მედვედევს ასწავლეს, როგორ დააჭიროს ღილაკს და გაანადგუროს მსოფლიო

  10:20:50     23-02-2012

დიმიტრი მედვედევმა მოინახულა დივიზია, რომელსაც, როგორც „იზვესტია“ წერს, თავისუფლად შეუძლია გაანადგუროს მსოფლიო. გაზეთის ინფორმაციით, ტამანის სარაკეტო შენაერთი ყველაზე მსხვილია სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შემადგენლობაში. მას შეიარაღებაში აქვს რუსეთის ბირთვული ქობინების მასალების მეოთხედი.

მედვედევი დივიზიას მამულის დამცველის დღის აღსანიშნავად ეწვია. ტამანის პოლკმა კი უჩვენა პრეზიდენტს, რა შეუძლია.

მოხდა პირობითი გაშვება ბალისტიკური რაკეტისა, რომელიც თავისი სიმძლავრით 40-50-ჯერ აღემატება ხიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბს. ეს იყო ინსცენირება სიტუაციისა, როცა პოტენციური მტერი რუსეთზე ბირთვულ შეტევას ახორციელებს, პრეზიდენტი კი თითს აჭერს  ღილაკს „ბირთვულ ჩემოდანზე“.

„ბირთვული სპექტაკლი“, რომელიც  ჟურნალისტებისათვის არ უჩვენებიათ, წარმატებით დასრულდა. მედვედევი კმაყოფილი დარჩა, რომ გამშვებმა მექანიზმებმა იმუშავა. ამის შემდეგ კი განცხადება დასავლეთისა და ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების  მისამართით გააკეთა:

„ეს არის მცდელობა დაირღვეს ბირთვული ძალების ბალანსი. ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილნი. გავაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ეს ვთქვი ფედერალური კრებისადმი მიმართვისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენი პარტნიორები უარს იტყვიან ამ ამოცანაზე ან შემოგვთავაზებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც ჩვენ გვაწყობს“ - განაცხადა მედვედევმა, რის შემდეგაც სამხედროებმა მას მოკრძალებულად ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა მისი სიტყვები უკვე ღია კონფლიქტს დასავლეთთან, თუმცა რუსეთის დე-იურე პრეზიდენტმა კონფლიქტის არსებობა უარყო.

მედვედევს სარაკეტო პოტენციალის „შემოკლებული ვარიანტი“ უჩვენეს.

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ხელმძღვანელობას სურდა იმ შახტის დემონსტრირებაც მოეხდინა, რომელშიც ბალიტიკური რაკეტაა მოთავსებული, თუმცა ყინვის გამო ეს ვერ მოხერხდა.

„თუ ჩვენსკენ მოფრინავს რაკეტა და არ გვექნება ბრძანება, ჩვენ მას დავხვდებით და მოვკვდებით, რადგან ჩვენ ბრძანებაზე ვართ დამოკიდებულნი. საკუთარ თავს ჩვენ არ დავიცავთ, ამის გაკეთებას ვერც შევძლებთ, ალბათ…“ - გაამხილა თავისი განცდები ერთ-ერთმა სამხედრომ.

„ეს არის ნაწილი, რომელშიც სამხედროებმა არ იციან, მაგალითად, როგორი სიმძლავრისაა ბირთვული ქობინა და რა დამაგრეველი ძალა აქვს მას. მათ თავისი ამოცანები აქვთ, რომ ყველაფერი დროულად შეასრულონ. აქ ყველაფერი განაწილებულია, საერთო ჯამში კი არავინ არაფერი იცის. იცის მხოლოდ მაღალმა ხელმძღვანელობამ. აქ ყველას ბლოკირებას უკეთებენ, რომ არ მოხდეს ინფორმაციის გაჟონვა“ - განმარტავს სამხედრო ექსპერტი.

ეს ალბათ პიკი იყო ბირთვული ძალების დემონსტრირებისა, რასაც ბოლო პერიოდში მოსკოვი ხშირად მიმართავს ხოლმე. თუმცა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები ჯერ სრულად არაა აღჭურვილი და მისი გადაიარაღების დასრულებაც მხოლოდ 2020 წლისთვისაა ნავარაუდევი. საერთოდ კი, ამ ბაქი-ბუქის მიუხედავად, ექსპერტები ვერ აკონკრეტებენ, თუ როგორ შეძლებს ამხელა პროექტების განხორციელებას რუსეთის ეკონომიკა, რომელიც ამ დროისათვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.