშფოთების შედეგი გახლავთ ის, რომ სესიაშვილმა „პრესა.ჯი“-სთან საუბარში  უარყო ინფორმაცია, სამი ქართველი სამხედროს ავღანეთში პრეზიდენტის ვიზიტისას დაიღუპვის შესახებ და ახალი, შედარებით მსუბუქი ვერსია შემოგვთავაზა. თითქოს პრეზიდენტის ვიზიტმა ავღანეთში თალიბების გაღიზიანება გამოიწვია და ამის პასუხად განახორციელეს ანგარიშწორება ქართველ სამხედროებზე. 

„პრესა.ჯი“: თქვენ არ გითქვამთ, რომ ეს სამხედროები პრეზიდენტის ვიზიტის დღეს დაიღუპნენ და ეს ფაქტი დაიმალა?

ირაკლი სესიაშვილი: „არა, მე ვთქვი სასურველია გამოვარკვიოთ როდის მოხდა ეს ფაქტი მეთქი. იმ დღეს მოხდა, მეორე დღეს თუ მესამე დღეს...“

მას შემდეგ, რაც სესიაშვილი თავისი ზღაპრების გამო საზოგადოებამ გვარიანად გაწკეპლა, ე.წ. ექსპერტმა სცადა ივანიშვილისთვის მაინც არ მიეყენებინა ჩრდილი და მორიგი სისულელე წამოროშა - ეს განცხადება როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს არ გამიკეთებიაო.