
გურამ ოდიშარიამ აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცდა
18:05:01     23-02-2012
ივანიშვილის „მეოცნებეთა“ კოალიცია წარმოდგენილია. პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენაზე ივანიშვილმა ჯერ აფხაზეთს დამოუკიდებელი სტატუსი მიანიჭა, ხოლო შემდეგ კბილაშვილმა თავისი ანომალიური განცხადებით, ფაქტობრივად, სექსუალური და ფინანსური ცენზი დააწესა პოლიტიკაში მომსვლელთათვის. რას ფიქრობენ, „ქართული ოცნების“ სხვა წევრები ბოსის განცხადებებზე და ეთანხმებიან თუ არა, კბილაშვილის „გამოხტომას“ სექსუალური მომწიფებულობის თაობაზე?!
„პრესა.ჯი“კომენტარისათვის „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრს გურამ ოდიშარიას დაუკავშირდა:
- ბატონო გურამ, თქვენი პერსონალური წარდგენის დროს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი სტატუსით მოიხსენია, როცა აღნიშნა, რომ თქვენ მონაწილეობდით „აფხაზეთსა და საქართველოს შორის“ მოლაპარაკებებში...
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა ბიძინამ ეს თქვა, რომ მე აქტიურად ვმონაწილეობდი ქართველებსა და აფხაზებს შორის მოლაპარაკებებში. ეს სახალხო დიპლომატიის კუთხით.
- მან თქვა ზუსტად ასე - „საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებებში“ მონაწილეობსო... ეს რა, აღიარებას არ ნიშნავს?
- არა, არ ნიშნავს, შეიძლება ბატონი ბიძინას მხრიდან იყო ცდომილება, უბრალოდ. იმდენად ხმადაბლა თქვა ეს ბატონმა ბიძინამ, რომ მე მერე გავიგე მასმედიიდან ამის შესახებ.
- რატომ არ მიეცით ბატონ ბიძინას შენიშვნა ამის თაობაზე?
- არა, არაფერი არ მითქვამს, რადგან გეტყვით ახლა, მე როდესაც ამას კომენტარს ვუკეთებდი, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ თქვა, რომ გურამ ოდიშარიამაც გამოყო აფხაზეთიო. მე რა ვთქვი იცით? მე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ვღებულობდი მონაწილეობას, ტელეკომპანიამ მკითხა, რას ნიშნავს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებშიო? ეს უკვე ნიშნავს გამოყოფასო.
- ბატონო გურამ, რატომ არ გაუსწორეთ ბატონ ბიძინას „ლაფსუსი“ ან რატომ არ მიუთითეთ შეცდომის თაობაზე? იმიტომ ხომ არა, რომ ივანიშვილი ვერ იტანს შენიშვნას და კრიტიკას?
- არა, მსგავსი არაა, გეფიცებით. როგორც მწერალი გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ისეთი მაღალი ტონალობის ადამიანია, რომ ასეთივე ტონალობით მასთან შეიძლება ურთიერთობა...
- აბა იმას როგორ ახსნით, როცა ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქ-გვერდზე უამრავი კრიტიკული მოსაზრება დაიწერა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მისი ფეისბუქ-გვერდიდან საორგანიზაციო ჯგუფმა წაშალა ივანიშვილისადმი კრიტიკული მოსაზრებები, ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში და ასე ბლოკავს განსხვავებულ აზრს და შემდგომ რისი იმედი უნდა გვქონდეს?
- მე ახლა სიმართლეს გეტყვით, მე ნამდვილად არ ვიცი, მის გვერდს ვინ ემსახურება და რატომ წაშალა კრიტიკული მოსაზრებები. ერთი რამ იცოდეთ, რომ ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წაშლილი და გაკეთებული ნამდვილად არაა.
იყო ერთი ძალიან ცნობილი ლექსი, თქვენ ალბათ დაბადებული არ იყავით, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა ცნობილი კლასიკოსი აფხაზეთის ლიტერატურისა, ალექსი ჯანუამ დაწერა ლექსი... ამ ლექსს ხშირად კითხულობდნენ სასწავლო ოლიმპიადებზე, თუ არ ვცდები კარლო კალაძის ნათარგმნი იყო... ის ლექსი მთავრდებოდა ასე - „საქართველო და აფხაზეთი ერთად იყო და ერთად იქნება“.
