
ნუგზარ წიკლაური: სოხუმში, წინააღმდეგობა იზრდება . . .
21:13:57     22-02-2012
სეპარატისტული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტზე, ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმას, ქართული მხარე, შიდა პოლიტიკურ-კრიმინალურ გარჩევებს უკავშირებს. როგორც პრესა.ჯი–ს მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მაღალი კრიმინალიზაციაა, როგორც ყოფით დონეზე, ასევე, პოლიტიკური კუთხით. მისი შეფასებით, სოხუმში, წინააღმდეგობა იზრდება და თავდასხმებით, პოლიტიკური ლიდერების მუდმივი გაფრთხილება ხდება, რომ ისინი კიდევ უფრო მეტად, რუსული პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ. სოხუმში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, – პრესა.ჯი–ს კითხვებს ნუგზარ წიკლაური პასუხობს:
- ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმას რას უკავშირებთ?
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მაღალი კრიმინალიზაციაა, როგორც ყოფით დონეზე, ასევე, პოლიტიკური კუთხით. პოლიტიკური კლანები, ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევენ არა დემოკრატიული ხერხებით, არამედ ამ ტიპის დაპირისპირებებით. ასევე, აფხაზეთში რუსეთის ძალაუფლების გაზრდამ ის გამოიწვია, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში, პოლიტიკოსები იარაღს მიმართავენ, რაც სამწუხაროა. თვითონ ის ფაქტი, რომ ანქვაბზე თავდასხმების გამოძიება არ ხდება, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაცული პოლიტიკური წარმომადგენლობის მხრიდან ხორციელდება.
- მათი სამიზნე ანქვაბი რატომ არის?
- შესაძლოა, როგორც ბაღაფშს, ასევე, ანქვაბს ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში, რუსეთისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს. კრემლის სურვილი არის ამ რეგიონის ასიმილაცია, რადგან მისთვის მეორე ხარისხოვანია აფხაზთა თვითგამორკვევის საკითხი და მათი ე.წ. დამოუკიდებლობა. მოსკოვის მიზანია, რუსული გრავიტაციული ველი - რუსული გავლენა აფხაზეთში დომინირებდეს. არადა, აფხაზური საზოგადოების ერთ ნაწილს არ სურს, რომ მათი საზოგადოება ასიმილირებული იყოს, რადგან მათ თავიანთი კულტურული და პოლიტიკური პრეტენზიები აქვთ. ვფიქრობ, რომ ამ თავდასხმების უკან ისეთი სერიოზული ძალა დგას, რომელსაც შეუძლია თავდასხმების შემდეგ, თავისი კვალი და მონაწილეობა დაფაროს. კონფლიქტის ზონაში, სერიოზულ როლს, საოკუპაციო ძალები ასრულებენ.
- სად მიდის ეს კვალი?
- ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებები. თავდასხმებით, პოლიტიკური ლიდერების მუდმივი გაფრთხილება ხდება, რომ კიდევ და კიდევ რუსული პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ. აფხაზურ საზოგადოებაში სურვილია, რომ აფხაზური კულტურისა და ტრადიციების დაცვა მოხდეს, რუსეთს კი, ოკუპაცია ამისთვის არ მოუხდენია.
- როგორ ფიქრობთ, ამ პროცესებს, აფხაზების პროტესტი მოჰყვება?
- რუსეთის ამოცანა აფხაზეთის მთლიანი იზოლაციაა. სოხუმში, წინააღმდეგობა იზრდება. სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტით რამდენიმე საველე მეთაურის განცხადება გამოქვეყნდა. იაგანოვი, რომელიც ძალიან ცნობილი საველე მეთაურია ამბობდა, რომ აფხაზს, როდესაც პრობლემა ექმნება, ყველაზე უფრო სწრაფად საქართველოში ეხმარებიანო. მისი სიტყვებიდან გამოვიდა, რომ მათ რუსეთი არაფერს აძლევს. რუსეთს თავისი რეგიონებისთვის ვერ მოუვლია და აფხაზეთს რას მისცემს? კრემლს, აფხაზეთი საქართველოს დასაშანტაჟებლად სჭირდება. მათი „დამოუკიდებლობის“ საკითხი ილუზორული ბუშტია, რომელიც უკვე გასკდა. აფხაზურ საზოგადოებაში მწიფდება აზრი, რომ უფრო მეტი ყურადღება ქართულ სახელმწიფოს მიაქციონ.
- ბრიუსელში გაჟღერდა იდეა, რომ სოხუმთან ითანამშრომლონ პრინციპით – “ჩართულობა აღიარების გარეშე”. რაში გამოიხატება ევროპელი ლიდერების ეს წინადადება და რა პერსპექტივა გააჩნია მას?
- ევროპელი ლიდერები ცდილობენ, რომ აფხაზეთის ადგილობრივ მმართველობას გააგებინონ, რომ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარება არ მოხდება და მსოფლიოსთან ურთიერთობას საქართველოს გვერდის ავლით ვერ შესძლებენ. ეს ლიდერები, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელებს ურჩევენ, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის მიმართულებით, უფრო მოქნილები გახდნენ. მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან გამოცხადებულია აფხაზეთს დამოუკიდებლობა, ბევრი პოლიტიკური ლიდერისთვის თუ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლისთვის ძნელია საკუთარ დამოუკიდებლობაზე ერთბაშად უარის თქმა და თბილისში კანონიერ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაწყება. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ შეიძლება პირველ ეტაპზე, აფხაზებთან ისეთი ტიპის ურთიერთობები გახორციელდეს, რომელიც მათი მხრიდან აუცილებლად იმის თქმას, რომ „ჩვენ აღარ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო“ არ ითვალისწინებს, მაგრამ ამავე დროს, იმ ადამიანებისთვის ვტოვებთ ველს, ვინც შექმნილ ვითარებას რეალურად აფასებს.