პეტრე ცისკარიშვილი: პუტინის მხრიდან, ქართველებისთვის “სიყვარულის ახსნა”, ფარსია

  18:04:01     23-02-2012

რუსეთის ხელისუფლება ქართველ ხალხს „სიყვარულს” უხსნის და გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს, თუმცა, კრემლის სურვილია, ეს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების გარეშე წარიმართოს, მაგრამ რა ფორმით, ამას არ აკონკრეტებს. მოსკოვის გზავნილებს შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. ქართული მხარის მოსაზრებით, პუტინის განცხადება „პოლიტიკური ფარსია” და ის ემსახურება პრინციპს „გათიშე და იბატონე”.

როგორც პრესა. ჯი-საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა  პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას ერთმნიშვნელოვნად აქვს სამართლებრივი პირობა, რომ ქართული მხარე,   ტერიტორიების დაბრუნებას სამხედრო გზით არ შეეცდება და პროცესები მხოლოდ,  მშვიდობიანი ნორმებით წარიმართება.

მისი თქმით, პუტინის მხრიდან, ქართველი ხალხის მიმართ “სიყვარულს ახსნა” ახალი არ არის, რადგან ის და მედვედევი ამ ტაქტიკას ძალიან ხშირად მიმართავენ, თუმცა, მისი განცხადება ემსახურება პრინციპს - „გათიშე და იბატონე”.

„თუ პუტინს ქართველი ხალხი უყვარს და საქართველოსთვის სიკეთე უნდა, მაშინ, მას ის სამხედრო კონფლიქტი და შეიარაღებული თავდასხმა არ უნდა მოეწყო, რომელიც  2008 წელს განახორციელა. თუ მას ქართველი ხალხის მიმართ, დიდი პატივისცემა აქვს, მაშინ,  კეთილი უნდა ინებოს საქართველოს მთავრობა და ქართული სახელმწიფო აღიაროს დამოუკიდებელ, ცალკე, თანასწორპარტნიორ ქვეყნად და არა როგორც თავად სურს, დიდი რუსეთის ერთ პატარა გუბერნიად”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთს ბევრი გეგმა ჩაუვარდა და კიდევ ბევრ სქემაზე ფიქრობს, თავის სასიკეთოდ საქართველოს შიგნით პოლიტიკური სიტუაცია თუ როგორ შეცვალოს და  მათთვის დამაკმაყოფილებელი მთავრობა როგორ მოიყვანოს.

„მაგრამ, ეს გეგმები მოსკოვს არ გამოუვა, რადგან ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს თავად წყვეტს. რუსეთი საქართველოს შიგნით,  პოლიტიკურ პროცესებში იმ მოტივით ერევა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ ეს ხომ ფარსია!  ის პროცესების წარმართვას, არეულობებით მიტინგებით, შიდა თავდასხმებითა და დიდი ფულის ხარჯვით ცდილობს, მაგრამ ამის მიუხედავად გეგმის განხორციელება არ გამოსდის”, - განაცხადა მან.

ცისკარიშვილის პათოსს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილიც იზიარებს.

მისი განცხადებით, პუტინის განცხადება მელიისებურ საუბარს ჰგავს, რადგან ის ზოგჯერ ამბობს, რომ კავკასია რუსეთის გავლენის ქვეშ იყო და ასევე დარჩება, ხან კი - რევერანსის გაკეთებას ცდილობს, თუმცა, ის აქ წინააღმდეგობაში ვარდება.

„როცა ქართული საზოგადოებისადმი კეთილგანწყობაზე ლაპარაკობ, საზოგადოების არჩეულ ხელისუფლებას კი არ ცნობ და უთანხმოების მიზეზად მას თვლი. ეს ნიშნავს, რომ იმ საზოგადოებას პატივს არ სცემ. ასე რომ, პუტინის რეალური განზრახვა რომ აგრესიულია, ეჭვი არ მეპარება” - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურებთან შეხვედრაზე, პუტინმა, ქართველ ხალხზე საუბრის გარდა, ყურადღება საქართველოს შეიარაღებაზეც გაამახვილა და  საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, აშშ-ის ქმედებას შეცდომა უწოდა, ხოლო თბილისი გააფრთხილა, რომ   “განმეორებითი აგრესიისგან თავი შეიკავოს”.