მაშინ ამაზე არავის მიუქცევია ყურადღება. ასე რომ, აქ არაფერი აღიარება არ იყო . ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისედაც არაერთგზის განაცხადა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიაა“ და ე.ი. ჩვენი ტერიტორიაა..
- კი მაგრამ ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ „არ ვაპირებ რუსეთს მუდმივად ვუკიჟინო ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან“-ო...
- ეს შეიძლება რაიმე პრაქტიკული მოსაზრებით თქვა, რაიმე გადაწყვეტილება აქვს, თორემ ვიცით მშვენივრად, რომ მან არაერთგზის თქვა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია რუსეთის მხრიდანო.
- ბატონო გურამ, არჩილ კბილაშვილის განცხადებაზე რას იტყვით? თქვენ ალბათ, სექსუალურად მომწიფებულობის პრობლემა უკვე აღარ გემუქრებათ, მაგრამ როგორ შეაფასებდით ამ ცენზს?
- ჰა-ჰა-ჰა..ხო, აჩიკომ თქვა ეს. სხვათაშორის, უკვე იმდენი ქულა დააგროვა პირველივე ნაბიჯებით..
- ესაა პოლიტიკური ქულების დაგროვება? ხალხი გადაირია, რა სექსუალური მოწიფებულობაზეა საუბარი პოლიტიკაში?..
- არა, არა. აჩიკო მთლიანობაში ამბობდა რაღაცას. გეთანხმებით, რომ მისი ეს ფრაზა გარკვეულ უხერხულობასაც ქმნის, მაგრამ მან თქვა, რომ ჩვენ მოვედით ის ხალხი, ვინც ვართ ფინანსურად დაკმაყოფილებულებიო.. იცით რას მოჰყვა ეს ფრაზა, როდესაც ბატონმა ბიძინამ წარდგენა დაამთავრა, ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა მას, ბატონო ბიძინა, თქვენს უკან ხალხი რომ დგას, ეს ხალხი ფულის გამო მოვიდა თქვენთანო? და მაგას უპასუხა კბილაშვილმა, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ასე თუ ისე გვაქვს ფულიო..
- ბატონო გურამ, თქვენ აქტიურად მონაწილეობდით მოლაპარაკებებში - აფხაზეთის სპერატისტულ მთავრობასთან, ალასანია წლების განმავლობაში აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას ხელმძღვანელობდა, აქამდე თუ ვერაფერს შედეგს მიაღწიეთ, ივანიშვილი რომ მოვა რას გააკეთებთ? სხვა რა მექანაიზმები გექნებათ თუ, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა რუსებს არ გაურიგდება?
- მე ჩართული ვიყავი სახალხო დიპლომატიაში და შესაბამისად, ვერაფერ გადაწყვეტილებებს მე ვერ მივიღებდი. ალასანია წარმოდგენილი იყო მოლაპარაკებების პროცესში პრეზიდენტის სახელით და ის იყო გადაწყვეტილების მიმღები კაცი და მან შესთავაზა და დაუდო პროექტი ჩვენგან, რომ აფხაზებს ეფიქრათ ამაზე. თუმცა სახალხო დემოკარტია არასოდეს ღებულობს გადაწყვეტილებებს.
- ბატონო გურამ, როგორ ფიქრობთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი სექსუალურად მომწიფებულია?
- ჰა-ჰა. ეგ ისეთი კითხვაა, მე ამას ვერ ვუპასუხებ
- მაშინ კბილაშვილმა რა იცის, არის თუ არა მომწიფებული მისი პოლიტიკური ლიდერი? როცა აცხადებს, რომ პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული უნდა მოხვიდეო...
- ამ კონტექსტში არ უთქვამს, მან ისეთი გულით თქვა, რომ არასწორად გაიგეს...