კრემლმა, ოპოზიციური „ნოვაია გაზეტას“ ანგარიშიდან, ფული გააქრო

  20:45:30     22-02-2012

რუსეთში, ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ხურავენ, სამაგიეროდ ასიათასიანი ტირაჟით პროპუტინისტურ გაზეთებს ბეჭდავენ. რადიოსადგურ „ეხო მოსკვისა“ და ტელეკომპანია „დოჟდისათვის“ პრობლემების შექმნის შემდეგ, კრემლმა ოპოზიციური „ნოვაია გაზეტასთვისაც“ მოიცალა. გამოცემის მეპატრონემ, ბიზნესმენმა  ალექსანდრე ლებედევმა აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან, საიდანაც „ნოვაია გაზეტა“ ფინანსდებოდა, ფული გაქრა. ასეთ პირობებში გამოცემა ორ თვესღა თუ შეძლებს არსებობას. თანამშრომლებმა ანაზღაურების გარეშე მუშაობის შესახებ მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.

სამაგიეროდ, არანაირი პრობლემები არ ექმნება პროპუტინისტურ გამოცემებს, რომლებიც უკვე ანონიმურადაც კი იბეჭდება. მაგალითად, კალუგაში 300 ათასიანი ტირაჟით გამოსცეს გაზეთი - „კარგად ვიცნობთ თუ არა ვლადიმერ პუტინს?“.

გაზეთზე არავინ აწერს ხელს, პუბლიკაციები კი ვლადიმერ პუტინის „აღმშენებლობით საქმიანობას“ შეეხება. უცნობმა გამომცემელმა გაზეთის გავრცელებაზეც იზრუნა და მას კალუგის მაცხოვრებელთა საფოსტო ყუთებში უსასყიდლოდ ტოვებს.

შედარებისთვის, მხარის ყველაზე მთავარი გაზეთის ტირაჟი 8 ათასს არ სცილდება. სავარაუდოდ, ახალ ანონიმურ გაზეთს სხვა რაიონებშიც გაავრცელებენ.

პუტინის რეიტინგზე აქტიურად მუშაობენ პროსახელისუფლო სოციოლოგიური სამსახურები. მათი მონაცემებით პრემიერი პირველ ტურშივე მაღალი რეიტინგით გაპრეზიდენტდება და პუტინის პოპულარობა კვირიდან კვირამდე იზრდება, ასეთი „გარღვევით“ კი შესაძლოა, მისმა რეიტინგმა 4 მარტისათვის 100%-საც კი გადააჭარბოს.

ასე არ ფიქრობენ დამოუკიდებელი კვლევის ცენტრები. მათი მონაცემებით ვლადიმერ პუტინს მეორე ტურში ბრძოლა მოუწევს.