ოკუპაციისა და ანექსიის მსხვერპლნი - ტიციან ტაბიძე
11:37:39     23-02-2012
რუსეთის ბოლშევიკურ იმპერიას რომ არ დაეპყრო საქართველო, 1937 წელს არ მოკლავდნენ დიდ ქართველ პოეტს ტიციან ტაბიძეს. ტიციან ტაბიძე - „ცისფერყანწელთა“ პოეტური ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი რეფორმატორი და ფუძემდებელი.
ტიციანის სიკვდილის ვითარების შესახებ ორი ვარაუდი არსებობს, დახვრიტეს ან სხვა ვერსიით, ცომბირში გადასახლებისას უკაცრიელ ტრამალზე ჩამოსვეს მატარებლიდან და ყინვაში, ქარბუქში დატოვეს...
1937 წელს ჩვენი საყვარელი პოეტი 45 წლისაც არ იყო...
გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი. მანამდე კი მოკლედ მისი ბიოგრაფია:
დიდი პოეტი დაიბადა 1893 წლის 21 მარტს სოფელ ჭყვიშში, იმერეთში, მღვდლის ოჯახში.
წერა-კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა სოფლის სკოლაში, რომელიც მათ სახლში იყო გამართული. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1906 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში. 1913 წელს მოეწყო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
ლექსებს წერდა მოწაფეობის ხანიდან. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", “ერში", "თეატრსა და ცხოვრებაში".
იყო „ცისფერყანწელთა“ საძმოს ერთ-ერთი თეორეტიკოსი. ავტორია წერილისა „ცისფერი ყანწებით“. მოსკოვიდან დაბრუნების მერე მუშაობდა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში. წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს და ესეებს ლიტერატურის საკითხებზე, ქართველ და უცხოელ მწერლებზე, მხატვრებზე, კულტურის მოღვაწეებზე. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“.
ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, არაგონის, ისააკიანისა და სხვების ნაწარმოებები.
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე
ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.
წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.
და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.
ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.
მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.
მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.
მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი.
1926
ქალდეას ბალაგანი
ჩემი სამშობლო - საქართველო - სხვა თეატრია,
ბევრი მინახავს ხეტიალში მე თეატრები.
გახუნებული მისი სული ბევრმა ათრია,
მაგრამ ელვარე მზე სხივებით არ ეხათრება.
ვხედავ, მოდიან ზღვა ლანდებით ბრძენი მაგები,
მიმი, ჟონგლერი და დროგები აქტიორებით.
არ მეშინია ძვირფას ძმებთან სულის წაგება
და ძველ პიესას მე ვთამაშობ განმეორებით.
იყო თამარი და ძვირფასი მისი სამება,
ამაზე იტყვის საქართველო მატიანებით.
მხოლოდ შენ ტანჯვას, კოლომბინა, და შენ წამებას
პიეროს მეტი ვერ იტირებს სხვა დანანებით.
ვერ ნახავ რაინდს ჩემზე უფრო, რომ უერთგულოს
შენ წამებულ სულს, კოლომბინა, შენ ტუბერკულოზს.
1918