პუტინი: ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს „გრუ“ განსაკუთრებულად ზვერავს

  11:17:46     23-02-2012

ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობზე თვალის დევნება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების, მათ შორის „გრუ“-ს მთავარი ამოცანაა, - ამის შესახებ, ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას. რუსეთის პრემიერმა სამხედროებთან კიდევ ერთხელ საქართველოზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ „გაკვეთილი“, რომელიც მოსკოვმა 2008 წელს ჩაატარა, თბილისმა არ უნდა დაივიწყოს. არ უნდა დავიწყოს არც შეერთებულმა შტატებმა, რომელიც, პუტინის თქმით, „ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როცა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ეხმარება, რითაც თბილისს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს.“

„ჩვენ მათ ამას მუდმივად ვეუბნებით.   მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ მხარეს ეყოფა გონიერება და ის მაგალითი, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ავანტიურულმა პოლიტიკამ მიიღო, ფუჭად არ ჩაივლის, და რომ ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული ახალი აგრესიული ქმედებებისთვის“ - განაცხადა პუტინმა.

ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა ერთ-ერთი ოფიცრის პასუხად გააკეთა,რომელმაც პუტინს კომენტარი სთხოვა ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც „აშშ საქართველოს შეიარაღებას იმ შეთანხმების საფუძველზე მიაწვდის, რომელიც აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე, 30 იანვარს ვაშინგტონში იქნა  მიღწეული.“

„მე მაგიდის ქვეშ არ ვმჯდარვარ და არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ იქ. თუმცა იმედი მაქვს, რომ ვიღაც ჩვენიანი იქ იყო და მოყვება“ - განაცხადა პუტინმა.

„ის, რომ აშშ აიარაღებს საქართველოს არმიას, ჩვენ ეს ვიცით, ამას ვხედავთ, და არა საჯაროდ, არამედ, შესაბამისად ვრეაგირებთ“ - ამბობს პუტინი და არ მალავს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა:

„ჩვენ ვმსჯელობთ არა სიტყვების, არამედ კონკრეტული ქმედებების საფუძველზე, რომლებიც იოლად თვალის სადევნებელია არა მარტო საგარეო დაზვერვის მიერ, არამედ „გრუ“-ს მიერ… გემების გადაადგილება, ტვირთების მოცულობა, ეს ყველაფერი ძალიან იოლად კონტროლდება კოსმოსური და თვალთვალის სხვა საშუალებებით.“

რაც შეეხება ქართველ ხალხს, პუტინის თქმით, რუსეთი მისი დიდი მეგობარია.
„ვიმედოვნებ, რომ ეს ნამდვილად ჩვენი მოძმე ხალხი საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ რუსეთი არა მტერი, არამედ მეგობარია და ურთიერთობები აღდგება“ - განაცხადა მან და კიდევ ერთხელ აღნიშნა ის, რასაც ბოლო პერიოდში რუსეთის პრემიერიცა და მინისტრიც საკუთარ ხალხს ხშირ-ხშირად უმტკიცებენ და უმეორებენ, - რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტა მათი ინიციატივით არ მომხდარა.