აგვისტოს ომისთვის დაჯილდოებული რუსი სამხედროები, სადისტთა დივიზიიდან
05:35:29     24-02-2012
რუსეთის 76-ე გვარდიის წითელდროშოვანი სადესანტო-მოიერიშე დივიზია. ეს დივიზია აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. 9 აგვისტოს დაიწყეს მარში ცხინვალის რეგიონისკენ, მოგვიანებით კი გორისკენ. რუსული წყაროები იუწყებიან, რომ „მოულოდნელი და გაბედული მოქმედებებით“ შეძლეს მოწინააღმდეგე მხარეში პანიკა დაეთესათ. მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნული დივიზიის მეთაურები მედლებითა და გმირის წოდებებითაც დააჯილდოვა.
მაგრამ… 76-ე გვარდიის წითელდროშოვანი სადესანტო-მოიერიშე დივიზია უფრო მეტად სახელგანთქმულია… სადიზმით.
„ცისფერი ბერეტი სადისტისათვის“ - პუბლიკაცია ასეთი სათაურით 2008 წლის აგვისტოს ომიდან ძალიან მალევე რუსულ პრესაში გამოჩნდა. მართალია, მას არაფერი ჰქონდა საერთო ხუთდღიან ომთან, მაგრამ სტატიამ ცხადყო, ცხინვალში შეტევისთვის გამოგზავნილი „მოწინავე რუსული რაზმები“ მანიაკებით იყო სავსე…
2009 წელს მედესანტე ანტონ რუსინოვი მეორედ შეეცადა 76-ე გვარდიის წითელდროშოვანი სადესანტო-მოიერიშე დივიზიიდან გაქცევას. მაგრამ „მზრუნველმა“ მეთაურებმა ის მშობლიურ ვოლოგდაში იპოვეს და „აღმზრდელობითი გაკვეთილები“ ჩაუტარეს - ხელბორკილებით მიამაგრეს 24-კილოგრამიანი გირი. ჯარისკაცის თქმით, მის ნაწილში, ვინც გაქცევას დააპირებს, ყველას ასე ექცევიან. კიდევ, პარსავენ წარბებს და ყურებს „ზელიონკით უღებავენ“.
- ვიდრე დამიჭერდნენ, მოვასწარი დედას დავლაპარაკებოდი. მან მოახერხა ჩემთვის გადმოეცა 2 ათასი რუბლი და ტელეფონი, რომელიც ჩამომართვეს. ოფიცრები ჩემი ნაწილიდან, დაპირდენენ დედას, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ როგორც კი მათთან დავრჩი, ცემა დამიწყეს. მთელი გზა მირტყამდნენ. დენის კანაშმა შარვალი გამხადა და დამემუქრა, რომ გამნაღმველთა აღჭურვილობით გამაუპატიურებდა. ის სვამდა და ცდილობდა ბოთლი ჩემთვის თავზე გადაემტვრია. როცა ნაწილში მივედით, დასისხლიანებული და დალურჯებული ვიყავი, მაგრამ წამიყვანეს არა ექიმთან, არამედ მეთაურთან, რომელმაც „შტიკ-ნოჟი“ მირტყა თავში. შემდეგ ფულის გამოძალვას შეეცადნენ: კანაშმა 13 ათასი მოითხოვა იმისათვის, რომ ჩემი ძებნის გამო მთელი ფული ბენზინში დახარჯა. დანარჩენებმაც 5 ათასი მოითხოვეს.
რუსინოვს ფული არ ჰქონდა. უკვე დიდი ხანია, მის ხელფასს ისედაც ოფიცრები იყოფდნენ. ამის გამო მას გულზე წითელი საღებავით წააწერეს: „მე დამნაშავე ვარ“.
დივიზიის ხელმძღვანელობა სიამაყით აღნიშნავს, რომ საბჭოთა ტრადიციების გამგრძელებელია. მათი თქმით, რუსეთში საბჭოთა დროს იყო მიღებული ახალგაზრდა მედესანტეებისათვის წარბების გაპარსვა, მაგალითად, თუ ვინმეს პარაშუტით გადმოხტომის შეეშინდებოდა.ახლაც თვლიან, რომ მორალური ზეწოლა შიშის გადალახვას უწყობს ხელს. ამიტომაც, სადისტური მეთოდებით ჯარისკაცების იძულება დიდ „სამხედრო მიღწევად“ ითვლება.
- ეს კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი არ არის. ეს არის არმია… - ამბობს 76-ე დივიზიის ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც აღიარებს, რომ არასოდეს გამოიძიებს, თუ ვინმეს ცხვირს გაუტეხავენ იმის გამო, რომ დაიჩივლებს, ოფიცრები ფულს მართმევენო. - თუ ასეთი შემთხვევებისთვის სისხლის სამართლის საქმეებს აღვრძრავთ, გამოვა რომ ნახევარი სამხედროები ციხეში იჯდებიან - არ მალავს „გმირი“ დივიზიის ოფიცერი.
ასე იყო რუსინოვის შემთხვევაშიც. როცა კანაშმა მისი შეუარცხყოფის ამბავი მოისმინა, რუსინი ისევ სცემეს, რამდენიმე დღეში კი ფსკოვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამგზავრეს. იქ ერთი თვე იყო, ასმევდნენ აბებს, მაგრამ არ ეუბნებოდნენ, რისთვის. საბოლოოდ, რუსინოვი ისე „გამოჯანმრთელდა“, რომ როგორც თავად ამბობს „კარგა ხანს ვჭედავდი“.
რიგითი რუსინოვის მსგავსად მედესანტეებს ხშირად გაუყენებენ ხოლმე ფსიქიატრიულის გზას. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ორგანიზაცია „სანკტ-პეტერბურგელი დედებიც“ გამოეხმაურა.
ნიკიტა ტალდიკინმა სამხედრო ნაწილიდან გაქცევა ორჯერ სცადა. მანამდე კი დედას მისწერა: „დედა, მშვიდობით“.
ნიკიტას ისტორიაც ანალოგიურია. გაქცევის შემდეგ იპოვეს, წარბები გაპარსეს, ყურები „ზელიონკით“ შეუღებეს და ხელებზე გირები დაჰკიდეს. მოგვიანებით კი ისიც ფსიქიატრიულში გაგზავნეს.
როცა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ამაზე ხმაური ატეხა და პროკურატურას მიმართა, იქ ჯერ ლაპარაკის უნარი დაკარგეს, მერე ყვიროდნენ, არა, ასე არ მოხდებოდაო, „ბოლოს კი გვითხრეს: ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგადაა“ - ჰყვება „სანკტ-პეტერბურგელი დედების“ წარმომადგენელი.
დივიზიაში შეურაცხყოფის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. მაგალითად, სერგეი გრიგორიევი იქ სამედიცინო ცნობის გარეშე გაგზავნეს. ფეხები ბავშვობიდან სტკიოდა. როცა დაუსივდა და თასმები ვერ შეიკრა, მეთაურმა მწყობრის წინაშე სახეში გაარტყა, მეორე მეთაურმა კი მწყობრს მოუწოდა გრიგორიევი გაეუპატიურებინათ.
„სახელოვანი რუსული არმიის“ მეთაურების ფსიქოლოგიური პორტრეტი არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგების განსჯის საგანი, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, - არც რეფორმირებულ არმიაში. მეთაურები საბჭოთა ტრადიციებით ხელმძღვანელობენ. ძალადობა და სადიზმი წახალისებულია იმდენად, რომ ამას 21-ე საუკუნის რუსი ოფიცრებისთვის არათუ სასჯელი, არამედ მატერიალური სარგებელი მოაქვს.