ვახტანგ ბალავაძე: ივანიშვილთან პოლიტიკოსები „ჯიბის ირგვლივ“ არიან გაერთიანებულები…

  13:29:22     23-02-2012

მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ ვახტანგ ბალავაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ორბიტაზე, „წარსულის პოლიტიკოსები“ შეიკრიბნენ.  ადამიანები, რომელთაც საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. მისი თქმით, ივანიშვილის კოალიცია, საზოგადოებას წარსულსა და აწმყოს შორის ალტერნატივას სთავაზობს, რაც სამწუხაროა. ბალავაძის განცხადებით, ივანიშვილი იმ იდეებით, იმ მიზნებითა და  ხედვებით დიდ შედეგს ვერ მიაღწევს, რასაც ის ახმოვანებს. კოალიცია - „ქართული ოცნება“ არის თუ არა მმართველი გუნდის კონკურენტი და ბიძინა ივანიშვილს აღუდგება თუ არა საქართველოს მოქალაქეობა? – „პრესა.ჯი-ს“ კითხვებს ვახტანგ ბალავაძე პასუხობს:

- ივანიშვილის პოლიტიკურ ორბიტაზე გაერთიანებულმა ძალებმა, კოალიცია აარსეს. მანამდე კი, ბიზნესმენმა, საზოგადოებას საინიციატივო ჯგუფი წარუდგინა. როგორ შეაფასებთ, კონკურენტებს?

-  მთავარია, კოალიციის შექმნა  რას ემსახურება და  ამ ადამიანების მიზანი რა არის. ივანიშვილის ამოცანა რა არის? - დარწმუნებული ვარ, იგი საქართველოს კეთილდღეობისთვის არ იბრძვის და  რუსულ ინტერესებს ატარებს. ადრე, სხვა პროექტები იყო, ახლა რიგში ივანიშვილია, თუმცა, მისი თამაშის მონაწილეები ის ადამიანებიც არიან, რომლებიც მის პოლიტიკურ ორბიტაზე გაერთიანდნენ. ფაქტია, რომ მის ირგვლივ წარსულის პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადამიანები,  რომელთაც ამ ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ.

ყველას კარგად გვახსოვს, ეს ადამიანები რა საქმით იყვნენ დაკავებულები. ეს არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოს წარსულში დაბრუნებას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, მათ შემადგენლობას რომ  შეხედოთ და შეფასებებს მოუსმინოთ, მიხვდებით, რომ  ინდივიდუალური პოლიტიკური ხედვები არ გააჩნიათ. მართალია, მათი შეფასებები რთულად აღსაქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი საზოგადოებას წარსულსა და აწმყოს შორის ალტერნატივას სთავაზობენ.  რაც შეეხება იმას, ეს კოალიცია რამდენად წარმატებული იქნება, არჩევნები გვანახებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ  იცის, რა იყო წარსული და რა გვაქვს დღეს. 

- როგორ ფიქრობთ, რა წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ამ გუნდს?

- ქედმაღლურად არ ვამბობ, მაგრამ ივანიშვილი იმ იდეებით, იმ მიზნებითა და იმ ხედვებით დიდ შედეგს ვერ მიაღწევს, რასაც ის ახმოვანებს.  

- კოალიციის დაარსებისას, ამ გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება მორალურად და პოლიტიკურად გაკოტრებულია“, რის გამოც, მათ მმართველი გუნდი უნდა ჩაანაცვლონ. წინასაარჩევნოდ, კონკურენცია რამდენად დიდი იქნება?

- ვინც, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ყველა ჩვენი კონკურენტი იქნება, მაგრამ მათ გამო, საარჩევნო კამპანიას არ შევცვლით. ჩვენი მიზანია, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის განვითარება. რაც შეეხება მათ ამ შეფასებას, გაკოტრდა თუ არა ხელისუფლება, ამის დამადასტურებელი საგარეო კუთხით, ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იყო. „ენას ძვალი არ აქვს“ და რასაც უნდათ იმას ამბობენ, მაგრამ მთავარია თავად განმარტონ, რისთვის მოდიან? - ისინი არ მალავენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, მაგრამ რატომ? - არაფერს ამბობენ. ჩემი საქმე არ არის, რომ მათი რჩევებით დავკავდე, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გინდა, იმ პრობლემების გადაჭრა უნდა შეგეძლოს, რაც ქვეყანასა და საზოგადოებას აწუხებს. 

 - საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას, ივანიშვილის გუნდიდან, ერთ-ერთი რეზონანსული გამოსვლა არჩილ კბილაშვილს ჰქონდა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული უნდა მოხვიდეო“. მისმა განცხადებამ, რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?   

- შეფასების გაკეთება ძნელია, რადგან არც ფსიქიატრი ვარ და არც სექსოლოგი. ვერ გეტყვით, მას რა პრობლემები აქვს, თუმცა,  როგორც ჩანს, კბილაშვილს რაღაც, აშკარად აწუხებდა და ამაზე საუბრობდა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაც არ ღირს, რადგან ძალიან სასაცილოა.

- თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტიადა მას საკუთარი მიზნები აქვს, თუმცა, მის გარშემო ის ძალები გაერთიანდნენ, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებზე თავს დებენ. მათი დაინტერესება რა არის?

- მხოლოდ და მხოლოდ ფინანსები, მაგრამ მეორეს მხრივ, ზოგი მასთან გამორჩენის გამო არის, თუმცა, ამასთან, მაგ პარტიებში ზოგი ისეთი ლიდერია, რომლის მოსაზრებებიც რუსეთის ხელისუფლებისგან დიდად არ განსხვავდება. ივანიშვილის მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ პოლიტიკაში ყოფნა, არამედ კონკრეტული დავალებების შესრულება. გუნდის საქმიანობა, ივანიშვილის „ხუშტურზე“ კი არ არის დამოკიდებული, არამედ დავალებებზე. ამ კოალიციის წევრები, საზოგადოებას ყველა სცენარისთვის ამზადებენ, კერძოდ, გახსოვთ, რომ ივანიშვილი ქუჩის აქციებს ემიჯნებოდა, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუჩაში გამოვა, როგორც ჩანს, ის ამით რადიკალურად განწყობილი ხალხის გულის მოპოვებას ცდილობს.

- წინა საარჩენოდ, სიების ფორმირებისას, კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს შორის მოსალოდნელია თუ არა დაძაბულობა?

- თანაბარი პარტნიორები რომ იყვნენ, მაშინ შეიძლება ეს პრობლემა დღის წესრიგში დამდგარიყო, მაგრამ ეს ადამიანები ბიძინას ჯიბის ირგვლივ არიან გაერთიანებულები. მათ, ივანიშვილი რასაც ეტყვის, ისე მოქმედებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მათგანმა ბიძინას შესახებ ადრეც იცოდა, მაგრამ მოსაზრება არ გასჩენიათ, რომ ის მხსნელი იყო. თურმე, ახლა, უცებ აღმოაჩინეს, რომ ბიძინა შორსმჭვრეტელი და დიდსულოვანია?   - უბრალოდ, ეს ხალხი, უცებ ბიძინას ხოტბის შემსხმელი გახდა.. 

- რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს, ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მას საქართველოს მოქალაქეობას მისცემენ, ამის რა შანსი არსებობს?

- საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობით ამაყობს. ჩვენ მოქალაქეობა არავისთვის ჩამოგვირთმევია, ივანიშვილმა მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის მესამე ქვეყნის მოქალაქე იყო. კანონით გათვალისწინებულია პროცედურები, რომლის გავლაც აუცილებელია. თუ ის ამ წესებს, გაივლის,  მოქალაქეობას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არა.