რატომ დააკავეს ივანიშვილის დაცვის უფროსი

  15:45:48     23-02-2012

ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი – რევაზ მუმლაძე პატიმრობაშია. იგი სამართალდამცავებმა 14 თებერვალს დააკავეს. გამოძიება მუმლაძეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უკანონოდ მისაკუთრებაში თანამონაწილეობასა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნაკლები თანხის მითითებით გადასახადისთვის თავის არიდებას ედავება.

ივანიშვილის გარემოცვას სურს პარტიული ნიშა იმუნიტეტად გამოიყენოს და მათი მოძრაობის წევრისა თუ მხარდამჭერების დაკავებისთანავე პოლიტიკურ აგარიშსწორებაზე იწყებენ საუბარს. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ივანიშვილმა დუმილი ამჯობინა და დაცვის უფროსის დაკავება დღემდე არ გაუხმაურებია საკუთარ გუნდშიც კი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით: ,,2012 წლის 14 თებერვალს, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უკანონოდ მისაკუთრების ბრალდებით დაკავებულ იქნენ საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ლევან აფციაური და დანაშაულში თანამონაწილე რევაზ მუმლაძე.

რევაზ მუმლაძე, გარდა ზემოაღნიშნული დანაშაულისა, ასევე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, კერძოდ მან ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიუთითა გარიგებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები ოდენობა, რითაც თავი აარიდა გარკვეული გადასახდელების გადახდის ვალდებულებას.’’

,,პრესა.ჯი’’ აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის ივანიშვილის პრესსპიკერს, მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა. ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მუმლაძის დაკავებაზე ინფორმაციას მხოლოდ სააგენტოს მიერ გავრცელებული ნიუსით ფლობს.

კითხვაზე: რადგან თქვენ 14 თებერვალს განხორციელებული დაკავების შესახებ დღემდე არაფერი გაგიგიათ, ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ეს ფაქტი არ გაახმაურა?

ფანჯიკიძე გვპასუხობს: ,,ამას თქვენ ამბობთ. მე კი გითხარით, რომ ამ საკითხზე მხოლოდ ის ვიცი, რაც საგენტოს ნიუსში წავიკითხე.’’ რაც თავისთავად ნიშნავს, რომ დაცვის უფროსის დაკავება ივანიშვილმა საკუთარ გუნდს დაუმალა.